ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ტოივო კლაარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
როგორც ტოივო კლაარმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დავით უსუფაშვილთან, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განიხილეს მისი საქართველოდან გამგზავრების საკითხი.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ რამდენიმე კვირაში ჩემი თანამდებობიდან წასვლის საკითხი. მე დავარწმუნე პარლამენტის თავმჯდომარე, რომ სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი უახლოეს ხანებში დაინიშნება და ევროკავშირის ვალდებულება რჩება ისეთივე ძლიერი, როგორიც ყოველთვის იყო საქართველოს მიმართ", -განაცხადა ტოივო კლაარმა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში განუცხადეს, ტოივო კლაარი ხელმძღვანელის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე ტოვებს.
ტოივო კლაარი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2013 წლის 13 სექტემბერს დაინიშნა.