ზაქარია ქუცნაშვილი -

ზაქარია ქუცნაშვილი - "პატარა კაცები ცდილობენ, დაიმორჩილონ პედაგოგთა მრავალრიცხოვანი კორპუსი"


"შეიძლება შეეგუო იმას, რომ არ გქონდეს მატერიალური შემოსავალი, მაგრამ ღირსების შელახვასთან შეგუება ძნელია", - ამბობს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც დედის, პედაგოგ თალიკო ლაგაზაურის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს, ზაზა გრიგალაშვილს ადანაშაულებს.

- დედაჩემი თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში 28 წლის განმავლობაში ასწავლიდა ისტორიას. მისი გათავისუფლების ბრძანებაში, რომელიც ძლივძლივობით მოვიპოვე, თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ გათავისუფლება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. არადა, ეს რომ დედასთან შეთანხმებით მომხდარიყო, მაშინ უნდა არსებობდეს მისი ხელმოწერილი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. ასეთი რამ კი ბუნებაში არ არსებობს. ამიტომ მათ სასამართლოს ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე შეიტანეს ცვლილება ბრძანებაში და საფუძვლად ჩაუწერეს დირექტორის ბრძანებით გათავისუფლება შრომის კოდექსის 37-ე მუხლის "დ" პუნქტის მიხედვით. ეს არის შრომის კოდექსის ყველაზე უსამართლო მუხლი, რომელიც დამსაქმებელს აძლევს უფლებას, დასაქმებული პირი გაათავისუფლოს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. თუმცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დაჟინებული მოთხოვნით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც, ყველა დამსაქმებელი, ვინც დასაქმებულის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად ამ მუხლს გამოიყენებს, ვალდებულია, თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთოს.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში მითითებულია, რა შემთხვევაში აქვს უფლება სკოლის დირექტორს, შეუწყვიტოს პედაგოგს შრომითი ხელშეკრულება. ეს არის - დისციპლინის დარღვევა, პედაგოგისთვის შეუფერებელი საქციელი და არაკვალიფიციურობა. სკოლის ხელმძღვანელობამ ამ მიზეზთაგან ვერც ერთი ვერ დაასახელა. დედას უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის სტატუსი აქვს. რაღაც ხომ უნდა ეთქვათ და, დირექტორმა მიზეზად საათების ოპტიმიზაცია დაასახელა, თუმცა ისტორიის საათები არც გაუქმებულა და არც შემცირებულა - დედას 18 საათი სხვა პედაგოგებს გადაუნაწილდა.

დედასთან შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 1 დეკემბრამდე იყო დადებული. გარდა ამისა, სკოლის დირექტორი ზაზა გრიგალაშვილი მაინც ვალდებული იყო დაესაბუთებინა, რა გახდა სამსახურიდან დედაჩემის გათავისუფლების მიზეზი. 

- დარწმუნებული ხართ, რომ დედათქვენის სამსახურიდანN გათავისუფლების მიზეზი თქვენი საქმიანობაა?
- სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ვერ იტანს სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებს. 2006 წელს მე დამითხოვეს სამსახურიდან, ორი წლის შემდეგ მამა დააპატიმრეს, ახლა კი დედას შეეხო შევიწროება. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენც გამოვიბრძმედეთ და ასეთი რაღაცები უკვე აღარც მიკვირს და აღარც მაშინებს. მე შეგნებულად ვერიდებოდი დედაჩემის გარშემო წარმოქმნილი პრობლემების გახმაურებას, უკვე მრცხვენია ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობაზე ლაპარაკი. მეორე მხრივ, ალბათ, ქართველმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა. ბოროტება ჩვეულ სტილში განაგრძობს საქმიანობას. 

დედა რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, ბიძინა ივანიშვილის გუნდში ჯერ კიდევ არ ვიყავი მიწვეული. ჩემი ოჯახი ამოიჩემეს, მე ხელს ვერ მკიდებენ და ოჯახის წევრებს მიჩაგრავენ. ვაპირებ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და შესაბამისად, ვითხოვ დარღვეული უფლებების აღდგენას. შეიძლება ადამიანი შეეგუო იმას, რომ არ გქონდეს მატერიალური შემოსავალი, მაგრამ ღირსების შელახვასთან შეგუება ძნელია. ჩემს მშობლებს კარგის მეტი არაფერი გაუკეთებიათ საზოგადოებისთვის. პედაგოგების არასაიმედოობის ნიშნით ამორჩევამ და მათმა გათავისუფლებამ მასობრივი ხასიათი მიიღო 2011 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლები ასრულებენ საარჩევნო უბნების ფუნქციას. სკოლიდან იშორებენ თავისუფლად მოაზროვნე პედაგოგებს, რომლებიც მოსწავლეებს უნერგავენ დემოკრატიულ ღირებულებებს და არა ხელისუფლებისადმი მორჩილებას. ისინი საარჩევნო უბნებს ათავისუფლებენ არასაიმედო ელემენტებისაგან, მეორე მხრივ, მაღალკვალიფიციური პედაგოგები ჩამოაშორეს იმ კონტინგენტს, რომელიც 2012-2013 წლებში იქნება ამომრჩეველი. დღეს პატარა კაცები ცდილობენ, დაიმორჩილონ პედაგოგთა მრავალრიცხოვანი კორპუსი. 

- დედათქვენი სკოლაში განსხვავებულ პოლიტიკურ თვალსაზრისს თუ გამოხატავდა?
- დედა ისტორიას ასწავლიდა. ისტორიის მასწავლებელს მოეთხოვება ერთი მხრივ, ბავშვებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, მეორე მხრივ, სამშობლოს სიყვარულის სწავლება - გმირობის, ლაჩრობის, სიმართლის თუ უსამართლობის მაგალითების მოყვანა. ეს მისი პროფესიული მოვალეობაა, ისტორიას ვერავინ შეცვლის. ავტორიტარულ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, სჭირდება არა ჭეშმარიტი ისტორიის მასწავლებლები, არამედ მეხოტბეები, რათა მათი მარცხი და ლაჩრობა გამარჯვებად და გმირობად იქნეს მიჩნეული. დედა არავის მეხოტბე არ ყოფილა, კრიტიკულად არის განწყობილი ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ და ამას არც მალავდა, თუმცა იგი გაკვეთილებზე ამ თემაზე საუბარს ერიდებოდა იმიტომ, რომ არ დაერღვია პროფესიული ეთიკის სტანდარტები. 


P.S. დავუკავშირდით თბილისის # 1 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორს, ბატონ ზაზა გრიგალაშვილს და პედაგოგი ქალბატონის გათავისუფლების მოტივებზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს საქმე სასამართლოშია, მისი პირველი ეტაპი დასრულებულია და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვიდრე ის არ დასრულდება. მისი საქმეა, რა განცხადებას გააკეთებს, მაგრამ რამდენიმე პიროვნება გათავისუფლდა და...

- რატომ, რა მიზეზით?
- არ მინდა კომენტარის გაკეთება, არ გეწყინოთ, ნახვამდის.