როდესაც სამინისტროს მხრიდან განცხადება ვრცელდება, ამაზე პასუხისმგებლობა მინისტრს ეკისრება

როდესაც სამინისტროს მხრიდან განცხადება ვრცელდება, ამაზე პასუხისმგებლობა მინისტრს ეკისრება

როდესაც სამინისტროს მხრიდან განცხადება ვრცელდება, ამაზე პასუხისმგებლობა მინისტრს ეკისრება, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არასერიოზულია მსჯელობა, რომ თავდაცვის სამინისტროს გუშინდელი განცხადება სხვამ მოამზადა და მინისტრს არ უნახავს. "სამინისტროს, უწყების შიგნით როგორ მომზადდა განცხადება, არ ვიცი. კომიტეტის განცხადება ჩემთან შეთანხმების გარეშე ვერ გავრცელდება. უნდა იყოს შეთანხმებული. არ არის სერიოზული მსჯელობა, რომ სხვამ მოამზადა და მინისტრს არ უნახავს. განცხადების გავრცელების დროს მინისტრს პასუხისმგებლობა აქვს", - აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროდან გაკეთდა არაკორექტული განცხადება. "იყო სამწუხაროდ არაკორექტული განცხადება. მკაფიო განმარტება გააკეთა პრემიერმა და ზუსტად გამოხატა მთავრობის პოზიცია. აქცენტები იყო ძალიან არაკორექტული. შეცდომის აღიარებაც არის აუცილებელი. მესმის, რომ ხედვა განსხვებული და რადიკალური შეიძლება ყოფილიყო როდესაც ამ ყველაფერს უყურებ ოპოზიციური სპექტრიდან ან საზოგადოების პრიზმიდან. ამ გადასახედიდან არ გამიჭრდება ობიექტურად თქმა იმის, რომ ეს განცხადება არავის მოგვეწონა. არა მგონია, რომ რადიკალურად დადგეს საკითხი მინისტრის გადადგომაზე და ამ მხრივ პასუხისმგებლობაზე, მაგრამ უნდა მოყვეს ბოდიში, უნდა ითქვას, რომ ეს არის შეცდომა. პრემიერმა თქვა, რომ ეს იყო მცდარი განცხადება", - განაცხადა ბესელიამ.

თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო გუშინ ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს კი თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაშალა.

ამ დროისთვის განცხადება არც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – მოდ.გოვ.გე და არც Facebookა-ში უწყების ოფიციალურ გვერდზე აღარ დევს.

32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.