ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აპატურაის ვიზიტი ასეთ მნიშვნელოვან მომენტში შედგა, როდესაც რეგიონული უსაფრთხოების და საქართველოს მომავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით მართლაც, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სიტუაციაა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შექმნილ ვითარებას, ასევე რეგიონულ პრობლემებს, უსაფრთხოების გამოწვევებს, უკრაინაში შექმნილ ვითარებას და ასევე იმას, რომ საქართველომ მტკიცედ განაგრძოს სვლა ნატო-სკენ.
"ასევე ვისაუბრეთ შიდა მოვლენებზე და აბსოლუტურად შემაშფოთებელი იყო ჯეიმს აპატურაის გზავნილი, რომელიც მან დღეს გააჟღერა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური დევნა შესაძლოა, გახდეს ნეგატიური და შემაფერხებელი ფაქტორი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და პასუხისმგებლობა, რომ პროცესი ამ გზით არ წავიდეს და ყველა ერთად არ გადავუხვევთ ჩვენი საერთო მიზნიდან, რაც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი",-განაცხადა ბაქრაძემ.
თავის მხრივ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საუბარი იყო ყველა იმ უსაფრთხოების გამოწვევაზე, რომელიც ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის დღის წესრიგში დგას - უკრაინაში ღია სამხედრო აგრესიის და საქართველოს წინააღმდეგ გაგრძელებული სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის ფონზე.
"ვისაუბრეთ შიდა ვითარებაზეც, საქართველოს ამოცანაა, ჰყავდეს მთავრობა, რომელიც იქნება თანმიმდევრული და აქტიური რომ ყველა ბარიერის მიუხედავად, გააგრძელოს საქართველოს დაახლოება ნატო-ს წევრობასთან და არ შეუქმნას ჩვენ ქვეყანას პრობლემა აბსურდული პოლიტიკით და პოლიტიკური დევნით, რომელიც რა თქმა უნდა, ბარიერია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე",-განაცხადა ბოკერიამ.