ნათია დოლიძე, "ყველა სიახლე"
"დღეს არის ვითარება, როდესაც ჩემს მეუღლეს უზღუდავენ პოლიტიკურ მოქმედებას, შესაბამისად, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გავაკეთებ ყველაფერს, რაც კარგი იქნება ჩემი ოჯახისა და ჩემი სამშობლოსთვის.მგონია, ყველაფერი გამოგვივა, საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ქალბატონების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან პრინციპულობით, მიზანდასახულობით და საქმისადმი თავდადებით. "ქართული ოცნება" ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს. ყოველ დღეს ჩვენთვის გამარჯვება მოაქვს და ყველაზე დიდ გამარჯვებას საარჩევნო დღეს მოვიპოვებთ", - ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც ეკატერინე ხვედელიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიას სწორედ მისი მეუღლე ჩაუდგება სათავეში.
ხელისუფლების მტკიცებით, ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ ის თავის გარემოცვას არ ენდობა და პარტიის ხელმძღვანელობას მხოლოდ ოჯახის წევრს ანდობს. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ და იქვე დაამატა, როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესის წარმოებისასაც ძალიან ეჭვიანი იყოო. ექსპერტ გია ხუხაშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:
- გამყრელიძის გამონათქვამებზე კომენტარი სულ უფრო და უფრო მიჭირს. ის დღითი დღე შორდება მოქალაქეობრივ პოზიციას და ხდება არასასიამოვნო კონიუნქტურის ნაწილი. პარტიის ხელმძღვანელად ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილის დასახელებას რა მოტივები აქვს, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, უბრალოდ, ზოგიერთი თავს იბრმავებს და იყრუებს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა უღირსი მეთოდის გამო, თვითონ ბიძინა ივანიშვილს არ ეძლევა საშუალება, პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩაერთოს. ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ მან პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება ოჯახთან ერთად მიიღო. აქედან გამომდინარე, გასაგებია ქალბატონი ეკატერინეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოტივი, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს. ვფიქრობ, ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილმა თავის პირველივე კომენტარში დაამტკიცა, რომ ის საინტერესო პიროვნებაა. მან გარკვეული ნებაც წარმოაჩინა და მნიშვნელოვანი გზავნილიც გაუგზავნა ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის სულაც არ იქნება უფრო კომფორტული, თუ ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილს მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა. ვფიქრობ, ამ მხრივ სააკაშვილს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება. ხელისუფლებისთვის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განცხადებები იყო შოკი, ამჯერად მისი მეუღლის პოლიტიკური მოღვაწეობა შეიძლება აღმოჩნდეს არანაკლები ძალის. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, მისცეს ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი ჩართვის საშუალება.
- რა გაძლევთ ამგვარი იმედის საფუძველს?
- ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ხელისუფლება მშვენივრად ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება პარტიის ლიდერი თუ მისი მეუღლე, პოლიტიკური პროცესებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებისთვის საყვარელი ტერმინით რომ ვთქვა, პირდაპირ თუ ირიბად მაინც მიიღებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და მერწმუნეთ, მისი ირიბი მონაწილეობაც კი სააკაშვილის ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
- თუმცა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქალბატონი ეკატერინესთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე ჯერაც არ აღსრულებულა.
- თუ ესეც გაასაჩივრეს და გააჭიანურეს, ძალიან სასაცილო იქნება. ვიმეორებ: რამდენი სისულელეც უნდა მოიფიქრონ, თვითონაც მშვენივრად იციან, რომ ამით მათი პრობლემები არ დამთავრდება და ოდნავ კონკურეტული გარემოს პირობებშიც კი სააკაშვილის ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული.
- თუმცა არსებულ ვითარებაში პირობებს სწორედ ხელისუფლება ადგენს.
- ადგენს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მოკლევადიანი პირობებია, საბოლოო ჯამში ფუნდამენტურ, გრძელვადიან პირობებს ადგენს საქართველოს მოსახლეობა. ხელისუფლებას შეუძლია, ხელები მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში გადაგვიგრიხოს, მაგრამ მთელ ქვეყანას სუნთქვის წყაროს ვერ გადაუკეტავს.
- გასული წლის მიწურულს არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიიღეს, რაც პარლამენტარმა შოთა მალაშხიამ თითქმის დაადასტურა, როდესაც განაცხადა: "კანონები მიიღება ყველა იმ ოლიგარქის მილიარდების საწინააღმდეგოდ, რომლითაც საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას შეეცდებიან"...
- გამოდის, მალაშხიას უღიარებია, რომ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკური ბრძოლისას დემოკრატიულ ინსტიტუტებს აუქმებს. მისი აღიარება, რომ ეს ცვლილებები მიმართულია მოწინააღმდეგე მხარის კონკურენტუნარიანობის დაქვეითებისკენ, ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ამ ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საბოლოოდ თქვა უარი. ხელისუფლებამ ოქტომბერში, ფაქტობრივად, შეაჩერა საქართველოში ადამიანის უფლებების ნაწილში კონსტიტუციის მოქმედება და აამუშავა, ასე ვთქვათ, "ივანიშვილის კოდექსი". შესაბამისად, მისი ყველა ქმედება - საკანონმდებლო ინიციატივები, სპეცოპერაციები, მთელი ეს აღვირახსნილი კამპანია, ფაქტობრივად, გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან. მათი ამოცანა მარტივია:
ბიძინა ივანიშვილს გადაუკეტონ ყველა საშუალება - ფინანსური თუ საინფორმაციო. ორი სიტყვა სახელისუფლებო პროპაგანდაზეც უნდა ვთქვა, რომელიც უკვე ძალიან სასაცილო ხდება. როგორც ამბობენ, ანტიპიარიც პიარია და როდესაც ე.წ. ნაციონალური არხები საინფორმაციო გამოშვებების პირველ ბლოკში უდიდეს ადგილს უთმობენ ბატონ ბიძინას, მისი გადაწყვეტილებების თუნდაც დამახინჯებულად გაშუქებას, ვფიქრობ, დიდ შეცდომას უშვებენ. მაყურებელს ბუნებრივად უჩნდება ამ ადამიანის და მისი საქმიანობის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი. ხელისუფლებისთვის უფრო მოგებიანი იქნებოდა, ივანიშვილისთვის საერთოდ არ მიექცია ყურადღება.
ასე რომ მოქცეულიყვნენ, რეგიონებში საერთოდ ვერ შეიტყობდნენ ივანიშვილის არსებობას. დღეს კი ხელისუფლება ეწევა ივანიშვილის ე.წ. პრომოუშენს, მართალია, გამუდმებით ილანძღებიან, მაგრამ ქართველი კაცი გონიერია და ვფიქრობ, ამ ხელოვნურად შექმნილ უარყოფითში კარგად ხედავს დადებითს. დღეს მართლაც პარადოქსული სიტუაციაა: ხელისუფლება პირდაპირ ეპატიჟება ივანიშვილს ქუჩაში და ცდილობს, როგორმე გამოიყვანოს მდგომარეობიდან, ივანიშვილი კიდევ პირიქით იქცევა - იხვეწება, ნორმალურ საარჩევნო პროცესში დავუპირისპირდეთ ერთმანეთსო. დღეს ივანიშვილი იქცევა ხელისუფალივით, სააკაშვილი კი ოპოზიციონერივით შარაგზაზეა გამოდებული. ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით რეგიონებში.
ამიტომაც შეუტიეს პრესას, მის დისტრიბუციას, ამიტომ გადააძვრინეს ეროსი "მაესტროს" ეზოს კედელზე და ა.შ. ამ პროცესს განაგრძობენ და უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმასაც ეცდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ არჩევნებს იგებს ფული და ინფორმაციის მონოპოლიზება. ამიტომაც ცდილობენ, ეს ორი რამ მაქსიმალურად შეზღუდონ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ფულისა და ინფორმაციის შეზღუდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლის სურვილიც. საქმე ის არის, რომ ამ არასამთავრობოებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესებზე. მათ უსმენენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ხშირად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა. ამიტომ სულაც არ მიკვირს მათდამი ხელისუფლების მტრული განწყობა. ხელისუფლებას კი ჰყავს საკუთარი, მაამებელი არასამთავრობო სექტორი, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ლაპარაკობს, მაგრამ მათ ლაპარაკს არავინ უსმენს.
- ბატონო გია, ხელისუფლება ხშირად ლაპარაკობს ივანიშვილის რუსულ ფულზე.
- ეს ლაპარაკი არასერიოზულია. ამას წინათ ვიღაცამ "გაზპრომის" ფულიც ახსენა, არადა, "გაზპრომის" ფული საქართველოში კახა ბენდუქიძემ შემოიტანა, რომელმაც თავისი აქციები სწორედ "გაზპრომს" მიჰყიდა. ამის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, გახდა ეკონომიკის მინისტრი და უამრავი რამ გაყიდა რუსულ ფულზე. ხელისუფლების ლაპარაკი, რომ ბენდუქიძე მხოლოდ პროგრესს ემსახურება, ივანიშვილს კი ბნელისა და უკუნის დაბრუნება უნდა - სასაცილოა. გადახედონ მთავრობას და პარლამენტს, იქ არაერთი ძველი პარტიული ფუნქციონერი უზით.
სხვათა შორის, ამ წლის დასაწყისიდან ძალაში შევიდა ე.წ. "პატრიოტის აქტი," რომლის ინიციატორიც საბჭოთა გადმონაშთებთან მებრძოლი გია თორთლაძე იყო და რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა, რომლებსაც ან სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი, ან პარტიული კარიერა ჰქონდათ აწყობილი. ჰოდა, მოძებნონ ახლა თანამდებობებზე ყოფილი პარტიული ფუნქციონერები და კომკავშირის ყოფილი მდივნები. გაარკვიონ, ვინ არის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე, მას არ ეხება ეს "პატრიოტის აქტი"? მაინტერესებს, როდის გააქტიურდება ბატონი თორთლაძე და როდის დაიწყებს იმის გამოძიებას, |"ნაციონალებს" ამ აქტთან შეუსაბამო რამდენი თანამდებობის პირი ჰყავთ?
- როგორც ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობა" ახალი საპარლამენტო სიის გვარიან გადახალისებას და გაკეთილშობილებას აპირებს.
- ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან რესურსი შეზღუდული აქვთ. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება არის იმ ფაზაში, რომ მისი სია კი არ გაკეთილშობილდება, არამედ ის ადამიანები გაისვრებიან, რომლებიც ამ სიაში აღმოჩნდებიან.
801
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85