რუსიკო მაჩაიძე, “რეზონანსი”
საქართველოში მტკვარი აღარ გამოივლის და ზაფხულობით, როდესაც მტკვრის შენაკადების ადგილობრივი მოხმარება გაიზრდება, თბილისში ყველა ხიდი "მშრალი" იქნება. უარესი მდგომარეობა კი აზერბაიჯანს შეექმნება, რადგან მინგეჩაურის წყალსაცავს მთავარი მკვებავი წყარო მოაკლდება.
ეს პერსპექტივა ელის საქართველოს და აზერბაიჯანს, თუკი თურქეთმა შეძლო იმ პროექტის განხორციელება, რაზეც მუშაობა თურმე ძალიან აქტიურად მიმდინაროებს და ამ თემაზე საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორისაც ყოფილა.
საუბარია პროექტზე, რომელიც მტკვრის სათავეში ჰიდროელექტროსადგურთა კასკადის - "ბეშიქ ჰაიას" მშენებლობას ითვალისწინებს. ამ პროექტის მთავარი არსი კი ის არის, რომ თურქეთის პროვინცია არდაგანში, სადაც სათავეს იღებს მტკვარი, აშენდება ჰიდროელექტროსადგურთა კასკადი და იმისთვის, რომ მტკვრის რესურსი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული, მდინარეს შეეცვლება კალაპოტი და საქართველოში წამოსვლის ნაცვლად თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის და კასპიის ზღვის ნაცვლად შავ ზღვაში ჩავა.
თურქეთის მთავრობის ამ პროექტზე წინა კვირას საქართველოს პარლამენტში თურქეთის პარლამენტის დელეგაციის წევრმა, არდაგანის ოლქის დეპუტატმა ისაუბრა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თავად საქართველოს პარლამენტის წევრებისთვისაც ახალი ამბავი იყო, არ გაჟღერებულა.
"თურქეთის პარლამენტის წევრმა მე პირადად და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე მოგვითხრო, რომ ასეთი საკითხი დღეს თურქეთის ხელისუფლებაში აქტიურად განიხილება და მან შემოგვთავაზა, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან თავად ეს დუპუტატი გახლავთ არდაგანის ოლქიდან.
როგორც მე მივხვდი, ის არის მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი თურქეთის პარლამენტში არდაგანის ოლქიდან. როგორც მოგეხსენებათ, არდაგანის ოლქი არის ჩვენი მოსაზღვრე ტერიტორია, საიდანც გამოედინება მტკვარი, შემდეგ გაივლის საქართველოს ტერიტორიას და აზერბაიჯანის ტერიტორიის ჩავლით ჩაედინება კასპიის ზღვაში.
"ეს ინფორმაცია პირადად ჩემთვის სიახლეს წარმოადგენდა და ჩვენ შევთანხმდით, რომ, როგორც მინიმუმ, პირველ ეტაპზე გავცვლით დეტალურ ინფორმაციებს და მე ამის პარალელურად ვაპირებს, რომ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნო მთავრობას, რა ინფორმაციას ფლობს და, თუკი ინფორმაცია არა აქვთ, დაინტერესდნენ, ამ საკითხის განხილვა რა ეტაპზეა. ჩვენ ასევე აქტიურად ვიკონტაქტებთ ჩვენს საელჩოსთან სტამბულში," - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე.
როგორც იგი აღნიშნავს, თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა მას ეს ინფორმაცია სწორედ იმ მიზნით მიაწოდა, რათა მოხდეს ერთობლივი ჩარევა და არ დაუშვან ამ პროექტის განხორციელება, რადგან ეს რეალურად საფრთხეს შეუქმნის როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს, ასევე თურქეთის ამ პროვინციას.
"ძალიან სერიოზული ნეგატიური შედეგებით შეიძლება დამთავრდეს საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთის გარკვეული რეგიონებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თურქეთში ელექტროენერგიის ბაზარი დეფიციტურია. თურქეთს არა აქვს ატომური ელექტროსადგურები, შეზღუდული რაოდენობით აქვს თბოელექტროსადგურები. ამიტომ მათ პრიორიტეტს წარმოადგენს ჰიდრორესურსების ათვისება. ამ რესურსების ძირითადი ნაწილი არის მოქცეული თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ანუ ჩვენს საზღვართან.
"სწორედ აქედან გამომდინარეობდა თურქეთის მიერ განხორციელებული ძალიან დიდი მასშტაბის - ჭოროხის ხეობის ათვისების პროექტი, რომელმაც საქართველოსთვის დიდი ეკოლოგიური მასშტაბის პრობლემები შექმნა და სწორედ ამის შედეგია, რომ შავი ზღვის აჭარის სანაპიროს მუდმივად სჭირდება სერიოზული ჩარევა იმისთვის, რომ სანაპირო ზოლი მთლიანად არ წაიღოს ზღვამ. შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგები დადგეს, თუკი მტკვრის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების კაშხალის მშენებლობა საბოლოოდ გადაწყდება," - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ეკოლოგები დაუჯერებლად მიიჩნევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გლობალურ კატასტროფებს გამოიწვევს.
"ამ ბოლო პერიოდში სულ არანორმალური რაღაცების კომენტირება მიწევს და არც ეს გამიკვირდება, რომ მოხდეს. მაგრამ ეს უკვე რეგიონული მასშტაბის საკითხია და არა მგონია, რომ ასე მარტივად გადაწყდეს.
"მტკვარი საქართველოს ძირითადი არტერიაა და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორედ მტკვრის საშუალებით სულდგმულობს და, თუკი მტკვარი აღარ იქნება, პრობლემა შეექმნება მთელ ქვეყანას.
"გარდა ამისა, მინგეჩაურის წყალსაცავის მთავარი მკვებავი საშუალება არის მტკვარი და ამით პრობლემა შეექმნება მასაც. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ პროექტის განხორციელება პოლიტიკურ დონეზე საერთაშორისო სკანდალი იქნება, ეკოლოგიურ დონეზე კი - კატასტროფის გამომწვევი. ეს იქნება სახელმწიფოთა დონეზე სერიოზული დაპირისპირების საგანი და ამაში ჩართული იქნება არა მარტო საქართველო, არამედ აზერბაიჯანიც," - აცხადებს "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე, გია გაჩეჩილაძე.
ექსპერტ ნინო ჩხობაძესაც ამ პროექტის განხორციელება საეჭვოდ მიაჩნია, თუმცა აცხადებს, რომ ეს პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, შექმნის როგორც ეკოლოგიურ პრობლემებს, ასევე დიდი ალბათობით გამოიწვევს სამხრეთ საქართველოში მდებარე ისტორიული ძეგლების განადგურებას.
"ზოგადად მტკვრის სათავეში კაშხლის გაკეთება სათუოა, რადგან ეს ძალიან დიდ ზემოქმედებას იქონიებს ჩვენზე. პირველ რიგში, აქ კაშხლის მშენებლობა, რომელიც უსათუოდ შეცვლის ამ ტერიტორიაზე კლიმატს, დაგვიზიანებს ვარძიის კომპლექსს და ამ ტერიტორიაზე მდებარე ყველა იმ ისტორიულ ძეგლს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს ჩვენი ისტრიის მთლიანი წაშლა იქნება. ამას დაამატეთ ის გლობალური პრობლემები, რასაც გამოიწვევს მტკვრის საქართველოს ტერიტორიაზე აღარგავლა და მინგეჩაურში არჩასვლა.
"მე ეს პროექტი დაახლოებით ისეთი ტიპის პროექტად მიმაჩნია, როგორიც არის, მაგალითად, ციმბირის მდინარეების გადაგდება არალის ან კასპიის ზღვისკენ. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს "პროჟექტი" უფრო არის ვიდრე "პროექტი".
"თუკი ამას დათანხმდებიან, მთელი ჩვენი ენერგოსისტემა, რაც მტკვარზეა განთავსებული, წყლის გარეშე რჩება. თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს? მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ ვის შეიძლება აზრად მოუვიდეს. ცხადია, ტექნიკურად ამის გაკეთება შესაძლებელია. მთავარი აქ სხვა რამაა. იცით, ეს როგორი გლობალური კატასტროფის ტოლფასი იქნება?" - კითხულობს ნინო ჩხობაძე.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება არ მოხდეს ამ პროექტის განხორციელება, გია გაჩეჩილაძე ერთადერთ საშუალებად საერთაშორისო სამართალს მიიჩნევს.
"არსებობს გაეროს კონვენცია მდინარეთა გამოყენების შესახებ და ამის გამოყენება უნდა მოხდეს, რათა ეს პროექტი არ განხორციელდეს. მაგრამ, მე არა მგონია, რომ ეს სერიოზული პროექტი იყოს. უფრო მგონია, რომ ეს თურქეთისთვის დამახასიათებელი სტილის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი რაიმე სხვა გადაწყვეტილებაზე დაიყოლიონ. რადგან, თუკი მტკვარი საქართველოზე აღარ გამოივლის, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთმა ომი გამოუცხადოს საქართველოს და აზერბაიჯანს. ეს შეიძლება რეგიონული კონფლიქტის საფუძველი გახდეს," - აცხადებს გაჩეჩილაძე.
თუმცა, ნინო ჩხობაძის თქმით, "არსებობს მდინარეების და ტბების გამოყენების შესახებ ჰელსინკის კონვენცია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ჩვენ და არც თურქეთი ამ კონვენციაზე მიერთებულები არ ვართ."
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე კი 1928 წელს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამოყენებას მიიჩნევს ყველაზე ოპტიმალურ გამოსავლად.
"რა თქმა უნდა, ამ საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს ინტერესი გათვალისწინებული უნდა იქნეს და ამის საერთაშორისო საფუძველი არის 1928 წლის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული არის მაშინდელ საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის და ამ ხელშეკრულებით მტკვარი ამ ორი სახელმწიფოს საერთო საკუთრებად არის მიჩნეული.
"დღევანდელი ვითარებით, ამ საკითხში საბჭოთა კავშირის სამართალმემკვირდეს წარმოადგენს საქართველო და აზერბაიჯანი. შესაბამისად, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებთან შეუთანხმებლად უნდა გამოირიცხოს ასეთი მსხვილი მასშტაბის პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება თურქეთის მთავრობის მიერ.
"მე არ მინდა, რაიმე წინმსწრები კომენტარები და განცხადებები ვაკეთო, რადგან უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და მედიას სრულყოფილ ინფორმაციას მივაწვდით," - აცხადებს თარგამაძე.
საინტერესო ის არის, რომ ამ პროექტის არსებობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ბალავაძე.
თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, თურქეთის პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას ამ საკითხზე მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
"მთავარი რაც იყო, ეს არის ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობის სამომავლო გაღრმავება და გაძლიერება. ეს საკითხი, რასაც თქვენ ამბობთ, სხვა ბევრ საკითხს შორის დაისვა. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამის მშენებლობა იყო გეგმაში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოა მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების შედეგად ეს მშენებლობა გადმოვა აქეთ, საქართველოს ტერიტორიაზე. ამ შეხვედრაზე სწორედ ეს ფაქტი იქნა აღნიშნული, რომ კარგი რამ გაკეთდა," - აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.
მისი თქმით, "საუბარია პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს კაშხლის აშენებას თურქეთის მხარეზე და ახლა მიდის ლაპარაკი იმაზე, რომ აშენდეს აქეთ. პროექტს შეიმუშავებს და განახორციელებს თურქეთი, თავისი სახსრებით."
რაც შეეხება იმას, თუ რატომ დათანხმდა საქართველო ამ ვარიანტს, აღნიშნავს, რომ "იქ აშენებას შეიძლება გარკვეული პრობლემები გამოეწვია. ვგულისხმობ ლანდშაფტს და იმ ზიანს, რაც შეიძლება მტკვარს მისდგომოდა. უკვე პრობლემა იქნებოდა მდინარეების საქართველოსკენ წამოყვანა და მოხდებოდა კალაპოტის შეცვლა და ა.შ. ეს პროექტი იყო ძალიან რთული კონსტრუქცია და ამიტომ მათი მხრიდან იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აქეთ მხარეს აშენდეს."
თუმცა, როდის დაიწყება ამ პროექტის განხორციელება, ბალავაძე ვერაფერს ამბობს.
1151
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85