გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით

გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით "რესპუბლიკელების" ხმები არ გაიყოფა

არ არის გამორიცხული, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტებზე პოზიციების შეჯერება და პარლამენტისთვის ერთიანი ვარიანტის წარდგენა მოხერხდეს , - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წარმომადგენელი გიგლა აგულაშვილი საუბრობს.

მისივე თქმით, ფრაქციაში მიმდინარეობს კონსულტაციები და ფრაქციის ხმები არც ერთ შემთხვევაში არ გაიყოფა.

"ხმების გაყოფის პერსპექტივას ვერ ვხედავ, რადგან ყველანი ვთანხმდებით, რომ დაცული უნდა იყოს ორი ლეგიტიმური ინტერესი – ერთი მხრივ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესი და მეორე მხრივ, ადამიანის უფლებები, ოღონდა არა ერთმანეთის ხარჯზე. დაცვის რაც უფრო მაღალი ხარისხი იქნება, მით უფრო უკეთესია. ჩვენ ვამბობთ, რომ ორივე შემოთავაზებული წინადადება არის კარგი, ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესი, ვიდრე ამ მხრივ მოქმედი კანონია. გვგონია, რომ შეიძლება შეჯერებულ ვარიანტს მივაღწიოთ, რითაც ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაცია დასრულდება", - აცხადებს აგულაშვილი.

დეპუტატი ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტის პრობლემად ასახელებს მოსმენების "გასაღების" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემას, რადგან მისი განმარტებით, ინსპექტორი, რომელსაც საზედამხედველო ფუნქცია აკისრია, იმავდოულად სააღმსრულებლო ფუნქციის მატარებელი ხდება.