სენაკის გამგებელი ირმა ნადირაშვილს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

სენაკის გამგებელი ირმა ნადირაშვილს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

როგორც გოჩა დგებუაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნადირაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები იყო სიცრუე და ის მზად არის, აღნიშნულ საკითხზე სენაკის გამგეობაში დამოუკიდებელი აუდიტი შეიყვანოს.

„ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ჩემი ძმების კომპანიამ შეასრულა სენაკში სოფლის დახმარების პროგრამის 60%, არადა ეს მაშინ, როდესაც მილიონნახევარი ლარიდან შპს „სენკაპიტალმა“ შეასრულა მხოლოდ 56 000 ლარის სამუშაოები, ეს ვარანაირად ვერ იქნება 60%. მაშინ, როდესაც ამ კომპანიამ მოიგო ტენდერი, თვითმმართველობის არჩევნების გამო მე ვიყავი უფლებამოსილება შეჩერებული და აქ არანაირი კანონდარღვევა არ მომხდარა. რაც შეეხება მეორე კომპანია „ბალავარს“, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ აპელირებს, ამ კომპანიამ სენაკის ცნობილი წყალდიდობის დროს 2013 წელს შეასრულა სამუშაოები, თუმცა ამ დროს ჩემი ძმა ამ კომპანიაში არ იყო. მას შემდეგ კი, რაც ჩემი ძმა კომპანიის ხელმძღვანელი გახდა, მას სენაკში არცერთი სამუშაო არ შეუსრულებია“, - აცხადებს სენაკის გამგებელი და მზად არის, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყველანაირი დოკუმენტაცია გადასცეს.

დგებუაძე მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ და თუ რამე გადაცდომაა, ის მზად არის პასუხი აგოს.

გოჩა დგებუაძე ირმა ნადირაშვილს ურჩევს, დაინტერესდეს მისი მეუღლის მიერ ჩატარებული ტენდერებით, როცა ის ჩუღურეთის გამგებელი იყო.

„უგულავას დროს ნადირაშვილის მეუღლემ რა ტენდერებიც ჩაატარა და რამდენიმე ათასი პრემია აიღო, ეს ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ვურჩევ პარლამენტის წევრს, ამ საკითხით დაინტერესდეს და გამოიკვლიოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სად მიდიოდა ჩუღურეთის გამგეობაში“, - აცხადებს გამგებელი.

ირმა ნადირაშვილმა სენაკის გამგეობაში არსებულ ნეპოტიზმზე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე განცხადება 2 დღის წინ გააკეთა.