9 თვეში ქვეყანაში 5,9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

9 თვეში ქვეყანაში 5,9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის გასულ 9 თვეში ქვეყანაში 5,9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომელიც დეპუტატებს 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშს აცნობს.

"ჩვენ ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული გვქონდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იქნებოდა 5 პროცენტი. 9 თვის შედეგებით, ეკონომიკური ზრდა არის 5,9 პროცენტის ფარგლებში. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ გადაჭარბებით, 5 %-ზე მაღალი იქნება წლიური ეკონომიკური ზრდა. ეს აისახება როგორც საგადასახადო შემოსავლებში, ისე მთლიანად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე", - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, 9 თვის მდგომარეობით, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი ზრდაა დაფიქსირებული.

"13 %-ზე მაღალი იყო დამატებული ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა. გამოვყოფ ორ სექტორს: სოფლის მეურნეობა, სადაც 30 %-ზე მეტი იყო ზრდა და მშენებლობა, სადაც 30,5 %- იყო დამატებული ღირებულების გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების ზრდა. მშენებლობა გასულ წელს იყო ის სექტორი, სადაც კლება დაფიქსირდა და რამაც თავისი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე. წელს 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის ბრუნვა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, გაზრდილია ინვესტიციების მოცულობაც.

"რაც შეეხება მთლიანად კერძო სექტორს, დაახლობით 36 %-იანი ზრდა გვაქვს კერძო სექტორის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებში. აქ იგულისხმება არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არამედ როგორც შიდა, ისე გარეწყაროებიდან შემოსული ინვესტიციები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ გაზრდილია დაკრედიტებაც. მაგალითად სოფლის მეურნეობაში ამ კუთხით მაღალი ორჯერ მეტი ზრდა გვაქს, ვიდრე ეს გასულ წელს იყო და ხუთჯერ მეტი, ვიდრე 2012 წელს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის არის პრიორიტეტული მიმართულება, არამედ ამ სექტორმა ინტერესი გააჩინა კომერციულ ბანკებშიც – კომერციული ბანკები გაცილებით მეტ სესხებს გასცემენ სოფლის მეურნეობის დარგში, ვიდრე ეს იყო თუნდაც გასულ წელს", - განმარტა კაკაურიძემ.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, გასულ 9 თვეში, შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებმა 3,8 პროცენტი შეადგინა.

"რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს – ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი დაგეგმილი გვაქვს 3,5 პროცენტის ფარგლებში. 9 თვის მონაცემებით, დეფლატორის მაჩვენებმა შეადგინა 3,8 პროცენტი, ვფიქრობთ, რომ ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე სწორედ იმ პარამეტრში უნდა ჩაჯდეს ყველაფერი, რაც დაგეგმილია ბიუჯეტთან ერთად. როგორც იცით, 2011, 2012 და 2013 წლებში ინფლაციის მაჩვენებელი იყო ან 0-თან ძალიან ახლოს, ან პირიქით, უარყოფითი ნიშნით ხასიათდებოდა. წლევანდელი წელი ამ მხრივაც გამონაკლისია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გარკველწილად ზრდის ტენდენციით ხასიათდება", - განაცხადა ფინანთა მინისტრის მოადგილემ.