კოტე კუბლაშვილი შესაძლოა, ლადო ჭანტურიამ შეცვალოს

კოტე კუბლაშვილი შესაძლოა, ლადო ჭანტურიამ შეცვალოს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილის შემცვლელად ლადო ჭანტურიას კანდიდატურა სახელდება. ამის შესახებ დღევანდელ ნომერში გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს.

"პოლიტიკურ კულუარებში სახელდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურა, რომელსაც 1999-2004 წლებში ერთხელ უკვე ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. ამჟამად ჭანტურია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ხელმძღვანელობს. ელჩის თანამდებობაზე ის 2014 წლის თებერვალში დაამტკიცეს. ეს ინფორმაცია "კვირის პალიტრამ" ლადო ჭანტურიასთან გადაამოწმა, გვითხრა, რომ შემოთავაზება არ მიუღია", - წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით აღნიშნავს, "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილს გამოუთქვამს, მაგრამ მისი კანდიდატურა მთავრობაში დაიბლოკა". 

"ასევე დასახელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კანდიდატურაც. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად წულუკიანს სხვა გეგმები აქვს. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას (საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის თანამდებობაზე). ამჟამად, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს კვოტით წარდგენილი მოსამართლე ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია გახლავთ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ასევე მომავალ წელს ეწურება. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში დატოვებს თანამდებობას იუსტიციის მინისტრი, რომელიც მოსამართლის მანტიას უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოისხამს, მითუმეტეს, რომ წულუკიანს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება უკვე აქვს", - წერს "კვირის პალიტრა".

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.