წულუკიანი ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ემხრობა

წულუკიანი ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ემხრობა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ე.წ. გასაღების საკითხზე ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ემხრობა.

როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თავისუფლად შეუძლია შეასრულოს "დამცავი მექანიზმის" ფუნქცია.

"ცვლილებები, რომლებიც წელს ზაფხულში განხორციელდა ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შესახებ სფეროში, არის, პრაქტიკულად, უპრეცენდენტო და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები უფრო მაღალი ხარისხით იყოს დაცული. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება გასაღების თემას, რომელიც ტექნიკური, მაგრამ უმნიშვნელოვანესი თემაა; ვფიქრობ, რომ მთავარია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იყოს, როგორც აქამდე იყო და დღემდე არის, ერთადერთი უწყება, რომელსაც ხელთ უპყრია ე.წ. გასაღები. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს სხვა ორგანოც, რომელიც იქნება დამცავი მექანიზმის ფუნქციის. ასეთი დამცავი მექანიზმის ფუნქცია ძალიან თავისუფლად შეიძლება შეასრულოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმაც", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მას უფრო მეტად აინტერესებს, თუ როგორი იქნება კანონის იმპლემენტაციის პროცესი მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ აღნიშნულ პროექტს პარლამენტი დაამტკიცებს.

"ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორი იქნება იმპლემენტაციის ფაზა და როგორ დაიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებას არამართლზომიერი ჩარევისგან და რა მოლოდინებიც გვაქს ინსპექტორისგან, შესრულდება თუ არა. ამისთვის, სახელმწიფომ თავის მხრივ უნდა გააძლიეროს ეს ინსიტუტი, რომ ინსპექტორიც აღმოჩნდეს ჩვენი მოლოდინების მოწოდების სიმაღლეზე", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.