მიუხედავად პრემიერის დირექტივისა, თავდაცვის მინისტრს ბოდიში არ მოუხდია

მიუხედავად პრემიერის დირექტივისა, თავდაცვის მინისტრს ბოდიში არ მოუხდია

რისი მომსწრეც ვიყავით გასული კვირის განმავლობაში, არის ხელისუფლების სრული კრახი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც ამ ხელისუფლებას განუცდია.

ყოფილი მინისტრის მტკიცებით, გამორიცხულია უწყება მსგავს განცხადებას უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე აკეთებდეს.

"აბსოლუტურად გამორიცხულია მსგავსი განცხადება უმაღლეს დონეზე თანხმობის გარეშე გააკეთოს რომელიმე სამინისტრომ. თუ ასეთი რამ რომელიმე სამინისტროში ხდება, იქ არის მენეჯმენტის ძალიან სერიოზული პრობლემა. მე მაინტერესებს რისი აღიარება ურჩევნია თავდაცვის სამინისტროს - რომ მათ ეს პოზიცია ჰქონდათ თუ მენეჯმენტი არ უვარგათ. მე თუ მკითხავთ, ორივე კატასტროფაა, განსაკუთრებით ისეთი სამინისტროსთვის, რომელსაც ევალება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დაცვა და რომელსაც ემორჩილება 30 ათასამდე ჯარისკაცი, რომელიც ყოველ დღე უყურებს თავის ხელმძღვანელობას და მისგან უნდა იცოდეს, რა მიმართულებით მუშაობს, რა არის მისი ამოცანა. ეს არის სამინისტრო, სადაც ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ღირსებას, ზნეობას, სამშობლოს სიყვარულს და მსგავს ფასეულობებს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ის, რისი მომსწრენიც ვიყავით გასული კვირის განმავლობაში, არის ხელისუფლების სრული კრახი. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე დიდი კატასტროფა, რომელიც ამ ხელისუფლებას განუცდია", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის შეფასებით, "ეს არ იყო მხოლოდ ერთი კრახი", რომელსაც ბოლო დღებში თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა.

"ჩემი აზრით, მეორე კატასტროფა არის ის, რომ მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან მიღებული დირექტივისა, რომ თავდაცვის მინისტრს ბოდიში უნდა მოეხადა, ჯერ ეს არ მომხდარა. მესამე და კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პრესის სამსახურს ამოეფაროს და პრესის სამსახური გაუშვა წინა ფრონტზე. ახლა, ალბათ ვიღაცას, რომელიც აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებელი ასეთი ტიპის განცხადებებზე, დასჯიან და ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საკმარისი. ეს იქნება კიდევ ერთი კატასტროფა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ამის შემდეგ არის მოსალოდნელი, კერძოდ ის, თუ როგორ უნდა ენდოს მომავალში ან ის 30 ათასი ჯარისკაცი, ან საქართველოს მოსახლეობა ამ სამინისტროს მიერ გაკეთებულ რომელიმე განცხადებას, მაშინ როცა პასუხისმგებელი პირი ვერ გაურკვევიათ, ბოდიში ვერ მოუხდიათ და ჰგონიათ, რომ საიტიდან წაშლით ეს საკითხი მოგვარდება", - აღნიშნა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა.

მაია ფანჯიკიძის აზრით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს.

"ჩემი აზრით, აქ პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. როგორი, რანაირი - ეს მიმინდვია ამ ხელისუფლებისთვის, მაგრამ წარმოუდგენელია ასეთი რამის მერე არავინ ისჯებოდეს და მე ამ დასჯაში არ ვგულისხმობ პრესსამსახურის თანამშრომლებს", - განმარტა ფანჯიკიძემ.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო 20 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

21 დეკემბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელებას ტექნიკური შეცდომა უწოდა.

იმავე დღეს თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებგვერდიდან წაშალა. ამ დროისთვის განცხადება არც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – mod.gov.ge და არც Facebook-ში უწყების ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.