საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2014 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების საკითხს განიხილავენ.
საკითხი ორი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს უნდა გაეტანა, თუმცა მის ნაცვლად პარლამენტში მოადგილე გიორგი კაკაურიძე მივიდა.
"საკითხის მომხსენებლად უნდა გვყოლოდა ნოდარ ხადური, თუმცა ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ის არ არის. ამიტომ მოხსენებას წაიკითხავს გიორგი კაკაურიძე", - მიმართა კომიტეტების წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა.
სხდომაზე ფინანსთა მინისტრის დაუსწრებლობის მიზეზი კაკაურიძემ განმარტა და აღნიშნული მოულოდნელად დაგეგმილ შეხვედრებს დაუკავშირა.
"სამწუხაროდ, ფინანსთა მინისტრს გამოუჩნდა შეხვედრები. საქართველოში ჩამოსული არიან აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრები დაიგეგმა, რომელსაც არ ველოდებოდით, ამიტომ მინისტრმა მოსვლა ვერ შეძლო", - აღნიშნა ხადურის მოადგილემ.