კოკა ყანდიაშვილი :  რა

კოკა ყანდიაშვილი : რა "მაესტროში" მუშაობა, მართლა ძალიან შევწუხდი უკვე

რა ჟიჟილაშვილის ადგილზე, რა "მაესტროში" მუშაობა, მართლა ძალიან შევწუხდი უკვე, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "მაესტროს" უკვე ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციას, რომ არხზე მიმდინარე რეორაგიზაციის ფარგლებში "მაესტროს ცხრიანი" ეთერში აღარ გავა, ხოლო ნინი ჟიჟილაშვილის კოკა ყანდიაშვილით ჩანაცვლება იგეგმება.

როგორც ყანდიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არასდროს ყოფილა მოლაპარაკებები "მაესტროზე" მუშაობის დაწყების თაობაზე, მოლაპარაკებები უკვე ნახევარ წელზე მეტი მიმდინარეობს მისი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით, კერძოდ, "მაესტრო" დაინტერესებულია ორი ტელე-პროდუქტით, რეალითი-შოუ ფეხბურთზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, რომლის წამყვანადაც თავად კოკა ყანდიაშვილი მოიაზრება.

"ამაზე საუბარი ნახევარი წელია, მიდის და კიდევ რამდენი თვე შეიძლება გაგრძელდეს, ღმერთმა იცის. ძალიან შორს ვართ პროექტის დაწყებისგან, სტუდიაც არ შემიქმნია ჯერ. პროექტზე, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ და ვართ ადამიანები, ვისაც გვინდა, რომ მაგრად გავაკეთოთ, თორემ ის, რომ აი, უკვე უკვე გავედი და იქ ხალხი შევჭამე, არ არის", - განაცხადა ყანდიაშვილმა.

მისივე თქმით, თუ რატომ წავიდნენ "მაესტროდან" თანამშრომლები კოკა ყანდიაშვილის გამო, მათ უნდა ვკითხოთ. "ფაქტია, რომ მე არ მივსულვარ და არც ვაპირებ", - დასძინა ყანდიაშვილმა.

"მაესტროზე" სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა. "მაესტროს" თანამშრომლების ინფორმაციით, მათ გუშინ გამართულ თათბირზე ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლა იგეგმება.