ის, რომ რუსეთის ფედერაცია აფორმებს ხელშეკრულებას, ეს არის თავისთავად ძალიან ცუდი ნაბიჯი, რომელიც ხელს არ შეუწყობს არც ვითარების განმუხტვას და არ შედის არც თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის ინტერესებში, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღიდან ინფორმაციის გავრცელებისა, რომ მსგავსი შეთანხმება მზადდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა ამ ფაქტისთვის შესაფება მიეცათ.
"მას შემდეგ რაც ეს შეფასებული იქნა როგორც ანექსიის მცდელობა, გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა. ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ძალიან ხმამაღლა გაგვეცხადებინა პრობლემატიკის შესახებ და გაკეთდა არაერთი განცხადება საერთაშორისო თანამეგობრობიდან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში საქართველოს მხარდასაჭერი. ის, რომ რუსეთის ფედერაცია აფორმებს ამ ხელშეკრულებას არის თავისთავად ძალიან ცუდი, რომელიც არანაირად ხელს არ შეუწყობს არც ვითარების განმუხტვას და ეს არ შედის არც თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის ინტერესებში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტი გააქტიურებს საერთაშორისო ძალისხმევას, საერთაშორისო ჩართულობას. ეს არის მძიმე პროცესი რასაც ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაწყვეტა, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი აქტივობა და ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ ადეკვატური შეფასება მიეცეს ამ ნაბიჯს საერთაშორისო არენაზე.
"ხაზგასმით იქნა აღნიშნული არა მხოლოდ ამ ნაბიჯის დაუშვებლობა, არამედ ის, რომ არ შეიძლება მოხდეს ამ ხელშეკრულების სამართლებრივად აღიარება. გარდა ამისა, გაძლიერდება ის საერთაშორისო აქტივობა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს პრობლემის გადაწყვეტამდე", - განაცხადა ფხალაძემ.
"პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს არის 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელება. საქართველოს ძალისხმევას მიმართავს რათა ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა, არა მხოლოდ სოხუმის და ცხინვალის, არამედ მთლიანად იმ კონცეფციისა, რომელსაც ავითარებს რუსეთის ფედერაცია", - განაცხადა ფხალაძემ.
აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი რაულ ხაჯიმბა დღეს სოჭში გაემგზავრება. კრემლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი სოჭში ვლადიმერ პუტინის მიწვევით ჩადის. კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.