პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე 5 კანდიდატურა შესთავაზეს

პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე 5 კანდიდატურა შესთავაზეს

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებმა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილზე ხუთი კანდიდატურა შესთავაზეს. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 7 წევრით, ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთი წევრის ადგილი ვაკანტურია 2014 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველ პირს წერილობით აცნობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე.

ქვეყნის პირველმა პირმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გამართა შეხვედრა ეკონომიკის ექსპერტებთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდიდატის შერჩევის კრიტერიუმებს, ასევე შერჩევის ფორმატს, განახილულ იქნა პერიოდული შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა რამდენიმე შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან. სამუშაო პროცესი თვე-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. გიორგი აბაშიშვილმა და ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებმა შემოთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომელთა შორის არიან ლევან კალანდაძე, ნიკოლოზ ყაველაშვილი, ემზარ ჯგერენაირა, მერაბ კაკულია, გიორგი ბაქარაძე დღეს საბოლოოდ იმსჯელეს.