"ნაციონალურ მოძრაობას" უმცირესობაში გადავიყვანთ"


"რაც უფრო შემოგვიტევენ, მით მეტად გაგვაძლიერებენ"

"საქართველოს არავინ მოსთხოვს ვინმესთან დაპირისპირებაში მონაწილეობას"

"ობამასთან სააკაშვილის შეხვედრა დახუნძლული იქნება გზავნილებით, რომლებიც სააკაშვილს გამოაფხიზლებს"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარგა ხანია ცდილობდა შეხვედროდა აშშ-ის პრეზიდენტს. ამჯერად მისი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა - 30 იანვარს ის პრეზიდენტ ობამას შეხვდება. რატომ ისურვა ობამამ სააკაშვილთან პირისპირ საუბარი და რა იქნება დიალოგის მთავარი თემა, ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიასთან: 

- ნიშანდობლივია, რომ ობამასთან სააკაშვილის შეხვედრა საარჩევნო წელს იმართება. ობამას ადმინისტრაცია საჯაროდ ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. შეხვედრაზე საუბარი იქნება დემოკრატიასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, სამხედრო თანამშრომლობაზე, საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ ოჯახსა და ევროატლანტიკურ ორგანიზაციაში. რა თქმა უნდა, ისაუბრებენ საქართველოს პრობლემებზეც, თუ როგორ იქცევიან "ნაციონალური მოძრაობა" და პოლიცია, რომელიც ბოლო დროს უკვე ოპოზიციური პარტიის წევრებისთვის "კალაშნიკოვების" ჩადებაზე გადავიდა; ისაუბრებენ მედიის თავისუფლებაზე, რომ გაძლიერდა ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე და რომ ნაციონალურ მაუწყებლებში (ვგულისხმობ "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს) ერთი პოლიტიკური ტოქშოუც კი არ არის, რომ ოპონენტებს დებატების საშუალება ჰქონდეთ. შეხვედრა დახუნძლული იქნება გზავნილებით, რაც იმედია, სააკაშვილს გამოაფხიზლებს და შეამცირებს იმ სახელისუფლებო ექსტრემიზმს, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. 

- როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მთავარი თემა სააკაშვილი-ობამას საუბრისა, ირან-ამერიკის გართულებული ურთიერთობა და საქართველოს თანადგომის სურვილი იქნება. 
- ირანში საომარი კონფლიქტი არა მარტო საქართველოს, მთელ რეგიონს ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ომი ირანში ნიშნავს, რომ გაიზრდება სიღატაკე, ფასები ნავთობზე, რაც პროდუქციაზე ფასების ზრდას გამოიწვევს. ეს ომი არასტაბილურობას მოუტანს მთელ რეგიონს და დარწმუნებული ვარ, აშშ და საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი მოთამაშეები არ დაუშვებენ ირანთან კონფლიქტის ომამდე მიყვანას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს არავინ მოსთხოვს ვინმესთან დაპირისპირებაში მონაწილეობას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი პოლიტიკა და, პირველ ყოვლისა, უსაფრთხოება.

- როგორც მედვედევმა განაცხადა, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა საქართველოს ნატოში შესვლის ხელის შეშლას ისახავდა მიზნად. რამდენიმე დღის წინ კი პუტინმა ილაპარაკა საქართველოსათვის რუსეთის დარტყმითი სისტემების დამიზნებაზე, თუკი აქ აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა განთავსდება. 
- რუსეთი პირველად არ გვემუქრება. რაც შეეხება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საქართველოში განთავსებას, ასეთი წინადადებით არც მოუმართავს აშშ-ს და არ ვიცი, რატომ იჩქარა პუტინმა ამ განცხადების გაკეთება.  

- 2012 წელი საარჩევნოა რუსეთისა და აშშ-ისთვისაც. გვახსოვს, არჩევნების წინ პუტინმა ომი რომ დაიწყო ჩრდილო კავკასიაში. მაშინ როდესაც აშშ-ში არჩევნებიY იქნება, რუსეთისაგან აგრესიის საფრთხე ხომ არ გაიზრდება? 
- წინასაარჩევნო პერიოდში პუტინის რიტორიკა უფრო გამძაფრდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა: ვერ ვხედავ საფუძველს იმისა, რომ სამხედრო დაპირისპირების საფრთხე გაჩნდეს ჩვენსა და რუსეთს შორის. ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს, მივაღწევთ ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებას და დავიწყებთ ზრუნვას იმაზე, თუ როგორ გავათავისუფლოთ რუსეთის საჯარისო ფორმირებებისგან ქართული ტერიტორიები, რისი შანსიც სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვთ. 

- ამას წინათ ნინო ბურჯანაძემ სააკაშვილის პროექტი გიწოდათ. თქვა, რომ თქვენი წყალობით შეინარჩუნა ხელისუფლება სააკაშვილმა. მუსირებს აზრი, რომ ივანიშვილამდე მისასვლელი გზა თქვენ გადაუკეტეთ ბურჯანაძეს. 
- სააკაშვილისაგან განსხვავებით, არ ვყოფ საზოგადოებას ჩემსა და სხვის მხარდამჭერებად. ჩემთვის ყველა პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერი ჩემი ქვეყნის მოქალაქეა. 
ვისთან გვექნება პოლიტიკური ერთობა, პოლიტიკური გემოვნებისა და ღირებულებების საკითხია და ასეთთა რიცხვში არ შედიან ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია. მისი ბრალდებები სასაცილოდაც არ მყოფნის. არავის აინტერესებს, რაზე მუსაიფობდნენ სააკაშვილი და ბურჯანაძე 5-6 წლის წინ, არც ის მაინტერესებს, რაზე ილაპარაკებენ მომავალში.
ასეთ რამეებზე საფიქრალი და სხვა პარტიის ლიდერების სალანძღავი დრო რატომ აქვს ნინო ბურჯანაძეს, არ ვიცი. 

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შუა უნდა გაიკრიფოსო, მაგრამ თუ სხვა პარტიებიც არ შემოვლენ თქვენს კოალიციაში, არც ორი ბანაკი გაკეთდება და არც შუა გაიკრიფება. კოალიციის მიღმა დარჩენილი პარტიები კი ხმებს წაგართმევენ. 
- ჩვენთან ერთად არიან ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. ჩვენ წინადადებით მივმართეთ "ეროვნულ ფორუმსაც" და იმედია, მისი წევრები მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიას ჩამოაყალიბებს და მერე გამოვაცხადებთ ალიანსს. კოალიციის კარი ჩარაზული არ არის. ხელისუფლების სატელიტებსა და "ნაციონალური მოძრაობის" "გაგრძელებებთან" ერთად კი ბრძოლაში ჩაბმას არ ვაპირებ, რადგან მათგან მხოლოდ ზურგში "დანის ჩარტყმას" ველოდები. დანარჩენებსა და ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილთან ერთად მივდივარ საპარლამენტო არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, "ნაციონალურ მოძრაობას" უმცირესობაში გადავიყვანთ.

- მიუხედავად ამ განცხადებისა, თქვენ გამორიცხეთ ბურჯანაძესთან თანამშრომლობა. 
- ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვის შეხვდება ბიძინა ივანიშვილი და ვის არა. აქედან გამომდინარე, არც არავინ ეპატიჟება ქალბატონ ნინოს, რომ მე დავუხურო კარი. პირიქით, მე ღია კარის მომხრე ვარ. 

- მსმენია, რესპუბლიკელებსა და "თავისუფალ დემოკრატებს" თავი ქუდში აქვთ, თავიანთ კვოტებს არ თმობენ და ამიტომაც არ უნდათ სხვა სუბიექტების შესვლა კოალიციაშიო. 
- რას ნიშნავს, თავი ქუდში აქვთო? ჩემი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ზოგს "კალაშნიკოვებს" რომ უდებენ შინ და ზოგს სამსახურიდან ათავისუფლებენ, თუ ეს არის თავის ქუდში ქონა, იმავეს ვუსურვებ ამის მთქმელსაც. რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ხელისუფლების აგრესიის მთავარი სამიზნე გავხდით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით გვიდგას და სჯერა, რომ სწორედ ამ აგრესიას დავამარცხებთ საპარლამენტო არჩევნებზე. რაც უფრო შემოგვიტევენ, მით მეტად გაგვაძლიერებენ. რწმენას შეგვმატებენ, რომ მართალ საქმეს ვემსახურებით.

ძველით ახალ წელს საჩხერეში ახალგაზრდები სცემეს იმის გამო, რომ მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ეს არავის შეაშინებს. მათ გარდა კიდევ უამრავი მხარდამჭერი გამოჩნდება, სააკაშვილის სისტემა დემორალიზაციას განიცდის, ის მხარდამჭერებს კარგავს. ეს ხალხი მიხვდა, რომ სააკაშვილი წარსულია და თავიანთ მომავალს ახალგამოჩენილ პოლიტიკურ ძალას უკავშირებენ. ამის პარალელურად სააკაშვილმა იცის, რომ არჩევნებს არ გააყალბებინებენ და რეპრესიული მანქანა აამოქმედა. ცხოვრება ბრძოლაა და ღვთის მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებიდან მოცილებით საქართველოს ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეობის შანსი მოგვცა.