საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს უერთდება.
კომიტეტი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, მოქმედი პარლამენტისა და მთელი საზოგადოების პოზიტიური მიღწევაა, ის, რომ დღეს საქართველო არის შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის მონაწილე, რომლითაც გარანტირებულია შშმ პირთა ყველა ძირითადი უფლება.
"თუმცა, კონვენციის რატიფიცირება მხოლოდ ინსტრუმენტია და არა შედეგი იმ ამოცანების მისაღწევად, რომელიც დასახული აქვს ხელისუფლებას შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - აცხადებენ კომიტეტში.
კომიტეტი, ასევე მნიშვნელოვან ნაბიჯებად მიიჩნევს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ისეთი ვალდებულების აღებას, როგორიცაა ,,ინკლუზიური შრომის ბაზრებისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესება, რაც აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს"" სხვა სუბიექტებთან ერთად; ასევე, ,,თანაბარი შესაძლებლობებისა და ანტიდისკრიმინაციის"" უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნის გამო.
"ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგში მომზადდა და საქართველოს პარლმანეტის მიერ დამტკიცებულ იქნა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ხაზგასმულია შემდეგი პრიორირტეტები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა გონივრული მისადაგების პრინციპის საფუძველზე მათი საჭიროებების გათვალისწინებით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსების დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა; საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულყოფილი მონაწილეობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა; საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისა და სატრანსპორტო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. კომიტეტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დღევანდელი დღის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე, საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უმთავრესი მორალური ტესტია, როგორ გრძნობენ ქვეყანაში თავს შშმ პირები", - აცხადებენ კომიტეტში.
ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოში ყველა ადამიანმა იგრძნოს, რომ განურჩევლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მისი ,,უფლებები, თანასწორობა და ღირსება"" დაცულია და უზრუნველყოფილი.
"თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ღირებულია და დღევანდელი დღე, რომელიც დაწესდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით და აღინიშნება 1992 წლიდან, ჩვენი ამ მისწრაფებების გაცხადებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეა", - აცხადებენ კომიტეტში.