პრობლემების გარკვეულ ნაწილს დღემდე ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი აგვარებდა. თუმცა მილიარდერის პოლიტიკური ამბიციების საჯაროდ გახმოვანების შემდეგ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. კულტურის მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ თეატრების მმართველებმა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადეს, ინტელიგენციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. იმ მსახიობებმა კი, ვინც წლების მანძილზე ბიზნესმენისგან დაფინანსებას იღებდა, კეთილი ნების დოკუმენტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, არ წყვეტენ ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართუ ჯგუფთან''. ამ და სხვა პრობლემებზე "ვერსიას'' რეჟისორი ქეთი დოლიძე ესაუბრა, რომელიც წლების მანძილზე იღებდა ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან 2000 ლარიან დახმარებას:
- ქალბატონო ქეთი, როცა გამოქვეყნდა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ ადამიანთა სია, უამრავი კითხვა გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა ნიშნით მოხვდნენ ამ სიაში ადამიანები, ფაქტია, რომ მათი უმრავლესობა სოციალურად შეჭირვებულ ფენას ნამდვილად არ განეკუთვნება, რამაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის აგრესია გამოიწვია.
- ამ სიების გამოქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ის იყო, რომ აგრესია გამოეწვია იმ ხალხში, ვინც ამ დახმარებას ვერ იღებდა. ხელისუფლებას სჭირდება დაპირისპირება ადამიანებს შორის. როგორ ფიქრობთ, ხელოვანს დღეს, საქართველოში არ უჭირს? თავად ბატონმა რურუამ არ შემოგვთავაზა, რომ თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები უარს ვიტყოდით ივანიშვილის დახმარებაზე, სახელმწიფო გაგვიწევდა შემწეობას?
თუკი აცხადებენ, რომ ივანიშვილის ქველმოქმედების საფუძველი იყო მხოლოდ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვება, მაშინ რურუას ეს შემოთავაზება რაღაა, განა ეს არ არის ჩვენი მოსყიდვის მცდელობა?! ქველმოქმედება რომ ქვეყანაში აეკრძალოთ, ასეთი შემთხვევა მსოფლიოში არ ყოფილა. ან რა უფლება აქვთ, ადამიანს პოლიტიკაში მოსვლას უკრძალავენ, როდიდან გახდა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი დანაშაული? მთელი ცხოვრება მეც იმას მაბრალებენ, რომ პარლამენტარობა მინდა. გარწმუნებთ, მე რომ ეს სურვილი მამოძრავებდეს, მოვხვდებოდი კიდეც პარლამენტში, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი ჩვენს ისტორიაში.
- კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- იმ უმსგავსო კანონებს, რასაც დღეს იღებენ. ბოლო თვეებია, საკანონმდებლო ორგანო მთლიანად გადართულია ივანიშვილის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე. ყველა კანონი, რომელიც მიიღეს და ყველა ცვლილება, რომელიც მოქმედ კანონში შეიტანეს, პირდაპირ უკავშირდება ივანიშვილის წინააღმდეგ პრობლემების შექმნის მექანიზმების შემუშავებას. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ამ ადამიანს მოქალაქეობა არ აღუდგინონ.
- ქალბატონო ქეთი, მაინც როდის გაგიჩნდათ პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ?
- ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლისას ისევე, როგორც უამრავ ადამიანს, მეც იმედი მქონდა, რომ ვითანამშრომლებდით, მაგრამ იგრძნო თუ არა ამ ადამიანმა ძალაუფლების ხიბლი, მოგვიტრიალდა და ინტელიგენციის დიდ ნაწილს "ჩარეცხილები'' გვიწოდა. პირადად მე, რუსეთის აგენტობასაც ხშირად მაბრალებენ. იმ ქვეყანაში, სადაც ქართული ეკონომიკის 80%ზე მეტი ჩაბარებული აქვთ რუსულ კომპანიებს, სადაც მთავრობაში უზით რუსეთთან მეგობრული კავშირებით ცნობილი კახა ბენდუქიძე, სასაცილოა, ქეთი დოლიძის რუსეთის აგენტობაზე ლაპარაკი. სწორედ ბენდუქიძე მოიხსენია ამას წინათ, ერთ-ერთი რუსული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, ქართველების სიძულვილით გამორჩეულმა მიხეილ ლეონტიევმა შემდეგი სიტყვებით: მოი ბლიზკი ი დოროგოი დრუგ კახა ბენდუქიძეო და, ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი.
- დღეს თითქმის წაშლილია ზღვარი ხელოვნებასა და პოლიტიკას შორის. ხელოვანი ადამიანების ასე აქტიურად პოლიტიკაში ჩართვა ხელს ხომ არ უშლის მათ შემოქმედებით თავისუფლებას?
- ხელოვანი, რომლისთვისაც ქვეყნის ტკივილი ტკივილი არ არის, არ შეიძლება ხელოვანი იყოს. არ შეიძლება ფიქრი, რომ შენ არ გეხება გირგვლიანი, ვაზაგაშვილი და სხვები, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს არ გაწუხებდეს ეს ფაშისტური რეჟიმი. დიახ, ეს არის ნამდვილი ფაშისტური რეჟიმი თავისი ყველა ატრიბუტით. ამათ ყველა სფერო უნდათ მართონ და რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით უფრო საშიშია ამ რეჟიმისთვის. სააკაშვილმა ჯერ დაითვალოს თვითმკვლელობების რაოდენობა საქართველოში და მერე იაროს დღეში ორჯერ გარდაბანში. ის, რაც დღეს ხდება, სრული მარაზმია. პრეზიდენტის დედას, ბებიას, მეუღლეს კი მივმართავ, წაიკითხონ ჯავახიშვილის "პატარა დედაკაცი'' და ამ ნაწარმოების მთავარ გმირს - სპირიდონსა და ჩვენს "საამაყო'' პრეზიდენტს შორის აუცილებლად იპოვიან დიდ მსგავსებას. იქნებ ისინი მაინც მიხვდნენ, რომ ეს კაცი, მართლაც ცუდ დღეშია, საშველია, სხვა თუ არაფერი. ყველა ზარს უნდა შემოვკრათ, მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველო უფსკრულის პირას დგას...
- კი, მაგრამ ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ უცხოეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.
- ვისგან აქვს მხარდაჭერა, პენსიაში გასული ყოფილი სენატორისგან, რომელიც ჩამოდის და ავლაბრის სასახლის აივნიდან ჭკუას მასწავლის? ამ სასახლეს რომ უყურებდა, რატომ არ გაუჩნდა კითხვა, რა სახსრებით აღიმართა ეს რაიხსტაგი'' - დიახაც, რომ პროვინციალიზმისა და სრული შეპყრობილობის გამოხატულება. ხომ არ დაგვავიწყდა, ამ სასახლის ადგილას ადრე ჟანდარმერიის შენობა რომ იყო? მე მწამს, რომ ნებისმიერი შენობა თუ ადგილი გარკვეულ ენერგეტიკას ინახავს, ეს სასახლეც ჟანდარმერიის ენერგეტიკის მატარებელია. სააკაშვილიც ხომ ჟანდარმია. მოვიდეს ახლა და დამიჭიროს ამ სიტყვებისთვის, მე მისი არ მეშინია.
- ქალბატონო ქეთი, თქვენ უკვე გაწევრიანდით "ქართულ ოცნებაში''. რა საფუძველი გააჩნია თქვენს ნდობას ივანიშვილის მიმართ?
- ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს იმ სიკეთისთვის, რაც საქართველოს გაუკეთა და უკეთებს. სწორედაც რომ, ის არის ნათელი წერტილი ქართულ პოლიტიკაში. მე გახლავართ "ქართული ოცნებისა'' და ამ მოძრაობაში შექმნილი კულტურის კომისიის წევრი და, ვფიქრობ, ეს არის ჩემი თანადგომაც, მადლიერებაც და პროფესიაც.
869
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85