დავით შავშიშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად უკვე შევიდა.
როგორც შავშიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, გამოძიება გენოციდის და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
„მე ვესაუბრე გამომძიებელს და მან განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს გენოციდის და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმების დარღვევის მუხლით და საქმე ეხება აგვისტოს ომის თემატიკას. ჩემთვის ეს მოულოდნელი სიურპრიზი არ ყოფილა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და ეძებს ქართული მხარის დანაშაულს აგვისტოს ომში, ვინაიდან ჩვენი ახლანდელი ხელისუფლება საქართველოს წინა მთავრობას ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს“, - განაცხადა კახიძემ.
ამასთან, დაკითხვაზე შესვლის წინ, დავით შავშიშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ის დაინტერესებულია, თუ რა კითხვები აქვს პროკურატურას და დაკითხვაზე მისი დაბარება არ გაკვირვებია.