ირაკლი ალასანია - ტალახის სროლით პოლიტიკის კეთება წარსულს უნდა ჩავაბაროთ

ირაკლი ალასანია - ტალახის სროლით პოლიტიკის კეთება წარსულს უნდა ჩავაბაროთ

პოლიტიკის კეთება ტალახის სროლითა და სხვადასხვა უმსგავსო ნაბიჯით, წარსულს უნდა ჩავაბაროთ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.

ალასანიას განმარტებით, პოლიტიკური ძალები იმაზე უნდა იყვნენ გადართული, რომ ვალდებულებები, რაც საზოგადოების წინაშე 2012 წელს აიღეს, შეასრულონ.

ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზეც საუბრობს და დარწმუნებით აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მოუწევთ იმ პირებს, ვინც "ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრა".

"მე დავინახე მიზანმიმართული ჩანაფიქრი და იერიშის მოტანა ჩვენზე. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების უდანაშაულობაში. რატომ გახდა აუცილებელი მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება, როდესაც არსად გაქცევას არ აპირებდნენ? რატომ წაუყენეს ბრალი მაინცდამაინც იმ დღეს, როდესაც მე უმნიშვნელოვანესი ვიზიტით ვიყავი საფრანგეთში და ხელს ვაწერდი შეთანხმებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე? სწორედ ახლა რატომ წამოსწიეს წინ ჯარისკაცების კვებაზე ჩემ მიერვე გადაგზავნილი საქმე? მე გამოძიების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაირკვეს თეთრი და შავი. დარწმუნებული ვარ, პასუხისმგებლობა მოუწევთ თავად იმ პირებს, ვინც ეს მზაკვრული გეგმა მოიფიქრეს", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" გეგმებს, ალასანიას თქმით, ისინი მომავალი არჩევნებისთვის მოემზადებიან.

"ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და არა ქუჩაში დაძაბულობის შესაქმნელად. არასტაბილურობა უპირველესად დაარტყამს თითოეულ ჩვენს მოქალაქესა და საინვესტიციო გარემოს", - აღნიშნა ალასანიამ, რომლის განმარტებითაც, რომელიმე ძალასთან, მითუმეტეს კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ტიპის პოლიტიკურ ერთობაზე საუბარი არ მიმდინარეობს.