ქართული გამბიტი: ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია

ქართული გამბიტი: ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია

ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პოლიტიკურ ოლიმპზე ხმაურიანი გადადგომები განოხორციელდა: მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ" ორი წლის წინათ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხა და თავისი მთავრობის შექმნის შესაძლებლობა მიიღო, ხელისუფლების შიგნით ასეთი მასშტაბური ცვლილებები პირველად მოხდა, - ნათქვამია ჟურნალ „პროფილში"გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი სერგეი მარკედონოვი).

ელექტორალური წარმატების შემდეგ, მმართველობის პირველი წლის განმავლობაში „მეოცნებეები" „ოპოზიციურ" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან „თანაარსებობდნენ". ამ ხნის მანძილზე, ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, „ქართულმა ოცნებამ" შეძლო ძალოვანი სტრუქტურების დაქვემდებარება, დიპლომატიური კორპუსის გაკონტროლება, სასამართლო სისტემაში გარკვეული ცვლილებების გატარება, შეზღუდა უშიშროების საბჭოს ფუნქციები და საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო. ამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ფაქტობრივად უფუნქციო დარჩა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და საჯარო საქმიანობიდან მისთვის ჩვეულ კულისებში გადაინაცვლა.

საერთაშორისო არენაზე „ქართულმა ოცნებამ" მოკლე დროში შეძლო დაემტკიცებინა დასავლელი პარტნიორებისათვის, რომ რუსეთში გამდიდრებული მილიარდერის გუნდი არავითარ გეოპოლიტიკურ გადახვევებს არ გააკეთებს. საქართველომ გააგრძელა ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ძალებში მონაწილეობა, სადაც მისი კონტინგენტი ყველაზე მრავალრიცხოვანია. სწორედ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განახორციელეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ჯერ პარაფირება, შემდეგ კი ხელმოწერა. ამასთან, ახალმა ხელისუფლებამ, დასავლეთთან ინტეგრაციულ სწრაფვასთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესიც დაიწყო. თუმცა, ამ საკითხში უფრო მეტად ეკონომიკური ძვრები შეიმჩნევა, პოლიტიკური კი კვლავ „გაყინულია" - თბილისს  „წითელი ხაზები" (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარება) არ გადაუკვეთია.

ამასთან, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის შესაქმნელად ორწლიანი მუშაობის შემდეგ, როცა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან წავიდა, ხოლო ოდესღაც ყოვლისშემძლე „რუხი კარდინალი" ვანო მერაბიშვილი საპყრობილეში გაუშვეს, „ქართულ ოცნებას" ბზარები გაუჩნდა - მთავრობა საკვანძო და გავლენიანმა ფიგურებმა დატოვეს... ამას მოჰყვა „თავისუფალი დემოკრატების" გასვლა საპარლამენტო უმრავლესობიდან...

ქართული პოლიტიკის ანალიზის შედეგს თუ დავეყრდნობით, არაა გამორიცხული, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სამომავლოდ პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება. თუ ამას იმასაც დავუმატებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, მისი კოალიციური კოლეგებისაგან განსხვავებით, საკმაოდ ფრთხილად უდგებოდა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის დაჩქარებულ რეალიზებას, არაა გამორიცხული, რომ მისგან ქართული სახელისუფლებო მოდელის კორექტირების წინადადებებს მოვისმენთ.

მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ პერსპექტივაა, დღეს კი ირაკლი ალასანია მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „დასავლური კურსის" შეცვლის საფრთხე არსებობსო. „კრემლის ხელის" სინდრომი უკვე არაერთი წელია ქართული პოლიტიკური ბრენდია და ძალიან ჰგავს რუსი პოლიტიკოსების მცდელობებს - ყველაფერი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ამერიკული სპეცსამსახურების ხრიკებს დააბრალონ.

კაცმა რომ თქვას, ირაკლი ალასანიასა და მისი თანამოაზრეების გადადგომით ახალი არაფერი მომხდარა. საქართველოს ისტორიაში არაერთხელ გვინახავს, რომ კოალიციები, რომლებიც იქმნებოდნენ არა რაღაც მიზნით, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ, ხშირად იშლებოდნენ ტაქტიკური მიზნის მიღწევის შემდეგ (სტრატეგიის დეფიციტი კი არც მიხეილ სააკაშვილის და არც ირაკლი ალასანიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც არ გამქრალა). მსგავსი ალგორითმით დაიშალა ედუარდ შევარდნაძის, ჯაბა იოსელიანის და თენგიზ კიტოვანის ტრიუმვირატი 1990-იან წლებში, ხოლო 2000-იანების შუახანებში - მიხეილ სააკაშვილის, ნინო ბურჯანაძისა და ზურან ჟავანიას „რევოლუციური ტრიო". გუშინდელი მოკავშირეები მოწინააღმდეგეებად იქცეოდნენ ხოლმე და ერთმანეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს „ამჟღავნებდნენ". აი, ასეთი მეთოდით გახდა ნოემბრის მოვლენების გმირი ირაკლი ალასანია ოპოზიციონერი...

როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების განახლების რესურსი ამოწურა. შეუძლებელია ახალბედად დიდი ხნის განმავლობაში დარჩენა: დაპირებებთან ერთად (არადა, რამდენი იყო!) საქმეც უნდა გააკეთო და შედეგები აჩვენო. აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში ირაკლი ალასანია და მისი გუნდი, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, მთელ ძალისხმევას თავიანთი გუშინდელი პარტნიორების კრიტიკისაკენ მიმართავენ, დაიწყებენ ხელისუფლების შეცდომებისა და ჩავარდნების დაფიქსირებას. ალბათ, მათი კრიტიკა და მოთხოვნები უმეტესად ობიექტური და სამართლიანი იქნება, თუმცა, არის ეჭვები, რომ კონსტრქუციული წინადადების შეთავაზებისა და პასუხისმგებლობის აღების  საკითხებში ისინი სხვებთან შედარებით შორს ვერ წავლენ.

ადრე თუ გვიან, ეს მაინც უნდა მომხდარიყო. სასწაულები ამ ქვეყანაზე არ ხდება. ყოველი ოცნება, რომელიც რეალობის წინაშე დგება, ცვლილებებს განიცდის. რომელიმე პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ ბრძოლა მუდმივი არ შეიძლება იყოს, რაღაც ორიგინალური არასტანდარტული სვლების შეთავაზებაა ხოლმე საჭირო. საქართველოში დღეს სხვაგვარი პოლიტიკური კონფიგურაცია ყალიბდება, „სააკაშვილის შემდგომი პერიოდი" დასასრულს მიუხლოვდა, პირველ პლანზე გამოდის ახალი ამოცანები და მიზნები, რომლებსაც ახალი პარტიები გაათამაშებენ.

http://www.profile.ru/pryamayarech/item/88604-gruzinskij-gambit