"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"პუტინის განცხადება ობამასა და სააკაშვილის 30 იანვრის შეხვედრას უკავშირდება. ეს არის გაფრთხილება იმ მოვლენების წინ, რომელიც შეიძლება განვითარდეს ჩვენს რეგიონში. ვგულისხმობ ირანისა და დასავლეთის, ასევე ირანისა და ისრაელის დაპირისპირებას. თავიდანვე მინდა ვთქვა, - ამერიკა-ირანის დაპირისპირებაში რუსეთი არ ჩაერთვება, მაგრამ თუ დასავლეთმა პრობლემები შეუქმნა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორ ირანს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორებს რეგიონში ასეთივე პრობლემები შეუქმნას", - აცხადებს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ვიმეორებ, საფრთხე არის, რეალური~ / "ქართულ მხარეს აშშ-ისთვის მომზადებული აქვს წინადადებების პაკეტი".
"თაფლაკვერისა და მათრახის პრინციპი მსოფლიო პოლიტიკაში მიღებულია და ჯერ არავის გაუუქმებია, ამიტომაც არის დატანილი რუსეთის საბრძოლო რუკებზე ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი საქართველოს ქალაქები, როგორც სამხედრო დარტყმის ობიექტები და მეორე მხრივ, რუსეთი ქართველ საზოგადოებასთან დალაპარაკების სურვილს გამოთქვამს. სხვათა შორის, სურვილი ნამდვილად აქვს, ოღონდ რუსული პოლიტიკა ყოველთვის გამოყოფს ქართველი საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის ნიშნები აქვს. ვერ ვიტყვი ხელაღებით, რომ იმ ძალებს, რომლებიც იქ ჩადიან, ყველას პრორუსული განწყობა აქვს. ზოგი უბრალოდ პრაგმატულად იქცევა. ასე იყო მუდამ. რუსეთს ურთიერთობა აქვს მხოლოდ იმ ძალებთან, ვისაც მასთან უნდა და ვინც პრაგმატულად უდგება საკითხს, ან ვთქვათ, პატრიოტულად განწყობილია, მაგრამ თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობაც უნდა აღდგეს, თუმცა კი მათ ეჭვის თვალით უყურებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონედნტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
"რაც შეეხება საფრთხეს, რეალურია და მუდმივად იქნება. სანამ არსებობს მეოთხე და მეშვიდე ბაზები სოხუმსა და ცხინვალში, ქართული სახელმწიფოებრიობა ყოველთვის საფრთხეში იქნება, რადგან ეს ძალები ორიენტირებული არიან, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა გაძლიერდეს. აგვისტოში რუსებმა მოახერხეს ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენი საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს - აბსოლუტურად უკონტროლოდ დაეუფლნენ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას, არამედ მთელ ქართულ სივრცეს. ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილს მაშინ ის უხაროდა, რომ ტანკებმა ორჭოსანთან გადაუხვიეს. რუსეთის ჯარები ქართულ სივრცეს დაეპატრონენ მარტივად, მეტიც, რაიონებში თავიანთი კომენდანტები, სხვათა შორის, ზოგან ქართული წარმოშობის რუსი ოფიცრებიც დანიშნეს. სათავისოდ საინტერესო გამოცდილება მიიღეს, ჩვენთვის კი - სამწუხარო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"აქედან გამომდინარე, რუსულ სამხედრო ელიტაში გაჩნდა განწყობა, რომ ამის გამეორება შეიძლება. თბილისი არ არის მთავარი ამოცანა, მთავარია საქართველოს ტერიტორია. მე, მაგალითად, მომავალი შესაძლო სამხედრო დაპირისპირების მიმართულებას ვხედავ არა თბილისის, არამედ ბორჯომ-ბაკურიანის ხეობის მიმართულებით, ანუ ჯავახეთისაკენ თუ რუსმა სამხედრო ხელმძღვანელობამ დაინახა, რომ ირანი მარცხდება, დიდი საფრთხე შეექმნება რუსეთის გავლენას სომხეთში და არ არის გამორიცხული, ამ დერეფნის გაჭრა მოინდომოს. ესე იგი, სამხრეთ ოსეთიდან ბორჯომისკენ, ანუ ჯავახეთისკენ, რათა გიუმრის სამხედრო ბაზის სამხედრო ტვირთებით მომარაგებას ხელი არ შეეშალოს", - ამბობს მამუკა არეშიძე.
"ჩემი ინფორმაციით, საქართველოს არ ექნება განსაკუთრებული როლი ამ დაპირისპირებაში. 30 იანვრის შეხვედრაზე რეგიონულ პრობლემატიკაზე, ირანთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მის მომავალ ვითარებაზე იქნება ლაპარაკი. მაგრამ საქართველო ამ კონფლიქტში დიდ როლს არ ითამაშებს, პირველ დარტყმებს ირანს მეხუთე ფლოტის ავიაცია მიაყენებს. გარდა ამისა, სპარსეთის ყურის ქვეყნებში არის სამხედრო ავიაბაზებიც და ამას რომ თავი დავანებოთ, არის სამხედრო ბაზა თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთი მოვლენების მიღმა არ დარჩება, იმიტომ, რომ მასაც აქვს თავისი ინტერესები ისლამურ სამყაროში, მას უნდა, წინა აზიაში დომინანტი გახდეს. აქედან გამომდინარე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ოპერაციაში რომელიმე ფორმით ჩართვა. საქართველოში, როგორც ვფიქრობ, შეიძლება განთავსდეს ზურგის სამსახური, შეიძლება ეს ჰოსპიტალი და სამხედრო ტვირთების საწყობი იყოს, მაგრამ დაპირისპირების პირველ ეტაპზე სამხედრო დამრტყმელი ძალის აქ განლაგებას არ ველოდები. ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება მოგვიანებით საქართველო ამისთვისაც დასჭირდეთ, თუმცა, ეს მაინც ძალიან დაბალი ალბათობით წარმომიდგენია", - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
"ჩემი ინფორმაციით, დიდი თანხა დაიხარჯა ლობისტური სამსახურებისთვის, რომ ობამასთან შეხვედრა შემდგარიყო, მაგრამ მხოლოდ ლობისტებში დახარჯული ფულით ასეთი დიდი შეხვედრები არ იმართება ხოლმე. ვფიქრობ, ქართულ მხარეს აქვს მომზადებული წინადადებების პაკეტი, რომელშიც, სავარაუდოდ, შედის საკითხები, რომლებიც შეიძლება შედიოდეს ამერიკის ინტერესებში ირანთან მომავალი დაპირისპირების პირობებში. არის ორი საკითხი: ერთი კარგი და ერთი ცუდი საქართველოს ხელისუფლებისთვის - კარგი შეიძლება იყოს იმ პაკეტის განხილვა, რომელსაც სთავაზობს საქართველოს ხელისუფლება, ცუდი კი უეჭველად იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოსთხოვენ არჩევნების ობიექტურად ჩატარებას და დემოკრატიზაციის პროცესისთვის რეალური ფორმის მიცემას და არა ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც ჩვენ ვართ. ეს დაადასტურა კიდეც თეთრი სახლის განცხადებამ", - დასძენს მამუკა არეშიძე.
"სირიიდან რეპატრიანტების მასობრივად ჩამოსახლება არის რუსული პოლიტიკის ნაწილი და აფხაზებს გულზე ნამდვილად არ ეხატებათ. თურქეთში მცხოვრები აფხაზების მიდგომა აფხაზეთისადმი ერთია და სირიაში მცხოვრები აფხაზებისა კი - მეორე: სირიას მართავს ალავიტების მცირერიცხოვანი რელიგიური მიმართულება. მათ დასაყრდენი მრავალრიცხოვან სუნიტურ მოსახლეობაში არა აქვთ, ასადის ხელისუფლება სირიის მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს შეიძლებოდა დაყრდნობოდა, რომელიც არ არის ეროვნებით სირიელი, ასეთები კი სწორედ აფხაზი მუჰაჯირები იყვნენ. სირიაშია რუსეთის სამხედრო ბაზა ტარტუსი. მისი მოსამსახურეების დიდ ნაწილს სწორედ ადგილობრივი აფხაზები შეადგენენ. ასადის ხელისუფლება უკვე ათწლეულებია რუსეთის კლასიკური სატელიტია და ამ ურთიერთობაში რუსეთის ძირითად დასაყრდენ ძალას სწორედ სირიელი აფხაზები შეადგენენ", - განმარტავს პოლიტოლოგი.
"ამდენად, რუსეთისთვის სირიელ აფხაზებთან ურთიერთობა აპრობირებულია და თუ მათ აფხაზეთში გადმოასახლებენ, რუსეთს ბევრად საიმედო დასაყრდენი გაუჩნდება, ვიდრე პატრიოტულად განწყობილი ადგილობრივი აფხაზები არიან. ეს რუსული პოლიტიკის ნაბიჯია, ის არ ენდობა დღევანდელ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებს და დაახლოებით 2000 ოჯახის ჩამოყვანა უნდა სირიიდან. აფხაზებმა ძალიან კარგად იციან ეს. თავიდან წინააღმდეგნი იყვნენ, ახლა კი ცდილობენ, ვითარებას მოერგონ. რუსეთი სარგებლობს იმით, რომ აფხაზებს თავიანთი მუჰაჯირების დაბრუნება უნდათ, მაგრამ საკუთარ კონტინგენტს სთავაზობს, აფხაზებს კი სინამდვილეში არა სირიელი, არამედ თურქეთის მუჰაჯირების დაბრუნება უფრო უნდათ, რადგან ისინი პატრიოტულად არიან განწყობილი. აფხაზები საჯაროდ ვერ იტყვიან, თურქეთის აფხაზები გვირჩევნია სირიის აფხაზებსო და ორ ცეცხლშუა არიან, ვერც თანხმობას ამბობენ და ვერც უარს... ლაკერბაიას განცხადება ერთგვარად ფარ-ხმლის დაყრას ნიშნავს, მაგრამ არა მგონია, რომ ეს პროცესი ისე მარტივად წარიმართოს, როგორც რუსებს წარმოუდგენიათ", - დაასკვნის მამუკა არეშიძე.
813
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85