საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა.
როგორც ჯანელიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი, ძირითადად, იმ პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს შეეხო, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო.
თავდაცვის მინისტრის ვარაუდით, აღნიშნული პაკეტის იმპლემენტაციის გეგმა სავარაუდოდ, თებერვალში დამტკიცდება.
"ძალიან სასარგებლო შეხვედრა გავმართეთ. მიმოვიხილეთ მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები. საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა არსებულ პაკეტს, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო და მისი იმპლემენტაციის პროცესს. ნატო-ს შტაბბინა და ბატონი აპატურაი აქტიურად იქნება ჩართული იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში. ჩვენ თებერვალში გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზეც ვიმედოვნებთ, რომ იმპლემენტაციის გეგმა საბოლოო სახით შეთანხმდება და დამტკიცდება", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
მინისტრის განმარტებით, საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ პაკეტი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად, წარმატებით განხორციელდეს.