თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობა განცხადების საბოლოო ტექსტს გამოქვეყნებამდე არ გასცნობია

თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობა განცხადების საბოლოო ტექსტს გამოქვეყნებამდე არ გასცნობია

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილის მტკიცებით, თავდაცვის მინისტრი და ხელმძღვანელობა უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საბოლოო ტექსტს გამოქვეყნებამდე არ გასცნობია.

როგორც ლევან ღირსიაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, სამწუხაროა, რომ მას "მძიმე ფონზე" უხდება გადაცემაში მონაწილეობა და ღრმა მწუხარება გამოხატა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო. ამასთან, მან თავდაცვის სამინისტროს სახელით მზადყოფნა გამოთქვა, ყველანაირი მხარდაჭერა გაუწიოს დაღუპულის ოჯახს, რათა ალექსანდრე გრიგოლაშვილს სათანადო პატივი მოაგონ.

"ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის. რაც შეეხება სკანდალურ განცხადებას, პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების რეაქცია ამ გადაცემაზე აჩვენებს, რაოდენ მაღალია მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს მხოლოდ მისასალმებელია. ეს იყო შეცდომა, თუმცა შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ჩვენ ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ. არ გამოვრიცხავ, ასეთი შეცდომა იყო დაშვებული გარკვეულ ემოციურ ფონზე, რადგან ამ განცხადების შედგენის დროს გაირკვა, რომ გარდაცვლილი ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალებიდან 2008 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვის მიერ იქნა შეცდომა დაშვებული. "თავდაცვის მინისტრი ამ განცხადებას გამოქვეყნებამდე არ გასცნობია. ზოგადად, შეთანხმებული იყო ტექსტი, სამძიმრის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამგვარი შინაარსის ტექსტი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ეს იყო გარკვეული შეცდომა, ხარვეზი, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან", - აღნიშნა ღირსიაშვილმა.