ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია

ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა

"მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავად ნინო ჟიჟილაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გუშინ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან გაიმართა თათბირი, რომლის შემდეგაც მას კოტე გოგელიამ დაურეკა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა.      

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დავტოვე "მაესტრო". მიზეზი რამდენიმე იყო. მე ეს ისედაც მქონდა გეგმაში. ალბათ უახლოეს კვირაში უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი, თუმცა გუშინ მე გამათავისუფლეს დაკავებული პოზიციებიდან. ჯერჯერობით ოფიციალურად არ მიმიღია ინფორმაცია მიზეზების თაობაზე. ტელეკომპანიის დირექტორთან იყო თათბირი, რომლის შემდეგაც მივიღე ზარი ტელეკომპანიის დამფუძნებლისგან კოტე გოგელიასგან, რომ მე "მაესტროში" აღარ ვმუშაობ. პირადად გამათავისუფლა, თუმცა ოფიციალურად ეს არ მომხდარა", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

გამორიცხული არ არის, რომ ტელეკომპანია ”მაესტრო” სხვა თანამშრომლებმაც დატოვონ.