ხელისუფლება მხოლოდ მისთვის სასარგებლო რეკომენდაციებს ითვალისწინებს

ხელისუფლება მხოლოდ მისთვის სასარგებლო რეკომენდაციებს ითვალისწინებს

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციებიდან ხელისუფლება მხოლოდ იმის გათვალისწინებას აპირებს, რაც აწყობს. ხოლო რაც არ აწყობს, აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიამ არ იცის ქართული რეალობა და ამიტომ კონკრეტულ საკითხებს ვერ გაითვალისწინებენ.

ასეთი განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 8 დეკემბერს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის კომენტარისას გააკეთა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

თავად შეხვედრა კი იმ მიზნით გაიმართა, რომ ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორისთვის გაეცნო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან რომელი საკითხების გათვალისწინებას აპირებს.

საქართველოის კანონმდებლობით მოქალაქეობის არმქონე პირს საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება არ აქვს. ეს საკითხი კი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტმა მოქალაქეობა მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა.

მართალია, ივანიშვილი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად არის ქართული სასამართლო დამოუკიდებელი, ადვილი წარმოსადგენია, რომ სასამართლო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნის სამუშაო ვარიანტს, რომელიც 31 გვერდიანია, დეტალურად არის განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები. განსაკუთრებული აქცენტი იმ ნორმებზეა გაკეთებული, რომლებიც შესწორებას საჭიროებენ.

ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ეხება მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლების მიცემას. მაგრამ ხელისუფლება ამ გათვალისწინების კატეგორიული წინააღმდეგია.

გარდა ამისა, რეკომენდაციებში რამდენიმე ნორმაზეა ყურადღება გამახვილებული. ეს ნორმებია: ქვეყანაში ცხოვრების ზედმეტად ხანგრძლივი ვადის მოთხოვნის გამო არჩევნებში მონაწილეობისა და კენჭისყრის შეზღუდვა, საარჩევნო ოლქების იმ სახით ფორმირება, რომლითაც თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპი ირღვევა; ისეთი პირობების არარსებობა, რომლებიც დამოუკიდებელ კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევენ, კენჭი იყარონ; მექანიზმების უკმარისობა, რომლებიც ქალებს არჩევნებში მონაწილეობას გაუადვილებს; პოლიტიკური პარტიების და კამპანიების დაფინანსების არასაკმარისი რეგულირება; საარჩევნო საჩივრების გადაჭრის არასაკმარისობა.

დასკვნის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დამკვირვებელთა შეფასებით, ზოგი დებულება, მათ შორის სახელისუფლებო კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის რეგულაციის შესახებ, არასაკმარისად არის განხორციელებული.

კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისგან განსხვავებული პოზიცია დღემდე შენარჩუნებულია. მისი თქმით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა ოლქს უნდა ჰქონდეს თავისი მაჟორიტარის არჩევის საშუალება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ყოფნისას ვენეციის კომისიის დელეგაციამ მიუღებლად მიიჩნია გუბერნატორებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მინიჭება.

იმედს გამოვთქვამთ, საქართველოს ხელისუფლება გუბერნატორებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობას არ მისცემსო, მაგრამ, როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ხელისუფლება ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს.

კუბლაშვილმა განცხადა, რომ გუბერნატორები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და შესაბამისად, მათ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ.

რაც შეეხება ყველაზე სადაო საკითხს - იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას, კუბლაშვილი ამბობს, რომ ვენეციის კომისია ხელისუფლებიდ პოზიციას იზიარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საკითხი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ ორი პროექტის მიხედვით სხვადასხვაგვარად რეგულირდება. „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის მიხედვით, რომელიც ვენეციის კომისიას ჯერ კიდევ აგვისტოში გადაეგზავნა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის პარტიისთვის შესაწირი თანხის ლიმიტი ორმაგდება და ფიზიკური პირებისთვის ხდება 60 000 ლარი, იურიდიული პირებისთვის კი – 200 000 ლარი. „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში ცვლილების პროქტის მიხედვით კი, რომელიც ვენეციის კომისიას ნოემბრის ბოლოს გაეგზავნა, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსების საშუალება საერთოდ ეკრძალებათ.

კუბლაშვილი კი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის პოზიციით, არ შეიძლება სხვადასხვა ლიმიტი არსებობდეს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში იურიდიული პირის შექმნა ძალიან მარტივად ხდება, ამით, შესაძლოა, ეს პროცესი მაინც უკონტროლო აღმოჩნდესო. „საბოლოოდ კი მიდიან იქამდე, რომ იზიარებენ იუსტიციის სამინისტროს ფორმულირებას“, - ამბობს კუბლაშვილი.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური სპექტრი იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვას კატეგორიულად არ ეთანხმება.

რეკომენდაციებში ძირითადი ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან  შეუსაბამობას ერთმანდატიან ოლქებს შორის, მათ შორის სხვაობას ამომრჩეველთა რაოდენობის კუთხით, რაც, კომისიის თქმით, „ძირს უთხრის ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის პრინციპს“. ეს ის საკითხია, რომელიც ვენეციის კომისიამ წარსულშიც რამდენჯერმე დააყენა.

„შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოში იქნა არჩეული, როგორც ასეთი, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა საქართველოში, დაახლოებით, თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქების უზრუნველყოფა, რითიც  შერეული სისტემის ფარგლებში ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა გარანტირებული“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

ხელისუფლება ნაწილობრივ მოაგვარებს ამ მნიშვნელოვან სხვაობას ოლქებს შორის, ვინაიდან 10 უმსხვილესი ოლქის შუაზე გაყოფა იგეგმება; შედეგად მაჟორიტარული ადგილების რაოდენობა პარლამენტში არსებული 75–დან 83–მდე გაიზრდება.

თუმცა, სხვაობა მაინც დარჩება ამ ათი უმსხვილესი ოლქის გაყოფის შემდეგ, ახლად შექმნილი ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 52 000–დან 80 000–მდე იქნება. გარდა ამისა, ისევ დარჩება ხუთი ოლქი 10 000–ზე ნაკლები ამომრჩევლით, ხოლო 42 სხვა ოლქში 10 000–დან 50 000–მდე ამომრჩეველი იქნება.

ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსის პროექტში იმგვარი შესწორების შეტანის რეკომენდაციას იძლევა, რომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობა იყოს უზრუნველყოფილი.

მაჟორიტარული ოლქების საზღვრები, ძირითადად, მუნიციპალიტეტების საზღვრებს ემთხვევა. ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს ოქტომბერში საქართველოში ვიზიტის დროს განუცხადა, რომ პოლიტიკურად ძალიან რთული იქნება საარჩევნო ოლქების ხელახალი გადანაწილება და ოლქებისა და მუნიპალური საზღვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

ხელისუფლება პოზიციის შეცვლას არც ამ საკითხთან დაკავშირებით აპირებს. თუმცა, ამას უკავშირდება პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის საკითხი, რაც საარჩევნო კოდექსში არ არის მოცემული და, შესაბამისად, ამაზე არც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არსებობს. თუმცა, უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა აღარ სურს ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რადგან მისთვის არსებულ რაოდენობაში მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა უფრო მომგებიანი იქნება.

კუბლაშვილი კი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას პოზიცია არ შეუცვლია. თუმცა, მისივე თქმით, გადაწყდება პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე. 

გარდა ამისა, მოქმედი ნორმების მსგავსად, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უფლებას იძლევა – კერძოდ, სახელმწიფო შენობების, საკომუნიკაციო საშუალებების, მანქანების – კამპანიის მიზნებისთვის იმ პირობით, რომ ყველა კანდიდატისა და პარტიისთვის ისინი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

„ერთი შეხედვით, ეს დებულება თანასწორი შესაძლებლობის პრინციპს იცავს, თუმცა, პრაქტიკულად ამგვარი თანასწორობა სწრაფად შეიძლება შეილახოს, რადგანაც სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიებს უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი ამგვარ რესურსებზე.

„ეს პრობლემა ნაწილობრივ კანონმდებლობაში სიცხადის და სიზუსტის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ასევე განმეორდა კოდექსის პროექტში. კოდექსის პროექტის დებულებები ბუნდოვანს ხდის ხაზს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის და არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს“, – განაცხადა ვენეციის კომიასიამ.

ხელისუფლება კი არც ერთი ამ საკითხის გათვალისწინებას არ აპირებს. რაც შეეხება იმ საკითხებს, რის გაზიარებასაც ხელისუფლება აპირებს, ეს საკითხები რამდენიმე შედარებით არაარსებით საკითხს მოიცავს.   

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას და საქართველოში ცხოვრების ცენზი პარლამენტის წევრობის კანდიდატზეც შემცირდება.

ცვლილებებით საქართველოში ცხოვრების ცენზი პარლამენის წევრობის კანდიდატის მიმართ 10 წლიდან 5 წლამდე შემცირდება. ანალოგიური ცვლილება პროექტში უკვე ასახულია პრეზიდენტის მიმართაც. ვენეციის კომისიამ კი მისი ასახვა, პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართაც მოითხოვა.

შესაბამისად, გადაწყდა, რომ პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში ან დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

ასევე, არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნა, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა იქნება შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობით, კანდიდატურის მოხსნა არჩევნებამდე 2 დღით ადრე იყო შესაძლებელი.

როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, როდესაც კანდიდატურის მოხსნა 2 დღით ადრე ხდებოდა, საარჩევნო ბიულეტენიდან აღნიშნული კანდიდატურის გვარის ამოღება ვეღარ ხდებოდა, რადგან ამ დროისთვის ბიულეტენები უკვე დაბეჭდილი იყო.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შენიშვნაში აღნიშნული იყო, რომ კანდიდატურის მოხსნის რეალისტური ვადები დაწესებულიყო. შესაბამისად, გადაწყდა, რომ კანდიდატურის მოხსნა, გარკვეულწილად, მიბმული ყოფილიყო ბიულეტენთან.

კუბლაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის თუ პარლამენტის წევრობის კანდიდატს, კანდიდატურის მოხსნა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა შეეძლება, რაც ამომრჩევლის დაბნეულობას აღარ გამოიწვევს.

კუბლაშვილი აცხადებს იმასაც, რომ საარჩევნო პროცესში მარკირების დაბრუნებასთან დაკავშირებით მსჯელობა კვლავ გაგრძელდება .

აღსანიშნავია, რომ მარკირების საკითხით არასამთავრობო ოგანიზაციები დაინტერესდნენ. პავლე კუბლაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, მათთან ერთად ეს თემა კვლავ გააგრძელოს და განაცხადა, რომ ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია მათ არ აქვთ. მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია, არ იყოს იმის ილუზია, რომ მარკირება საარჩევნო გარემოს გადაარჩენს, თუმცა, თუ ამ საკითხზე მსჯელობის გაგრძელების სურვილი იქნება, კუბლაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ მასში ჩაერთოს.

უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სახელმწიფო კომპანიებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, „საარჩევნო კოდექსის“ პროექტიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვით შემოწირულობის განხორციელება ისეთი სამეწარმეო იურიდიული პირებისთვის ხდებოდა შესაძლებელი, რომელშიც სახელმწიფო წილი 50%-ზე ნაკლებია. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ კოდექსში ასეთი დებულება არ უნდა არსებობდეს და ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელშიც სახელმწიფო წილი არსებობს, შემოწირულობის განხორციელება უნდა ეკრძალებოდეს.

გარდა ამისა, წინასაარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური პარტიებისთვის ფასიან რეკლამას თანაბარი ღირებულება ექნება. ეს ვალდებულება „საარჩვენო კოდექსში“ ჩაიწერება.

კანონმდებლობით, არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი პირობები: ტელე ან რადიოკომპანიების მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლის საერთო მოცულობის 15%-ს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის 1/3-ზე მეტი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით კი, საარჩევნო კოდექსის შესაბამის მუხლს დაემატება, რომ ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს, როგორც კვალიფიციური ისე, არაკვალიფიციური სუბიექტისთვის.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ საჯარო მედია «უნდა უზრუნველყოფდეს პარტიებსა და კანდიდატებს არჩევნებში თანასწორი წვდომითა და სამართლიანი მოპყრობით“.

ამასთან, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას აძლევენ.

კუბლაშვილის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული რეკომენდაცია ვენეციის კომისიისა და მათი მოსაზრებების თანახმად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცეთ.

შეხვედრაზევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაისვა საპატიმროებში პატიმრებისთვის პირადობის მოწმობების ქონა-არქონის პრობლემა. როგორც არასამთავრობოები ამბობენ, სწორედ ამ პრობლემის გამო ბოლო არჩევნებში წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისგან მონაწილეობა მხოლოდ ერთმა მიიღო. ისინი არ გამორიცხავენ, რომ პირადობის მოწმობების პრობლემა როგორც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს, ისე უკვე მისჯილებსაც ჰქონდეთ.

კუბლაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმსჯელონ და კონკრეტული მექანიზმები მოიფიქრონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვენეციის კომისია დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ყველა ტიპის არჩევნებში მონაწილეობის უფლების აღდგენას ითხოვს და როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ეს შენიშვნაც გათვალისწინებული იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე პარტიული კანდიდატების გარდა დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენაც იქნება შესაძლებელი.

კუბლაშვილის განმარტებით, დამოუკიდებელი კანდიდატები არსებობდნენ 2004 წლამდე, თუმცა, შემდეგ ეს ცნება გაუქმდა და დამოუკიდებელ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აღარ ჰქონდათ, რათა პარტიები გაძლიერებულიყვნენ და მათთვის კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო. თუმცა, კუბლაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება და შემოღებული იქნება ამომრჩევლეთა ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის ცნება, რომელთაც კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. მისივე განმარტებით, ჯგუფს უფლება ექნება, წარადგინოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატი, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი და თბილისის მერობის კანდიდატი.

რაც შეეხება წარდგენის პროცედურას, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეაგროვოს იმ შესაბამის ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ის ხელმოწერები, თუმცა, ეს ხელმოწერები არ უნდა იყოს 500-ზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

პროექტის საპარლამენტო განხილვა, კუბლაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან დაიწყება. თუმცა, მისივე თქმით, მანმადე კიდევ გაიმართება კონსულტაციები ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.