თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების გამო კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება ეს იყო "უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი".
ალასანიას თქმით, ყველა მებრძოლს, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, სახელმწიფომ შესაბამისი პატივი უნდა მიაგოს და სათანადოდ იგლოვოს.
'"მე გამიჭრიდება ჩემი შემცვლელის პასუხისმგებლობაზე საუბარი, იმიტომ რომ ერთი თვის წინ თავად ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მაგრამ ეს იყო მართლაც ძალიან უხეში, გაუგონარი და შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც გაკეთდა. ყველა მეომარი, რომელიც მტერთან ბრძოლაში დაიღუპება, ჩვენ შესაბამისი ღირსებით უნდა ვიგლოვოთ და პატივი მივაგოთ. ამ კუთხით კონკრეტული პასუხისმგებლობა რომ უნდა დადგეს, ეს ნათელია, მაგრამ ჯერ თავდაცვის სამინისტრო თავად უნდა გაერკვეს, რამ გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო შაბათს ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.