პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნას უარყოფს

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნას უარყოფს

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმეზე გრიფის მოხსნის შემთხვევაში, საჯარო განცხადებას გააკეთებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. 

მათი ცნობით, საქმეს გრიფი არ მოხსნია და როდესაც მოეხსნება, საჯარო განცხადება გაკეთდება. 

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი, თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალი თანამდებობის პირის საქმეს გრიფი "საიდუმლო" უკვე მოეხსნა. 

20 ნოემბერს, მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საქმის მასალების ნაწილს გრიფი "საიდუმლო" უახლოეს დღეებში მოეხსნება.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, აღნიშნული პირების მონაწილეობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის შესყიდვა სამინისტრომ ხელოვნურად გაზრდილი თანხით, განახორციელა კომპანია "სილქნეტისგან", აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ. პროკურატურის ინფორმაციით, "სილქნეტმა" სამინისტროს ტენდერში, ასევე ხელოვნურად გაიმარჯვა. 

დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.