უწყების განცხადების შეთანხმება მინისტრთან

უწყების განცხადების შეთანხმება მინისტრთან "ტექნიკური მიზეზების გამო" ვერ მოხერხდა

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით, უწყების განცხადების შეთანხმება მინისტრთან "ტექნიკური მიზეზების გამო" ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ღირსიაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ეს იყო შეცდომა და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას. რაც შეეხება იმას, ვინ დაწერა ტექსტი – მომზადდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ. მთლიანი ტექსტი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა იმ სახით, რა სახითაც იხილა ეს საზოგადოებამ. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ეს არის შეცდომა და ბოდიში მოვუხადეთ საზოგადოებას, კითხვა – რატომ გაქრა ტექსტი ვებ-გვერდიდან, პასუხგაცემულია. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ხარვეზი, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, გარდაცვლილის ოჯახს", - აღნიშნა ღირსიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა და ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ტექსტის საბოლოო ვარიანტის შეთანხმება თავდაცვის მინისტრთან და ხელმძღვანელობასთან.

"გაკეთდა ემოციურ ფონზე და მე ვთვლი, გამოვასწორეთ ეს შეცდომა. ტექსტის საბოლოო ვერსია არც ჩემთან ყოფილა შეთანხმებული", - დასძინა ლევან ღირსიაშვილმა და აღნიშნა, რომ მანამდე არასდროს ყოფილა თავდაცვის სამინისტროს ან სხვა ძალოვან უწყებას ბოდიში მოეხადოს საზოგადოებისთვის და ეღიარებინოს თავისი შეცდომა.

კითხვაზე დაისაჯა თუ არა ის, ვინც შეცდომა დაუშვა, ღირსიაშვილი პასუხობს, რომ "შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება".