"თუ თქვენ გაინტერესებთ კონკრეტული ციფრი, რამდენად მოხდა ჩემ მიერ ამ წილის შეძენა, სამწუხაროდ, ვერ დავაკმაყოფილებთ თქვენს ცნობისმოყვარეობას, რადგან არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას, რომ ამაზე ვისაუბრო", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" ხელმძღვანელი და ტელე და რადიო კომპანია "იმედის" 45%-ის მფლობელი გიორგი არველაძე. არველაძე საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს იმ ციფრს, რაც "იმედის" წილის შეძენაში გადაიხადა.
ამბობს, რომ 45%-იანი წილის ნაწილი 3-წლიანი წარმატებული მუშაობისთვის მიიღო, ნაწილი კი იყიდა, მაგრამ რამდენადაც ეს მისთვის კომერციული საიდუმლოა, კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს. ამასთან, არველაძე არ აკონკრეტებს, თუ ვისგან იყიდა "იმედის" წილი, თუმცა, "რეზონანსის" მცდელობის შემდეგ გაირკვა, რომ "რაკ ჯორჯიას" უკან, რომელიც აქამდე იყო "იმედის" მფლობელი, აქამდეც იდგნენ კომპანიის ამჟამინდელი 15%-ის მესაკუთრე გიორგი მიქელაძე და 35% მესაკუთრე გიორგი კორახაშვილი. თუმცა, არველაძის ინფორმაციით, "რაკ ჯორჯიას" უკან სხვა ადამიანებიც იდგნენ, მაგრამ ვინ, ამას არ ამბობ."იმედთან" დაკავშირებულ ყველა შეკითხვაზე "რეზონანსი" პასუხის მიღებას არხის მმართველისა და ახლა უკვე 45% მესაკუთრისგან შეეცადა. მიუხედავად იმისა, რომ არველაძე არხის უკან ხელისუფლების ინტერესების არსებობას უარყოფს, გვეთანხმება, რომ "იმედში" ბალანსის პრობლემაა და რომ ხელისუფლებაზე კრიტიკული ინფორმაცია ნაკლებად ან თითქმის არ გადის.
აქვე არველაძე აღიარებს, რომ მის არხს საინფორმაციო გამოშვებაში სარედაქციო პოლიტიკაში პოზიცია აქვს და ყველა, ვინც რუსეთთან ისაუბრებს, აუცილებლად მკაცრად იქნება გაკრიტიკებული.
არველაძემ ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია იმედის სარეკლამო შემოსავლების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ტელევიზიამ რეკლამის სახით 33,263,801 მილიონი მიიღო, თუმცა მას კიდევ 12, 883,867 მილიონი ვალი აქვს. არხის მფლობელი და მმართველი ამბობს, რომ მისი არხი დღეს წამგებიანი ბიზნესია, თუმცა იმედი აქვს, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება.
მიიჩნევს თუ არა "იმედს" ხელისუფლების მხარდამჭერ არხად, ახდენს თუ არა მისი პირადი პოლიტიკური სიმპათია საინფორმაციო გამოშვებებზე გავლენას? საიდან იშოვა 5 წელიწადში ტელევიზიის შესაძენი თანხა? რა ურთიერთობა აქვს დღეს არველაძეს პრეზიდენტთან? ასპონსორებენ თუ არა "იმედის გადაცემებს" სამთავრობო უწყებები? რატომ ჰგავს გაჭრილი ვაშლივით "იმედის", "რუსთავი 2-"ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები და უგეგმავენ თუ არა მათ საინფორმაციო გამოშვებებს მთავრობაში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "რეზონანსი" გიორგი არველაძეს ესაუბრა.
- მას შემდეგ, რაც შესაბამისობის დეკლარაცია გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ იმედის 45% მფლობელი ხართ, გაჩნდა კითხვა, ვისგან იყიდეთ ეს 45%, რამდენად და საიდან გაქვთ "იმედის" 45% შესაძენი თანხა, რაც მილიონებთანაა დაკავშირებული?
- ბუნებრივია, რომ ეს კითხვა გაჩნდებოდა. ცოტა თავიდან უნდა დავიწყო. მაშინ, როცა მე ამ კომპანიაში მოვედი, აქ კატასტროფული მდგომარეობა იყო, პრაქტიკულად განწირული იყო კომპანია გაკოტრებისთვის. მახსოვს, მაშინ თქვენ ერთ-ერთი ჟურნალისტი იყავით, ვინც მირეკავდით და ამ თემებს არკვევდით. ჩემი მიზანი იყო, კომპანია ამ მძიმე მდგომარეობიდან გამომეყვანა და გადამექცია ბიზნესად, როგორც უნდა იყოს წესით, ეს იყო ამბიცია და გამოწვევა. გადავამოწმეთ, შეძლებდა თუ არა ეს ტელევიზია თავისი თავის შენახვას, რადგან მანამდე ეს ტელევიზია არ იყო ბიზნესი და მომგებიანი საქმე.
ეს იყო ტელეკომპანია, რომელიც შეიქმნა ვიღაცის კონკრეტული მიზნების გასატარებლად და სარგებლობდა რაღაც ფინანსებით. ჩვენ დავისახეთ მიზანი და ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იყო ძალიან ბევრ მძიმე გადაწყვეტილებასთან, რომლის მიღებაც მოგვიწია. პირობა ჩემი მენეჯმენტ კონტრაქტისა თავიდანვე უკავშირდებოდა წილს, თავიდანვე ჩადებული იყო ეს საკითხი ჩემსა და "რაკ ჯორჯიას" კონტრაქტში, რომ კომპანიის განვითარებისა და ვალებიდან ამოსვლის შემთხვევაში მე წილობრივი ინტერესი მექნებოდა.
ახლა გადავალ კონკრეტულ ციფრებზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა. მე ვარ უკვე ამ კომპანიის 45% მფლობელი. 2009 წელს, როცა მე მოვედი, ჩვენი შემოსავლების ჯამი იყო 13,776,911 მილიონი, ხარჯი კი - 23,813,563 მილიონი. ვალები იყო 42,682,861 მილიონი, ანუ კომპანიას 2009 წელს თითქმის 43 მილიონის ვალი ჰქონდა. 2011 წლის მდგომარეობით კი სარეკლამო შემოსავლები არის 33,262,801 მილიონი, ხარჯი ისევ 24,329,038 მილიონი და დავალიანება, რომელიც იყო 43 მილიონამდე, ჩამოვიდა 12,883,867 მილიონზე, ანუ სამ წელიწადში თითქმის 30 მილიონით, უფრო ზუსტად კი 29,798,994 მილიონით შევამცირეთ ვალები. ამის პარალელურად ჩვენი რეიტინგი თუ იყო 17%, ახლა არის 31% და, შესაბამისად, გვაქვს დიდი სარეკლამო შემოსავლები, როგორც ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას.
- ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ ამ საქმიანობისა და ტელეკომპანიისთვის ვალის შემცირებისთვის მიიღეთ ჯილდოდ ტელევიზიის 45%?
- დიდი ნაწილი ჩემი დღევანდელი წილისა დაფუძნებული იყო ამ მონაცემებზე და იმაზე, რომ 30 მილიონით შევამცირე ტელევიზიის ვალები. "იმედი" დღეს არის ეს კომპანია, რომელსაც აქვს კონკრეტული პერსპექტივა. ჯერჯერობით ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მომგებიანი კომპანია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვაქვს კიდევ 12 მილიონი ვალი, მიმდინარე ხარჯები და ტექნიკურად ყველაზე ჩამორჩენილები ვართ და ძველი აპარატურა გვაქვს. ვიცით, რომ როგორც კი ფული გვექნება, ტექნიკური განახლება უნდა მოხდეს. ჯერჯერობით მომგებიანი ორგანიზაცია არ ვართ, მაგრამ ვართ კომპანია, რომელსაც ფასეულობა გააჩნია და ვართ ბიზნესი. ეს თუ შეგიძლიათ, გადათარგმნოთ ღირებულებაში, კი, ბატონო, ძალიან დიდი ღირებულებაა იმისა, რაც ჩვენ შევქმენით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ყველაფერი. აქვე მაქვს "რაკ ჯორჯია" ჰოლდინგის განცხადება, სადაც წერია პირდაპირ, რომ 45% ეკუთვნის გიორგი არველაძეს, რომელსაც წილის ნაწილი გადაეცა წარმატებული საქმიანობისთვის, რადგან მან ტელე და რადიო იმედი გამოიყვანა მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან. აღნიშნული წინასწარ იყო სათანადოდ დათქმული და, შესაბამისად, წილის გასხვისებისას ჩვენ მიერ იქნა შესრულებული ეს დათქმა".
- ანუ, თანხა გიორგი არველაძეს ამ 45% არ გადაუხდია?
- ამავე განცხადებაში არის ასევე საუბარი, რომ მოხდა წილის ნაწილის შეძენა. რაც შეეხება წილის შეძენას, ბიზნესში ყველაზე მარტივი გაგებაა, საიდანღაც აიღო ადამიანმა ფული, მოიტანა და იყიდა ბიზნესი, თუმცა, ძალიან ბევრი სხვა ფორმაც არსებობს წილის შეძენის, მათ შორის არსებობს გრძელვადიანი მოდელი ანგარიშსწორების, მათ შორის არსებობს წილიდან წილის დაფარვის მოდელი, ეს არის უკვე ის დეტალები, რომელიც აბსოლუტურად კომერციული და კონფიდენციალურია. თუ თქვენ გაინტერესებთ კონკრეტული ციფრი, რამდენად მოხდა ჩემ მიერ ამ წილის შეძენა, სამწუხაროდ, ვერ დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარეობას, რადგან არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას, რომ ამაზე ვისაუბრო.
- პარლამენტმა მედიის შესახებ კანონპროექტიდან სწორედ ეს ნაწილი ამოიღო და არ დაამტკიცა, რომელიც თქვენ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას მოგთხოვდათ... არ ფიქრობთ, რომ როდესაც ამ ციფრებს არ ასაჯაროებთ, მუდმივად მოგიწევთ თავის მართლება იმაზე, რომ თუნდაც ხელისუფლებიდან არ მიგიღიათ ეს ფული კარგად გაკეთებული საინფორმაციო კამპანიისთვის, რომ ერთგვარი ჯილდო არ იყო ეს 45%, 3 წელი "იმედში" გაკეთებული საქმისთვის?
- რამდენი კონსპირაციის თემა შეიძლება არსებობდეს, ეს ვერ იქნება ჩემთვის მთავარი პრობლემა. კონსპირაციის თეორიის მომხრეები იყვნენ ყოველთვის და იქნებიან. ისინი ყოველთვის რაღაც სცენარებს დაასახელებენ.
- როგორც ტელევიზიის ვალებზე საუბრობთ ღიად და კონკრეტულ ციფრებს მეუბნებით, ხომ შეიძლება, რომ ასევე ღია იყოს ის, თუ რა გადაიხადეთ "იმედში". თქვენ წლების განმავლობაში იყავით ამ ხელისუფლების ნაწილი, ეკონომიკის მინისტრი, შესაბამისად, თქვენი დეკლარაცია იყო ღია და ჩვენ ვიცით, რომ არ იყავით მილიონერი 2007 წელს. შესაბამისად, გაჩნდა ეს კითხვები, "იმედის" ფასი მაშინ, როცა ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა ეს ტელევიზია, 100-150 მილიონი იყო. მას, ბუნებრივია, ბიზნესის გარდა ჰქონდა პოლიტიკური ფასი. ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ რკინიგზას სთავაზობდნენ პატარკაციშვილს "იმედის" სანაცვლოდ 2007 წლის 7 ნოემბრამდე. ამიტომ კითხვა, საიდან გიორგი არველაძეს "იმედის" შესაძენი რამდენიმე მილიონი, როცა ის იყო რიგითი ჩინოვნიკი, შემდეგ რაღაც პერიოდი ეკონომიკის მინისტრი და, წესით, ცხოვრობდა ხელფასზე, დამეთანხებით, ძალიან ლეგიტიმური კითხვაა. ამიტომად გთხოვთ ციფრების დაკონკრეტებას, თუ რამდენად იყიდეთ ტელევიზიის წილი?
- ჩემი დეკლარაცია ღია იყო ყოველთვის, ვიდრე მე მთავრობის წევრი ვიყავი და, რაც იქ ეწერა, ის სიმართლე იყო. რაც შეეხება მთავრობაში ჩემს ყოფნას, 2007 წლიდან ბევრი წელი გავიდა და 2012 წელია დღეს. ჩემი წარსული ბიოგრაფია მე მეამაყება. ის კაპიტალი, რომელიც მე დავაგროვე მთავრობაში, ეს გამოცდილება და რეპუტაცია იყო, ამ წლებში ამის რეალიზება როგორ მოვახდინე, ეს ჩემი საქმეა.
- მოახერხეთ, რომ მას შემდეგ, რაც წამოხვედით მთავრობიდან და ხართ კერძო პირი, 5 წელიწადში მოგეგროვებინათ იმხელა ფინანსრული რესურსი, რომ ტელეკომპანიის წილის შეგეძინათ?
- სასაცილოა ამაზე საუბარი..
- ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი სვამს ამ კითხვას და თქვენც დამეთანხმეთ, რომ ეს ლეგიტიმური კითხვაა, ტელევიზიას, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის #1 და ობიექტურია, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს..
- გეთანხმებით. რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, მას შემდეგ, რაც მე აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მე ვარ საკონსულტაციო საქმიანობით დაკავებული, მათ შორის პოლიტიკური კონსულტაციებით. კონტრაქტები მქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, მქონდა მოლდავეთში საკონსულტაციო კონტრაქტი, უკრაინაში, ესტონეთში და ა.შ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელი პერიოდი მქონდა, თუმცა ეს არ არის ის თემა, რომელზეც მივიჩნევ, რომ საჯარო განცხადებები უნდა ვაკეთო, თუ თქვენ გგონიათ, რომ ის ციფრი, რაც თქვით, არის ამ კომპანიის ფასი, ძალიან ცდებით.
- სწორედ ამიტომ გისვამთ ამ კითხვას. ჩვენ თუ ვცდებით, თქვენ გვითხარით, რა ღირს დღეს "იმედი", რამდენი გადაიხადეთ არ ამბობთ, მაგრამ ზოგადად რა ღირს "იმედის" 100%, ხომ იცით და გვითხარით..
- არ მინდა, დღეს ეს კომპანია შევაფასო, რადგან მე ვარ ამის მფლობელი, მაგრამ კომპანია, რომელსაც ჯერ დიდი დავალიანება აქვს და არ აქვს სტაბილური მდგომარეობა, ძნელი შესაფასებელია. როცა ვალი აღარ მექნება და სტაბილური სიტუაცია იქნება, მაშინ მირჩევნია, შევაფასო.
- მაგრამ დღესაც ხომ აქვს რაღაც ფასი?
- მირჩევნია, როგორც მის მფლობელს, რაც შეიძლება მეტი ჰქონდეს, მაგრამ როცა კომპანიას ჯერ კიდევ ვალები აქვს, როგორი ფასი უნდა ჰქონდეს, თავად განსაჯეთ. ჩემი ინტერესი არის, რომ "იმედი" იყოს ძალიან მაღალი ფასის კომპანია. მე ამ თანხას, რაც გადავიხადე, არ ვასახელებ იმიტომ, რომ კონფიდენციალურობა და რაღაც ეთიკა არსებობს და არა იმიტომ, რომ რაღაცას ვმალავ.
- ტელევიზია, რომელიც, როგორც ამბობთ, მილიონებიან ვალებშია, როგორ არსებობს, ვინ ფარავს ამ ვალებს?
- ჩვენთ თვითონ, ტელეკომპანიის შემოსავლებით.
- 12 მილიონი კიდევ ვალი გაქვთ, როგორც მითხარით..
- ვალი 43 მილიონი იყო და 12 ჩამოვედით და ეტაპობრივად ხდება ამ ვალის დაფარვა.
- და მხოლოდ რეკლამიდან შემოსული თანხებით ხდება ეს? სხვა დახმარებას არ იღებთ?
- არა, აბსოლუტურად არა. 33 მილიონი იყო 2011 წელს ჩვენი სარეკლამო წლიური შემოსავალი.
- ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება როცა გაფორმდა, მაშინ, როცა 45% მფლობელი გახდით, ვისთან დადეთ ეს ხელშეკრულება, ვინ აწერს მეორე მხრიდან ამ დოკუმენტზე ხელს? ეს საინტერესოა იმიტომ, რომ "იმედი" აქამდე ეკუთვნოდა კომპანია "რაკ ჯორჯიას" და ამბობდნენ, რომ ეს იყო არაბული კომპანიიის "რაკიინის" შვილობილი კომპანია, მაგრამ გამოვიდა "რაკიინის" სათაო ოფისის წარმომადგენელი და განმარტა, რომ საქართველოში არავითარი შვილობილი კომპანია არ ჰყავდა, მით უმეტეს, კავშირი არ ჰქონდა "რაკ ჯორჯიასთან" და არ შეუძენია ტელეკომპანია "იმედი", შესაბამისად, ვინ არის "რაკ ჯორჯია" და ვისგან იყიდეთ "იმედი"?
- რაც შეეხება იმ განცხადებას, არასწორად იყო დასმული კითხვა არასწორი ადრესატისათვის, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ძალიან დიდ კორპორატიულ მანქანაზე, რომელსაც ჰყავს უამრავი შვილობილი კომპანიები და სადღაც რომელიღაცა სათაო ოფისის პრესმდივანს რომ ჰკითხავ, იყიდე თუ არა "იმედიო", ბუნებრივია, გეტყვის არას. ეს კომპანია, რომლისგანაც მე ვიყიდე "იმედი", არის "რაკ ჯორჯია". მთელი არსი, რატომაც იქნა მიღებული ეს მედიის შესახებ კანონი, არის ის, რომ კომპანია კი არ უნდა ჩანდეს, უნდა ჩანდეს კონკრეტული ადამიანი, აქამდე კანონით იყო, რომ კომპანია შეიძლებოდა გამოჩენილიყო.
- ხოდა, აქამდე რომ დახურული ინფორმაცია იყო, ამიტომაც გეკითხებით, ვინ არიან?
- მე რატომ უნდა გითხრათ? არ ვარ უფლებამოსილი, ეს ინფორმაცია გავახმაურო, რაც აქამდე არ იყო გახსნილი და არავინ არ ავალდებულებდა იმ ხალხს ამის თქმას.
- დაავალდებულეს თუ არა, მაშინვე მოხდა კერძო პირებზე გადაფორმება და ამიტომაცაა საინტერესო ეს თემა..
- თუმცა, აქვე მათსავე განცხადებაში, რომელიც გადმოგეცით, წერია, რომ წილის დანარჩენი ნაწილი გამოსყიდული იქნა მათივე პარტნიორების- გიორგი მიქელაძისა და გიორგი კოროხაშვილის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები მანამდეც მონაწილეობდნენ "რაკ ჯორჯიას" მართვაში. იმაზე მეტის გაცხადებას, რაც კომპანიამ გააკეთა, მე რატომ მთხოვთ? ზოგადად მივესალმები ამ კანონმდებლობას, რომელიც ავალდებულებს ყველას, რომ იყოს გახსნილი ინფორმაცია მფლობელების შესახებ.
- უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ამ კანონში სრულად ყოფილიყო გათვალისწინებული ის, რაც ეწერა კანონპროექტში, ანუ მომხდარიყო არა მხოლოდ შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნება, არამედ იმისიც, რასაც მე თქვენ გეკითხებით, საიდან ფული, რომლითაც შეიძენ ტელევიზიას, ფულის წარმომავლობაც ყოფილიყო გამჭვირვალე, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი, რომელიც წლებია, ცხოვრობს ჩველებრივად 2-ოთახიან ბინაში, არ აქვს ბიზნესი, უცებ ხდება ტელევიზიის მფლობელი. ეს ბადებს ბევრ შეკითხვას, ამიტომ ხომ არ სჯობს, რომ პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც ფულის წარმომავლობის გამჭვირვალობასაც დაავალდებულებს მფლობელებს და მთლიანად ღია გახდება ეს თემა?
- როცა კონკრეტული ადამიანი ცნობილია, ძალიან მარტივია, გაიგო, ვინ დგას მის უკან. აქამდე მთავარი კითხვა იყო, ვინ, ვინ, ვინ? ახლა თქვენ მთავაზობთ, რომ როგორ და საიდან.
- არა, ვინაობასთან ერთად დაისმოდა კითხვა, საიდან ფული და როგორ და ეს კანონპროექტში ეწერა გარკვევით..
- მასე შეიძლება, კითხვები მუდმივად ისმებოდეს და კანონს ვერ მოვთხოვთ, რომ ყველა კითხვას გასცე პასუხი. ძალიან მინდა, რომ მალე მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც ტელევიზია ისევე, როგორც ყველა სხვა მედიის მიმართულება, არ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური ელემენტი და იქნება განხილული, როგორც ბიზნესი. ჩემი ამოცანა აქ მოსვლის პირველივე დღიდან ეს იყო.
ბიზნესის საქმიანობა რეგულირდება გარკვეული კანონით, თუ რამე დარღვევა არსებობს და ეჭვები, ძალიან ბევრი სახის გამოძიების მექანიზმი არსებობს. მანამდე მიმაჩნია, რომ არ უნდა დავამახინჯოთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის მედია. მაშინ მუდმივად მედია იქნება პოლიტიკის ნაწილი და მე არ მინდა, რომ ეს ასე იყოს.
- აუდიტი თუ ჩატარდა "იმედში", ვიდრე წილების გადანაწილება მოხდებოდა?
- როგორ არა.
- და რა დასკვნა დაიდო?
- ეს რაში გაინტერესებთ?
- ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, კომპანიებში ტარდება აუდიტი და შემდეგ დასკვნა იდება და ეს შედეგები არის საინტერესო სურათის სანახავად..
- მომავალ წელს, რომ ჩატარდება მსგავსი აუდიტი ან იმის იქეთ, მე ვიქნები უფლებამოსილი, ვისაუბრო ამაზე ან არ ვისაუბრო. აუდიტის ჩატარებისას წელს მე არ ვიყავი მესაკუთრე და არ ვარ უფლებამოსილი, ამაზე ვისაუბრო. ეს ციფრებია ძირითადი, რაც მე გაჩვენეთ.
- რეკლამის ნაწილში მინდა, გკითხოთ, "ნაციონალური მოძრაობიდან" რა წილი მოდის რეკლამში "იმედზე"?
- ახლა არც ერთი რეკლამა არ გვაქვს, რამდენადაც ვიცი. რეკლამები ძირითადად თავსდება საარჩევნო პერიოდში და ეს არის ჩვენთვის დამატებითი შემოსავალი.
- დღეს "იმედზე" თუ არის გადაცემა, რომელსაც ასპონსორებს რომელიმე სამთავრობო უწყება?
- გადაცემა "ფორმაში" გადიოდა ჩვენთან, რომელშიც თავდაცვის სამინისტრო გარკვეული დოზით, ძალიან ცოტათი მონაწილეობდა. მაგრამ, აქ მთავარი იყო ის, რომ აქ იყო კომპანია, რომელმაც გააკეთა ეს რეალითი და პროდაქშენში მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტრო. ეს არ ნიშნავს "იმედში" მოტანილ თანხას. უბრალოდ, ჩვენ დაგვეზოგა თანხა პროდაქშენზე, თორემ ცალკე კომპანია იყო ბენეფიციარი, რომელმაც პროდაქშენზე დახარჯა ფული, უშუალოდ იმედს არ მიუღია ფული თავდაცვის სამინისტროსგან.
- რამდენით მონაწილეობდა თავდაცვის სამინისტრო ამ პროექტში?
- ძალიან ბევრ ციფრებს მთხოვთ..
- მაშინ ის მაინც მითხარით, თანხის რამდენი პროცენტი გაიღო?
- ალბათ, სადღაც 90%, ოღონდ, ეს არ იყო დიდბიუჯეტიანი პროექტი.
- სხვა გადაცემებში?
- აი, ფლეშმობში, მოგეხსენებათ, უნივერსიტეტები მონაწილებდნენ და თავად დებდნენ ფულს უნივერსიტეტები, დაახლოებით 10 ათას ლარს, ოღონდ აქ იყო კერძო უნივერსიტეტებიც, ასევე მცირე თანხა იყო, როგორც წარმომადგენლისა, განათლების სამინისტროდან და გადაცემაზეც ეწერა, რომ განათლების სამინისტრო და ტელეიმედი წარმოგიდგენდათ ამ გადაცემას.
- პოლიტიკურ ნაწილსაც მინდა შევეხოთ, თქვით, რომ გინდათ, მედია პოლიტიკისგან თავისუფალი იყოს, მაგრამ დღეს ასე არ არის. თქვენ იყავით ამ ხელისუფლების წარმომადგენელი და 2009 წელს, როდესაც მოხვედით "იმედში", მას შემდეგ საუბრობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომ თქვენ ხელისუფლებამ დაგნიშნათ "იმედში" საკუთარი ინტერესების გასატარებლად..
- 2009 წელს 2 წლის წამოსული ვიყავი მთავრობიდან.
- თუმცა, დაახლოებულ პირად რჩებოდით...
- ხელისუფლებასთან დაახლოებული პირიც ძალიან ზოგადი ცნებაა, ყველა, ვინც ოდესღაც ხელისუფლებაში იყო, დაახლოებულია? მე ვარ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.
- კითხვა ასეთია, მიიჩნევთ თუ არა "იმედს" ხელისუფლების მხარდამჭერ არხად? ძალიან ხშირად გამოხატავთ პოლიტიკურ სიმპათიას იგივე სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" და ა. შ შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება თუ არა "იმედის" საინფორმაციო გამოშვებებზე?
- "იმედი" არის საქართველოს მხარდამჭერი არხი. თუ გაინტერესებთ, გვაქვს თუ არა სარედაქციო პოლიტიკა, დავუშვათ, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის რუსეთთან ქართული ოპოზიციის თანამშრომლობა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ, რა თქმა უნდა, გვაქვს, თან დიდი ძახილის ნიშნით და ამას არ დავმალავთ არსად. ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსთან მიმართებაში, რომელიც წავა და გაურიგდება იმ ქვეყანას, რომელიც არის ჩვენი ოკუპანტი და დაიწყებს მისი კურსის გატარებას, ძალიან მკვეთრი იქნება ჩვენი პოზიცია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
- მათ შორის - საინფორმაციო გამოშვებებში?
- ვის როგორ ესმის მედია... ჩვენ დღეს, როცა საქართველო ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე და ფაქტობრივად გზაგასაყარზეა, ან წავალთ წინ, ან დავბრუნდებით უკან... ჩვენ არ ვართ ბელგია, რომელსაც არანაირი ეგზისტენციალური პრობლემა არ გააჩნია და იქ მედიის ფუნქცია არის ის, რომ გამტარი იყოს ფაქტების. ნეტა, ეგრე იყოს აქაც, მაგრამ ჩვენ ვართ ძალიან დიდი ეგზისტენციალური პრობლემების წინაშე და აქედან გამომდინარე ვერ შეგპირდებით, რომ ჩვენ არ გვექნება ჩამოყალიბებული სარედაქციო პოლიტიკა. ჩვენ გვინდა, საქართველოში ვიხილოთ ძალიან ცხარე პოლიტიკური დისკუსია, ბევრი პოლიტიკური მოთამაშე და ამას ყოველთვის მივესალმებით. ამ კუთხით მნიშნელოვანია, რომ ვიყოთ მიუკერძოებლები. თუმცა, როცა ბრუნდებიან ქურდულ გაგებაში, ან არიან ქსენოფობები, როცა თმობენ პოზიციებს რუსეთთან მიმართებაში, თუ ამ ძირითად პრინციპებს ვინმე დაარღვევს, ჩვენ მათ მიმართ ვიქნებით კრიტიკულები. თუ გაინტერესებთ, სად დგას "იმედი", აი, აქ ვდგავართ ანუ იქ, სადაც საქართველოს უკეთესი მომავალია.
- ანუ, თქვენ პოზიცია გაქვთ სარედაქციო პოლიტიკაში და ამას არც მალავთ?
- ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია და არა პოლიტიკური. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რომელიღაც კონკრეტული პარტიის პოზიცია გაგვაჩნია.
- თუმცა, ეს პოზიცია ემთხვევა მმართველი პარტიის პოზიციას..
- ვის პოზიციასაც დაემთხვევა, იმისას დაემთხვევა, ჩვენთვის მნიშნელოვანია ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია პოზიცია და ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვის პატრიოტული პოზიცია. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ვერც ერთმა პოლიტიკოსმა თვალი ვერ აუხვიოს ხალხს და ვერ მოატყუოს ხალხი.
- ამის პარალალურად "იმედში" ძალიან ნაკლებად არის ხელისუფლების კრიტიკა, არ შუქდება სოციალური თემები. როგორ ფიქრობთ, არ აქვს დღეს ხელისუფლებას გასაკრიტიკებელი? ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებენ? 90%-ით ხდება ოპოზიციის კრიტიკა და 10%-ით ხელისუფლების, რომლის ხელშია ყველა ბერკეტი..
- აქ მთავარია, არის თუ არა წარმოდგენილი კრიტიკული აზრი. თქვენ რას მეკითხებით, ტელევიზია აკრიტიკებს თუ არა ხელისუფლებას და თუ არის წარმოდგენილი ჩვენთან მათ მიმართ კრიტიკული აზრის მქონე ადამიანი?
- საინფორმაციო გამოშვებებში, ნაკლებია ან საერთოდ არ არის ხელისუფლების კრიტიკა და ამას ვგულისხმობ..
- რაც შეეხება იმას, რომ პლურალიზმი არის უზრუნველყოფილი და არ არსებობს სერიოზული კრიტიკოსი, გინდაც ხელისუფლების და გინდაც კონკრეტული საკითხის, და ის, რომ ასეთ ადამიანები ვერ მოხვდნენ ჩვენს არხზე, ასეთი რამ არ ხდება. ახლა რამდენად უნდა იყოს კრიტიკული ჟურნალისტი ან ტელევიზია ამა თუ იმ ჯგუფის, მათ შორის - ხელისუფლების მიმართ, არ ვიცი. ჩვენთვის მთავარია, რომ ბალანსი იყოს დაცული. როცა ბალანსი არ არის დაცული, ჩვენ ვიზიარებთ შენიშვნას. მე არ განვსაზღვრავ საინფორმაციო პოლიტიკას, მაგრამ როცა ვხედავ, რომ ბალანსი არ არის, ვეუბნები ხოლმე შენიშვნას, რომ საჭიროა უფრო მეტი ბალანსი.
- მაგალითად, როდესაც საინფორმაციოში პირველი რამდენიმე ამბავი არის ის, რომ პრეზიდენტმა ეს გახსნა, პრეზიდენტმა ის გახსნა, კი, ბატონო, ესეც უნდა გაშუქდეს, მაგრამ ამ დროს ქვეყანაში არის უამრავი პრობლემა და ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამაში დამეთანხმებით, ალბათ. აი, ეს არსებული პრობლემები არ შუქდება და ტელევიზიის, მედიის ფუნქცია არ არის ეს, რომ აჩვენოს ხელისუფალს, სად აქვს პრობლემა და რა აქვს გასაკეთებელი? ეს არის ნაკლებად "იმედში"..
- გეთანხმებით, რომ ეს არის, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ პრობლემებზეც ვსაუბრობთ. მაგრამ იმას, რომ ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, მედიას ნუ დააბრალებთ. ეს ხელისუფლების კარგი მუშაობის შედეგია. როგორც არ უნდა იაქტიურო, თუ არაფერს აკეთებ, ვერაფერს ვერ შექმნი. ძალიან ბევრი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა, ერთი თვის განმავლობაში 30 საავადმყოფო გახსნას, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. ამ დროს, როცა 100 ახალი საავადმყოფო იხსნება ქვეყანაში და პრეზიდენტს აქვს ენერგია, რომ ყველგან ჩავიდეს და გახსნას, როდესაც ეს ხდება ასეთი დოზით, რა თქმა უნდა, ამას მიაქვს ძალიან დიდი ყურადღება. მანახეთ ოპოზიციური პოლიტიკოსების აქტიურობა. ძალიან ჩამორჩებიან აქტიურობაში, ვინც აქტიურად მუშაობს, იმას აქვს გაშუქება. როცა ეს ყოველდღე ხდება, სულ აშუქებ.
- მაგრამ ასევე ყოველდღეა ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ადამიანი. მაშინ, როცა პრეზიდენტი მორიგ ობიექტს ხსნის და თქვენ ამას აშუქებთ, ამ დროს უამრავ ადამიანს ელემენტარულად პურის ფული არ აქვს და შია. ხომ შეიძლება, რომ აჩვენოთ, რაღაც ბალანსი რომ იყოს, ანუ, პრეზიდენტიც აჩვენოთ, მაგრამ დაუცველი ადამიანის პრობლემაც აჩვენოთ..
- გეთანხებით, რომ ბალანსი არის აუცილებელი, ხანდახან ეს არ არის ხოლმე დაცული, ხანდახან შეუძლებელია ხოლმე ამ ბალანსის დაცვა, იმდენად დიდია განსხვავება აქტივობებს შორის. ჟურნალისტი თავისით ხომ არ მოიგონებს ოპოზიციურ ამბებს? ბალანსი დარღვეულია არა გაშუქებაში, არამედ აქტიურობაში.
- საინფორმაციოს ნაწილი მინდა, ამოვწურო და გკითხოთ. დღევანდელ "იმედის" საინფორმაციოს აკეთებდა ადამიანი, მათე კირვალიძეს ვგულისხმობ, რომელიც 2007 წლამდე აკეთებდა მაშინდელ "იმედის" საინფორმაციოს, მის მიერ გაკეთებულ საინფორმაციოში გავიდა გირგვლიანის მკვლელობის თემა, რობაქიძის, გამცემლიძის, ეს იყო ადამიანი, რომელიც 2007 წლამდე იყო ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული, ის იყო მთავარი პროდიუსერი საინფორმაციო გამოშვების, ახლა ეს ადამიანი აკეთებს დღევანდელ "იმედის" საინფორმაციოს, ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ ადამიანი, რომელიც 2007 წლამდე მუდმივად ხელისუფლების კრიტიკით იყო დაკავებული, დღეს აკეთებს იმ საინფორმაციოს, რომელზეც 2 წუთის წინ ვსაუბრობდით და სადაც მინიმუმ ბალანსის პრობლემაა..
- ჩემთვის მნიშვნელობა აქვს პროფესიონალიზმს. ძალიან ბევრი თანამშრომელი აქ არის, რომელიც ძველ "იმედში" მუშაობდა. მათეზე ვერ დაგეთანხმებით, მათე რაღაც პერიოდი იყო აქ საინფორმაციოს უფროსი და ის პერიოდი ძალიან წარმატებული იყო. არ მინდა, პერსონალიებზე ვისაუბრო, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მაშინ ვიღაცის ჩარევის გარეშე კეთდებოდა საინფორმაციო, პრობლემა მაშინ ის იყო, რომ ვიღაცა ამ არხს იყენებდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად.
- დღეს არ არის ჩარევა?
- დღეს ვერევი მაშინ, როცა ვხედავ, რომ რეიტინგები დაბლა მოდის.
- ჩარევაში სხვა რამეს ვგულისხმობ, ხელისუფლების მხრიდან ჩარევებს. ძალიან ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ რეკავს ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი და აკონტროლებს, რა გავა ეთერში. ხომ არ გირეკავენ ძველი კოლეგები და მეგობრებიც და გეუბნებიან "გიორგი, იქნებ, ეს არ გავიდეს ეთერში"?
- არა, ეს არ ხდება.
- ძალიან ხშირად "იმედის", "რუსთავი 2"-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, ერთი და იგივე კადრი, ტექსტი და ქრონოლოგია, "ვიორსტკა"... საუბარია იმაზეც, რომ ხელისუფლებაში კეთდება სქემა, რა უნდა გავიდეს ეთერში და მერე ეგზავნებათ ტელევიზიებს, და ამაზე გადაცემაც გაკეთდა ცოტა ხნის წინათ. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ არხები, რომლებიც კონკურენტები უნდა იყვნენ ერთმანეთს, ძალიან ჰგვანან და ერთნაირი საინფორმაციო აქვთ?
- ძირითადად აბსოლუტურად არ ჰგავს ერთმანეთს და ვერ დაგეთანხმებით. პირიქით, გაცხოველებული კონკურენცია არის, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ჰგავს, მაგრამ ზუსტად ასე ჰგავს "ფოქსი" და "სი ენ ენი" ხანდახან, რადგან როცა არის მნიშნელოვანი თემა ქვეყანაში და მთავარი ამბავი, ბუნებრივია, რომ ჰგავს გამოშვება, მაგრამ ეს მსგავსება არ ხდება იმიტომ, რომ ეს სადღაც უხილავ განზომილებაში იგეგმება, რა უნდა გავიდეს ეთერში. მუდმივად იმაზეა მცდელობა, ვინ რა განსხვავებულს გააკეთებს. სპეკულაცია რომ ნახეთ, ზუსტად ერთი და იგივე კადრია, ხანდახან ერთ ოპერატორს უჭირავს 5 ტელევიზიის მიკროფონი, ზოგჯერ ვიღაცის კამერა ვერ ასწრებს, ზოგჯერ რაღაცა და ხდება დახმარება ერთმანეთზე. არის ხოლმე, რომ ხანდახან საინფორმაციო სამსახურები იღებენ კადრს და ამას ავრცელებენ და ამას ვუშვებთ ეთერში, ამიტომ ნუ მოვიგონებთ, რომ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, რეალობა არის ის, რომ დიდი კონკურენციაა. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა და არ არსებობს იმდენი თემა ქვეყანაში, რომ არ დაემთხვეს თემები.
- რაც შეეხება პოლიტიკურ თოქ-შოუებს, ამის დეფიციტია ყველა არხზე. არადა, პოლიტიკურად ძალიან აქტიური პერიოდია, არ აპირებთ პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას?
- იმ ფონზე, რომ საზოგადოებაში მოთხოვნა ნაკლებადაა, ზოგადი რეიტინგები რომ ნახოთ, პოლიტიკური პროდუქტი სატელევიზიო ეთერისა რეიტინგების თვალსაზრისით დაბალია. ეს იცვლება, როცა პოლიტიკური სიტუაცია აქტიურია. ჩვენ ვართ კომერციული ტელევიზია, ჩვენი ყველა წამი დამოკიდებულია რეიტინგებზე და აქედან გამომდინარე, ვართ მიბმული რეიტინგზე. ხშირად მინდა, რომ მქონდეს შემეცნებითი გადაცემა, მაგრამ ვერ ვაკეთებ იმიტომ, რომ მოთხოვნა არ არის, ხანდახან რეიტინგული პროდუქტი ჩემს გემოვნებას საერთოდ არ შეესაბამება, ამიტომ იძულებულები ვართ, რეიტინგებს მივყვეთ. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც პირველ არხს, რომელსაც შეუძლია შემეცნებითი გადაცემები აკეთოს და მე მიკვირს, რატომ აკეთებს გასართობ გადაცემებს.
რაც შეეხება საარჩევნო პერიოდს, თოქ-შოუ აუცილებელია და ჩვენი მოვალეობაა, გავაკეთოთ. ამიტომ საარჩევნო პერიოდში აუცილებლად გავაკეთებთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, საზოგადოებას უნდა მივცეთ არჩევანის გაკეთების საშუალება. იგეგმება გადაცემა და სადღაც თებერვლიდან იქნება პოლიტიკური თოქ-შოუ.
- როგორც ცნობილია, პრეზიდენტი თქვენი მეგობარია, მაინტერესებს, რამდენად ხშირად ხვდებით პრეზიდენტს? რა ურთიერთობა გაქვთ, რაზე საუბრობთ ხოლმე და ამაში არ ვგულისხმობ პირად საუბრებს, პოლიტიკურ თემებზე გეკითხებათ რჩევებს? ემთხვევა თუ არა თქვენი აზრები და ა.შ?
- ამაზე ასე გიპასუხებთ და არ გეწყინოთ, თუ ოდესმე გადავწყვეტ მემუარების დაწერას, ამაზე იქ დავწერ. არანაირი უფლება არ მაქვს, რომ პრეზიდენტზე ვისაუბრო და რაღაცეები მოგიყვეთ. ის, რომ პრეზიდენტი არ იყოს, კი, ბატონო, პრეზიდენტი არის პრეზიდენტი. მეგობარია თქვენიო და გამეცინა, პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც კვირაში 7 დღიდან 24 საათი მუშაობს ყოველდღე. მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ ასეთ რაღაცეებზე ვისაუბრო. ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობები არ გასცდენია რაღაც ზღვარს. მე მას დღემდე თქვენობით მივმართავ. მე მასთან შეხება მაქვს მას შემდეგ, რაც ის იუსტიციის მინისტრი იყო და მქონდა ძალიან დიდი სიმპათია. გვქონდა საქმიანი ურთიერთობა, მაშინ მიშა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი და მებრძოლი ადამიანი კორუფციასთან. მამაჩემი იყო იმ პერიოდში მთავრობის ნაწილი, მაგრამ ეს იყო პერიოდი, როცა მე მქონდა მამაჩემის საწინააღმდეგო განწყობა. მის მიმართ მქონდა ძალიან დიდი სიმპათია, რადგან ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება და კორუფციას ებრძოდა.
- თუნდაც თქვენი და პრეზიდენტის დამოკიდებულება იმიტომაა საინტერესო, რომ "მოდელირებული ქრონიკის" დროს ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული გადაცემა და ამას დაერთო თქვენი და ეკა წამალაშვილის ჩანაწერის გამოქვეყნება, სადაც თქვენ ამბობთ, რომ "მიშამ ნახა სცენარი და მოეწონაო"..
- არსად არაფერი არ იყო შეთანხმებული. თუ იყო საუბარი ჩემსა და პრეზიდენტს შორის, ეს მას შემდეგ, რაც გადაცემა ეთერში გავიდა და პრეზიდენტი აღშფოთდა, ეს რა გაგიკეთებიათო. მე ამაზე ძალიან ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში და რამდენჯერაც საჭირო იქნება, მოვიხდი კიდევ. მაგრამ ეს გადაცემა გავაკეთეთ ჩვენ და ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას ბოლომდე მე.
- თუმცა ახლა მაინც აღიარებთ, რომ დიდი შეცდომა დაუშვით?
- შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ვერ გავთვალეთ ხალხის რეაქცია. რომ ადამიანები ერთმანეთში გაავრცელებდნენ ინფორმაციას და იქნებოდა პანიკა. ვინც თავიდან ბოლომდე უყურებდა გადაცემას, ის მიხვდებოდა, მაგრამ ვინც მერე გადართო, ის დაიბნეოდა. შეცდომა იყო ის, რომ არ ჰქონდა წარწერა გადაცემას, რომ ეს იყო მოდელირებული ქრონიკა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს. არ იყო სწორი გათვლა და ამ რეაქციას არ ველოდით. ეს არ გაკეთებულა ხალხის შესაშინებლად, თუმცა, ასე გამოვიდა საბოლოოდ. ჩანაწერის გავრცელებას რაც შეეხება, ეს იყო კომპილაცია ჩემი სხვადასხვა დროს გაკეთებული საუბრის ჩანაწერებისა. მოდელირებული ქრონიკისთვის კი კიდევ ერთხელ მოვიხდი ბოდიშს და იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო გახდება.
803
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85