ადვოკატი ლევან სამუშია შს სამინისტროსგან პასუხის გაცემას მოითხოვს

ადვოკატი ლევან სამუშია შს სამინისტროსგან პასუხის გაცემას მოითხოვს

ადვოკატი ლევან სამუშია შს სამინისტროსგან მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხს მოითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით სამუშიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. საუბარია შს სამინისტროს ხარჯებზე შპს "დელტა-კომთან" მიმართებაში.

როგორც ადვოკატი ამბობს, მან შს სამინისტროს 2014 წლის 26 ნოემბერს მიმართა და ინფორმაცია გამოითხოვა იმის შესახებ აქვს თუ არა სამინისტროს შპს "დელტა-კომთან", აგრეთვე სხვა კომპანიებთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურეობის შესახებ და დადებითი პასუხის შემთხვევაში ითხოვდა, ეცნობებინათ თუ რა რაოდენობის თანხებს უხდის შსს შპს "დელტა-კომს", აგრეთვე სხვა კომპანიებს მომსახურებისთვის ყოველთვიურად. როგორც ადვოკატი აცხადებს, აღნიშნულ ინფორმაციაზე სამინისტროსგან დღემდე არ მიუღია პასუხი.

"ჩვენი პოზიცია და ჩვენი მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ დაცვის მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული ინფორმაცია, ვინაიდან როგორც იცით, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს ედავებიან იმას რომ მათ არ მოახდინეს ბაზრის შესაბამისი კვლევა და მაღალ ფასებში გააფორმეს ხელშეკრულებები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს ზიანი, რაც აბსურდია. დაცვის პოზიციის გასამყარებლად ვითხოვთ ინფორმაციას, ვინაიდან შსს-მ ინფორმაცია არ მოგვაწოდა, დღეს ვისარგებლეთ კანონით და მივმართეთ სასამართლოს, რათა გამოიტანოს შესაბამისი განჩინება და დაავალდებულოს სამინისტრო გადმოგვცეს ინფორმაცია, რასაც დაცვის მხარე ვითხოვთ", - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.