საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა

საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა

საქართველომ რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, საქართველო უკანონო, ე.წ. ხელშეკრულების საკითხს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში დასვამს. 

"მათ შორის გაეროში უკვე მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება. ეუთოში უკვე მოვითხოვეთ სპეციალური მუდმივი საბჭოს სხდომის ჩატარება. ამ საკითხს ჩვენ დავსვამთ აქტიურად ევროკავშირში, ევროსაბჭოსა და ნატოში. იგეგმება ვიზიტები დედაქალაქებში. უკვე განხორციელდა სატელეფონო საუბრები ჩვენს პარტნიორებთან. ე.წ. ხელშეკრულების საკითხს საქართველო მწვავედ დაყენებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში 10 დეკემბერს. როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველო მტკიცედ სთხოვს საერთაშორისო პარტნიორებს, დაგმონ ე.წ. ხელშეკრულება და მოუწოდონ რუსეთის ფედერაციას, ხელი აიღოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მისივე თქმით, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრა და საქართველო მათთან დააყენებს თავის პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში.