თინა ხიდაშელი - თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უარესი ის არის, რომ მდუმარენი და დამალულნი პრემიერის განცხადების შემდეგ აჟღურტულდნენ

თინა ხიდაშელი - თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უარესი ის არის, რომ მდუმარენი და დამალულნი პრემიერის განცხადების შემდეგ აჟღურტულდნენ

24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი? ასეულობით კომენტარსაც ის ადამიანი შლიდა, ვინც ეს განცხადება დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ვინმესთვის ჩვენება, გააქანა და პირდაპირ ვებგვერდზე გამოკიდა? - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყების მიერ 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადების ტექსტი ტექნიკური მიზეზების გამო უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"მგონი ჯადო გაუკეთეს, "ტექნიკური შეცდომა"? 24 საათი არავინ იყო ცოცხალი და საკუთარი ვებგვერდის წამკითხავი? ასეულობით კომენტარსაც ის ადამიანი შლიდა, ვინც ეს განცხადება დაწერა, არ ჩათვალა საჭიროდ მისი ვინმესთვის ჩვენება, გააქანა და პირდაპირ ვებგვერდზე გამოკიდა? თავად ვერ მივხვდით, პრემიერმა გიკარნახათ, რა უნდა გაგეკეთებინათ და არ უთქვამს იმ ადამიანს, რომ ბოდიში პირობით მოიხადეთ, თან ტექნიკური შეცდომა დაარქვითო?! როგორც ჩანს, თავად არ გაწუხებთ საკუთარი განცხადება და იქნებ პრემიერს მაინც დაუჯეროთ, ზუსტი მითითება მოგცათ, როგორ უნდა მოქცეულიყავით, თუმცა ახლა უკვე გვიანია, კიდევ რამე ახალი განცხადება უკვე ხიფათის უფრო მაღალ განზომილებაშია", - წერს ხიდაშელი Facebook-ში საკუთარ გვერდზე.

ამასთან, მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე უარესი ის არის, რომ "მდუმარენი და დამალულნი პრემიერის განცხადების შემდეგ აჟღურტულდნენ".

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შაბათს გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.

ამ დროისთვის განცხადება არც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – mod.gov.ge და არც Facebook-ში უწყების ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო შაბათს ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.