"ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი უმაღლესი განათლების ხალხი სჭირდება ყველა სფეროში"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განათლების სამინისტროს ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო. წულუკიანი განათლების სისტემაში ბოლო ორი წლის მანძილზე მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებს.

მისივე შეფასებით, განათლების სფეროს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, რაც წულუკიანის თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

"ძალიან საინტერესოა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროში ორწლიანი ანგარიშის მოსმენა როგორიც არის განათლება, ჩვენ ვიცით და მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ხარისხიანი იყოს განათლება, რადგან ამის გარეშე არ არსებობს ქვეყნის პროგრესული და ევროპული მომავალი, ქალბატონი თამარი ბევრს მუშაობს ამისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ანგარიში, რომლიდანაც ცხადია, რომ ორი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა განათლების სფეროს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის, კერძოდ კი, ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგში დადგენილი კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად და რაც ჩემთვის ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენ ვხედავთ, რომ სწავლაზე ხელმისაწვდომობა არის უკვე სახეზე. ჩვენ ვნახეთ, რომ რეალურად, ბოლო ორი წლის საქმიანობის შედეგია, ის რომ დღეს საქართველოში ნახევარზე მეტი ჩვენი სტუდენტების სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად ფინანსდება, ეს არის ზუსტად ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი უმაღლესი განათლების ხალხი სჭირდება ყველა სფეროში",-განაცხადა წულუკიანმა