თენგიზ ფხალაძე:     ლატვიის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

თენგიზ ფხალაძე: ლატვიის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ხვალ საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში ეწვევა.

როგორც საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

"2009 წლის შემდეგ ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არ განხორციელებულა. გარდა ამისა, ეს არის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც საპროტოკოლო იერარქიაში დგას ყველაზე მაღლა და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ვიზიტის მნიშვნელობას. ჩამოდის წარმომადგენლობითი დელეგაცია. პრეზიდენტის გარდა დელეგაციეს შემადგენლობაში არიან, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჩამოდის 80-მდე ბიზნესმენი", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე განაცხადებით, ვიზიტი მოწოდებულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებებით.

"აქ საუბარია როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ლატვია მომავალი წლიდან ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ეს არის სახელმწიფო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია", - განაცხადა ფხალაძემ.

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. დაგეგმილია რამდენიმე უწყებათაშორისო ხელშეკრულების გაფორმებაც. ფხალაძის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა იქნება ოკუპირებული რეგიონების საკითხი.

"ჩამოდის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც მომავალი წლიდან ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამ ვითარებაში ლატვიის რესპუბლიკის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.