სოხუმში ე.წ. ხელშეკრულების მომხრეების და მოწინააღმდეგეების მიტინგები გაიმართა

სოხუმში ე.წ. ხელშეკრულების მომხრეების და მოწინააღმდეგეების მიტინგები გაიმართა

რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით სოხუმში დღეს ორი მიტინგი გაიმართა. ერთი მიტინგი ე.წ.შეთანხმების მხარდასაჭერად გაიმართა, მეორე აქციის მონაწილეები კი შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებდნენ. 

"რია ნოვოსტის" ცნობით, შეთანხმების ხელმოწერა დღეს სოჭში, რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრისას იგეგმებოდა. 
რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მხარდამჭერები სოხუმში, მთავრობის სახლთან ახლოს შეიკრიბნენ. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია, ვიცე-სპიკერი დაურ არშბა და სხვები. 

მეორე მიტინგი, რომლის მონაწილეებიც რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებდნენ, სოხუმის ცენტრში ოპოზიციურმა პარტიამ "ამცახარა" გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აუცილებელია დოკუმენტი დაიხვეწოს თავდაცვის, ეკონომიკური პოლიტიკისა და შიდა პოლიტიკის მხრივ. 
სოჭში რაულ ხაჯიმბა რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით დღეს ჩავიდა. როგორც შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, შეთანხმების ხელმოწერის შედეგად რუსეთი აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს. 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი, რაულ ხაჯიმბა სოჭში, "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებას მოაწერენ ხელს. 

შეთანხმებაში "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: "კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება"; "საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის", "საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის" შექმნა, აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების დახმარება და ა.შ.
"კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების" ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების კუთხით მუშაობას და შეეცდება გააფართოვოს იმ ქვეყნების სია, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან, შექმნიან შესაბამის პირობებს იმისათვის, რომ აფხაზეთი გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაერთიანებებში.

"საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის" ფარგლებში, იგულისხმება რუსეთის და აფხაზეთის ერთიანი სამხედრო ძალების შექმნა, რომლის მიზანი იქნება ნებისმიერი შეირაღებული აგრესიის მოგერიება; დოკუმენტის ეს პუნქტი ასევე ითვალისწინებს ერთობლივ ზომებს აფხაზეთის ე.წ. საზღვრების დასაცავად.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმების მონაწილე თუ ერთი მხარის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს, ან სახელმწიფოების ჯგუფის მხრიდან განხორციელდება შეირაღებული თავდასხმა, ეს განხილული იქნება, როგორც შეთანხმების მონაწილე მეორე ქვეყანაზე თავდასხმად. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხარე მეორეს გაუწევს საჭირო დახმარებას, მათ შორის სამხედროს. 
დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება კოორდინირებული ქმედებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, ასევე ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა დავალებების შესასრულებლად.

აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში, მოხდება კომპლექსური ღონისძიებების რეალიზაცია საბაჟო სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებით. 
ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია მიიღებს დამატებით ზომებს, რომელიც მიმართული იქნება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებისკენ. 

შეთანხმების მიხედვით, 1 იანვრიდან, 3 წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეების პენსიონერულ უზრუნველყოფას განახორცილებს და ისინი იმავე რაოდენობის პენსიას მიიღებენ, რაც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
შეთანხმება განსაზღვრავს ჯანდაცვის სფეროში თანამშომლობასაც. მათ შორის არის ის, რომ ეწ. აფხაზეთის რესპუბლიკა ქმნის აუცილებელ პირობებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევისთვის.

ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, რომელიც განათლების სფეროს ეხება, რუსეთი აფხაზეთს დახმარებას გაუწევს აფხაზური ენის განვითარების პროგრამების რეალიზებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება იდება ათი წლის ვადით მისი ხუთწლიანი პერიოდებით გახანგრძლივების შესაძლებლობით.