შენიღბული  ტირანია (მოსაზრებები  დემოკრატიის დამკვიდრების შესახებ)

შენიღბული ტირანია (მოსაზრებები დემოკრატიის დამკვიდრების შესახებ)

ცნობილი ქართველი ქველმოქმედისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე შემოსვლამ საარჩევნო პრობლემებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღრმავა და,  სავარაუდოდ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების ვადა, ეს ინტერესი მით უფრო მოიმატებს. ეს ლოგიკურიც არის, რადგან  აღნიშნული არჩევნების შედეგებით უნდა გადაწყდეს სააკაშვილის 10–წლიანი მმართველობა დასრულდება, თუ კვლავ გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით და  ქვეყნისთვის უდავოდ უკიდურესად უარყოფითი  შედეგებით.

 

სადავო და სადავიდარაბო არაფერი იქნებოდა, ეჭვი რომ არ შეგვქონდეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულობაში, რაც საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით უნდა იმართებოდეს კენჭისყრაში მონაწილე პირთა თანასწორობის, პირდაპირობის, ფარულობის, ნებაყოფლობითობისა და სამართლიანობის საფუძველზე.  სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები მასობრივად ხასიათდებოდა ყველა ამ პრინციპის დარღვევებითა და უკანონო ხელყოფით, რის გამოც იგი ამომრჩეველთა უმრავლესობის თვალში ფასდებოდა, როგორც გაყალბებული და ხელისუფლების უზურპაციის საფუძველი. დიახ – დღეს, მოსახლეობის დიდი უმრავლესობის აზრით, ჩვენ გვყავს დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე ხელისუფლება, ანუ – არაკანონიერი. მაშასადამე, დღევანდელი ხელისუფლების წყარო არ არის ხალხი, როგორც ეს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციების მიხედვით და ფორმალურად საქართველოს კონსტიტუციითაც არის აღიარებული და, აქედან გამომდინარე, ის არც ხალხის  ნების გამომხატველია. ეს კი უკვე  ტირანიაა, რომლის კლასიკური განსაზღვრებაა „უკანონო ძალადობით ხელისუფლების ხელში ჩაგდება და შემდგომ კი მისი შენარჩუნება განუკითხაობითა და ტერორით“.

 

მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის, რის გამოც ეს ხელისუფლება არაფრად აგდებს საკუთარ ხალხს, ანგარიშს არ უწევს მის ინტერესებს და  მისი უფლებების შელახვის ხარჯზე ზრდის საკუთარ ძალაუფლებას, კეთილდღეობას, სიმდიდრეს და ბევრჯერ საზოგადოების თვალში ამორალური სურვილების დაკმაყოფილებასაც არ ერიდება. ასე რომ, თავისუფლებისათვის ბრძოლის მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე ქართველი ხალხი 21–ე საუკუნის დასაწყისში, მაშინ, როცა აზია–აფრიკის ხალხები საუკუნოვანი დესპოტიზმის უღელს წარმატებით იშორებენ, ტირანიის მსხვერპლი აღმოჩნდა და მიუხედავად რამდენიმეწლიანი საყოველთაო საპროტესტო  გამოსვლებისა, ვერაფრით აღწევს თავს მის დამთრგუნველ მარწუხებს.

 

ამ რეალობის ჩვენება და დამტკიცება არ არის უმნიშვნელო საქმე და ეს საკმაოდ პროფესიონალურად და გაბედულად აქვს განხორციელებული ქართულ პოლიტიკურ ელიტას: პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს, მაგრამ, რადგან ტირანია, მიუხედავად საზოგადოების უდიდესი ნაწილის მასთან რამდენიმეგზის საკმაოდ მძაფრად  დაპირისპირებისა, მაინც მყარად დგას,  მაშასადამე, ლოგიკურად უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ბრძოლის მეთოდიკა და  ტაქტიკა სწორად არ არის შემუშავებული და  ამიტომაც ის არ ამართლებს.

 

აქედან გამომდინარე, აუცილებელია თავისუფლებისათვის ბრძოლის მეთოდებზე გაიმართოს დიდი მსჯელობა და დისკუსიები, რათა ჩვენთანაც გამოჩნდნენ ჩვენი სოლონები, პერიკლეები და გრახკუსები, რომლებმაც 20–25 საუკუნის წინ ძველ საბერძნეთში დემოკრატია – ხალხის ძალაუფლება და ძველ რომში რესპუბლიკა – ხალხის საქმე დაამკვიდრეს და განავითარეს. ისტორიიდან ვიცით, რომ მათი იდეებითა  და ბრძოლით შთაგონებულმა მე–18 საუკუნის ფრანგმა განმანათლებლებმა ვოლტერმა, მონტესკიემ და ჟან–ჟაკ რუსომ  შექმნეს დემოკრატიული მმართველობისა და  ხელისუფლების გადანაწილების თეორიული საფუძვლები. მათ მოძღვრებებზე დაყრდნობით ამერიკის კონვენტმა 1787 წელს მსოფლიოში პირველი დემოკრატიული კონსტიტუცია დაამტკიცა.  მას შემდეგ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები დემოკრატიული განვითარების გზას  წარმატებით მიჰყვებიან. ამ ფერხულში ჩაბმის შანსი 1918 –21 წლებში მხოლოდ სამი წლით მოგვეცა და შემდგომ 70 წლით აგვეკრძალა საბჭოთა კომუნისტური დიქტატორული იმპერიის მსხვერპლად ქცევის გამო.

 

ჩვენდა საბედნიეროდ, ამ იმპერიის რღვევის შედეგად, 1991 წელს შესაძლებლობა გაგვიჩნდა აღგვედგინა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა და, ამასთან ერთად, დემოკრატიის განვითარებისთვისაც გვეზრუნა. მაგრამ, ეტყობა, თავისუფალი და დემოკრატიული ცივილიზაციისაგან 200–წლიანმა დისტანცირებულ მდგომარეობაში ყოფნამ ჩვენს საზოგადოებას თავისი მსახვრალი დაღი დაასვა და საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრების ნაცვლად  დიქტატურისკენ ლტოლვა და ხალხის უფლებების ფეხქვეშ გათელვა მისთვის დამახასიათებელ რეალობად აქცია. ნუთუ 20 წელი საკმარისი არ არის, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ მიმავალი გზა მოვძებნოთ, თუ მაინც და მაინც ბიბლიური 40 წელი გვჭირდება სანატრელი მიზნის მისაღწევად?

 

ქართველი ხალხი თავისი ეთნო სულიერ–ფსიქოლოგიური მდგომარეობით საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დამყარების მომხრეა, რადგან იგი თავისუფლებასთან ასოცირდება. მაგრამ ის ძალები, რომლებიც დღეს ხელისუფლებას ფლობენ, კბილებით იცავენ თავიანთ უკანონო ძალაუფლებას. ამგვარი ვითარების გამო საზოგადოება კი არ არის დამნაშავე, რომელმაც თავისი პროტესტი უამრავჯერ მწვავედ გამოხატა პოლიციურ რეჟიმად გარდაქმნილი  ხელისუფლების მიმართ, არამედ დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის საუკუნოვანი გამოცდილების უქონლობა, რაც ხელისუფლებაში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს ვერ იცავს იმ ცდუნებისაგან, რასაც აბსოლუტური ძალაუფლებისკენ ლტოლვა და თავისი თავისთვის დაუსჯელობის გარემოს შექმნა ჰქვია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებამ ამგვარი რეჟიმების ხელში ვერ მოახერხა ისეთი ძლიერი მექანიზმების შექმნა, რაც ტოტალიტარიზმის დამყარების სურვილს გაუქრობს ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალებს. ის რაც ამ ცდუნებას განხორციელებადს ხდის, არის შიშველი უსამართლო ძალა. ამის შესახებ ამბობს ბლეზ პასკალი: „მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას, შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია; ძალა, რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა, ტირანულია. უძლურ სამართლიანობას ყოველთვის ფეხქვეშ გაიგებენ, იმიტომ რომ ამ ქვეყნად არ დაილევიან უკეთურნი. მაშასადამე, საჭიროა ძალისა და სამართლიანობის შერწყმა. ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი, ანდა ძალა – სამართლიანი“.

 

სწორედ ამ ამოცანის გადაჭრა უნდა შეძლოს უახლოეს ხანებში საქართველოს საზოგადოებამ, თორემ, ვერც ამ რეჟიმის მოშორება გახდება შესაძლებელი და თუნდაც მოხდეს ამ რეჟიმის მოშორება, მომავალშიც არ არის დაზღვეული ქვეყანა, რომ მისი ტირანიის ჯოჯოხეთში ჩაგდების მსურველი ბოროტი ძალები კვლავ არ გამოჩნდნენ.

 

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მიზანი, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვოს, რათა ამჟამინდელი ავტორიტარიზმის ხელშემწყობი კონსტიტუცია საკონსტიტუციო მექანიზმით დემოკრატიულ ჩარჩოებში მოაქციოს,  ქვეყნის დემოკრატიზაციისაკენ შემობრუნებისათვის არის სწორი და აუცილებელი. მისი სიტყვები – „ჩემთვის იდეალურია პარლამენტი, სადაც სამი პარტიაა და არც ერთს მათგანს არ აქვს 50%. ორპარტიული პარლამენტი არ მიმაჩნია საუკეთესო ვარიანტად. ოთხიც შეიძლება იყოს, ხუთიც და მეტიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტში ყველაზე ეფექტური იქნება სამი პარტია“ – იმის დასტურია, რომ ივანიშვილი რეალურად დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეა. ამავე მოსაზრებამ განმიმტკიცა ის შეხედულებები, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგახსენებთ.

 

 

როგორ შევქმნათ  ნამდვილი პოლიტიკური პარტიები

დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური პარტიების უკანასკნელ 20–წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, ადვილად შესამჩნევია, რომ ამ მხრივ უამრავი გადაუჭრელი პრობლემა დაგროვდა, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების არაჯანსაღი ატმოსფერო შეიქმნა. თითქოს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას კანონმდებლობაც არეგულირებს, მაგრამ აშკარაა, რომ აღნიშნულმა კანონმდებლობამ პოლიტიკური ცხოვრების ეს აუცილებელი ინსტიტუტი იმ სათანადო დონემდე ვერ მიიყვანა, რაც ქვეყნის ინტერესებისთვის არის საჭირო. 

 

როგორც ჩანს, მომწიფდა ახალი კანონმდებლობის საფუძველზე ამ სფეროს უფრო გონივრულად მართვა და რეგულირება, რომ აღარ განმეორდეს ისეთი მოვლენები, რაც პარტიებთან დაკავშირებით გაგვაჩნია. კერძოდ ის, რომ პარტიების უმრავლესობა მტკიცედ ჩამოყალიბებული რომელიმე  იდეოლოგიის მატარებელი და საზოგადოების გარკვეული  მსოფლმხედველობის მქონე სოციალური ფენების  ინტერესების  გამომხატველი კი არ არის, არამედ ძირითადად ერთი პოლიტიკური ლიდერის გარშემო შემოკრებილ ადამიანთა ჯგუფს წარმოადგენს. უმრავლეს შემთხვევაში ამ ლიდერებს ქვეყნის საკეთილდღეოდ მისი დემოკრატიული  განვითარების  რაიმე კონკრეტული პროგრამა და სურვილი კი არ გააჩნიათ, არამედ, უპირატესად, ხელისუფლების რაც შეიძლება ხანგრძლივად ხელში ჩაგდების ფარული ეგოისტური მიზნები ამოძრავებთ. ამიტომაც არის, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოხვდებიან, მაშინვე საკუთარი ძალაუფლების უკანონო გზებით განმტკიცებაზე ზრუნავენ. თავიანთ გარშემოც უმეტესად იმგვარი  ფსიქიკის ადამიანებს იკრებენ, რომლებიც უსიტყვოდ, უკრიტიკოდ ეგუებიან ლიდერის ყოველ ახირებას და პოლიტიკურ უფსკრულში გადავარდნამდე ბოლომდე მიჰყვებიან მას. ამის მიზეზია თავად პარტიებში პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული მმართველობითი სისტემის არარსებობა და მათი სტრუქტურების რეალურად ბოლშევიკური კომუნისტური პარტიის მსგავსად ე.წ. ვითომ დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპზე აგება.

 

წესად არ არის მიღებული დებატები შიდაპარტიულ სტრუქტურებში ახალი, ნიჭიერი კადრების გამოსავლენად. პარტიულ ყრილობებზე  თანამდებობების პირებად  კანდიდატების არჩევა ნამდვილი  კონკურენციის გარეშე, ფორმალურად ხდება. რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც კი, ხშირად, განსხვავებული აზრის დათრგუნვით, ღია კენჭისყრით მიიღება. 

 

ამიტომაც არის, რომ ჩვენს სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებს ათწლეულობით ერთი და იგივე სახეები განაგებენ თავიანთი კასტური წესით ჩამოყალიბებული ბიუროკრატიული აპარატებით. ამგვარ პარტიულ გამოცდილებას ნერგავენ შემდგომ ეს პარტიული ლიდერები სახელმწიფო სტრუქტურებშიც, ხოლო სახელისუფლო რეჟიმის მმართველობის დასრულების შემდეგ  ამგვარი ლიდერის პოლიტიკური კარიერის დასასრული იწვევს მის გარშემო გაერთიანებული, მანამდე ვითომც და რკინისებური  დისციპლინისა და ყველაზე გავლენიანი პარტიის პოლიტიკური ასპარეზიდან სრულ გაქრობას. ასე მოხდა ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდის“  კოალიციისა და ასევე, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ შემთხვევაში.  დიდი წინასწარმეტყველება არ სჭირდება, რომ ანალოგიური გაქრობა ელოდება „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ.

 

ამგვარი პარტიული ინსტიტუტების ნაკლი ისიც არის, რომ ყველა, ვისაც ორიოდე ზედმეტი თეთრი გაუჩნდება ჯიბეში და თან პირველობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების  ეგოისტურ ვნებებს ვერ უმკლავდება, ახალ პარტიას აფუძნებს. დღეს იუსტიციის სამინისტროში 200–ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული მაშინ, როცა  ტერიტორიითა და მოსახლეობით საქართველოზე ბევრად დიდ  ქვეყნებში რამდენიმე პარტია  ფუნქციონირებს და ისინი მშვენივრად ახერხებენ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების წარმართვას.

 

პარტიების ასეთ არანორმალურ სიმრავლეს შედეგად მოაქვს ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების უაზრო დანაწილება–დაფანტვა, რის მიზეზიც არის ამ პარტიების დიდი უმრავლესობის აშკარა სისუსტე. ამავე დროს, პარტიების ასეთი განუზომელი რაოდენობა იწვევს თავად ამომრჩევლის დაბნევას და მათ მიმართ გულაცრუებას, რადგან მათი უმრავლესობა ერთი და იგივე იდეოლოგიის მატარებელია და არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, გარდა მასში მოღვაწე პერსონებისა. ამიტომაც არის, რომ ზოგჯერ პარლამენტში ან საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული პარტია, მიუხედავად დიდი გაყალბებისა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 25–30%–ს იღებს, ხოლო დანარჩენი ხმები ნაწილდება სხვა პარტიებს შორის, რომელთა უმრავლესობა გარკვეული კვოტების დაწესების გამო საერთოდ ვერ ხვდება პარლამენტში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას მართავს პარტია, რომელსაც სინამდვილეში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს.

 

ეს კარგად იცის მმართველმა პარტიამ და ამ მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით  ქმნის და აფინანსებს ფსევდო–ოპოზიციურ პარტიებს, რათა ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის ხმები ნამდვილ ოპოზიციასთან სრულად არ მივიდეს და  ფსევდო–ოპოზიციაზე გადანაწილდეს, რაც სინამდვილეში ამ ხმების ისევ მის ყულაბაში მოხვედრას ნიშნავს. თან, ამ პარტიების პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნით არსებული რეჟიმი მეორე კურდღელსაც იჭერს – დემოკრატიული ხელისუფლების  ნიღაბს ირგებს დასავლეთის დემოკრატიული საზოგადოების თვალში.

 

როგორც ვხედავთ, ასე გაგრძელება საქვეყნო საქმის მიმართ დიდი უპასუხისმგებლობა იქნება. ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრების დამკვიდრებისათვის  აუცილებელი ხდება პოლიტიკური პარტიების  ფუნქციონალური მდგომარეობის გამოსწორება. ეს კი მხოლოდ დებატებითა და მოწოდებებით არ განხორცილდება. საჭიროა ამ ინსტიტუტების საქმიანობა დარეგულირდეს ახალი კანონმდებლობის საფუძველზე. ვინმეს შესაძლოა ეს არადემოკრატიულად მოეჩვენოს, მაგრამ  კანონი და სამართალი და, საერთოდ, სახელმწიფო იმისთვის იქმნება, რომ ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასარგებლო ქცევის წესები სავალდებულოდ შესასრულებელი გახადოს. თვითნებობასა და თვითრეგულაციაზე მიშვებულმა ამ საზოგადოებრივმა სფერომ სასარგებლო შედეგები ვერ მოიტანა. ამიტომ, თუ კანონი დემოკრატიულ საზოგადოებაში სწორედ ამავე საზოგადოების კეთილდღეობისთვის სარგებლის მომტანი იქნება, მაშინ ანტიდემოკრატიულობის იარლიყის მიწებება ამგვარ კანონპროექტზე და ამის გამო მისი უარყოფა, ულოგიკობად წარმოჩნდება.

 

რაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტის ძირითად არსს, ცნობილია, რომ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში რამდენიმე გამოკვეთილი იდეოლოგია არსებობს. ესენია მემარჯვენე ლიბერალური, მემარცხენე სოციალისტური, ეროვნულ–კონსერვატორული, შესაძლებელია ცენტრისტული ბალანსირებული იდეოლოგიის აღიარებაც და ეკოლოგიის დაცვის, ე.წ. მწვანეების იდეოლოგიაც საკმაოდ აქტუალურია. მივიღეთ 5 ძირითადი იდეოლოგია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას წარმართავს და გამონაკლისი არც საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებაა.

 

არსებული იდეოლოგიების მონიშვნის საფუძველზე შემდეგი კანონშემოქმედებითი სამუშაო იქნება ჩასატარებელი. ამ ახალი კანონის მიხედვით უნდა შეიქმნას პარტიების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სამსახური, რომელმაც ამ ეტაპზე ეს იდეოლოგიები უნდა აღიაროს ძირითად პოლიტიკურ იდეოლოგიებად. უნდა მოხდეს ამ იდეოლოგიის მატარებელი 5 პოლიტიკური ორგანიზაციის თანაბარი რაოდენობით სოლიდური სახელმწიფო დაფინანსება. მათ უნდა გამოეყოთ ოფისები, სამსახურებრივი შტატები და ასე შემდეგ. არსებული ყველა პარტია და პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები უნდა გადანაწილდნენ თავიანთი პოლიტიკური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ამ 5 პარტიაში. ამის შემდეგ პარტიების ადგილობრივი და ცენტრალური სტრუქტურების ჩამოყალიბება უნდა განხორციელდეს კანონში გაწერილი მოთხოვნების სრული დაცვით და სახელმწიფო რეგულირების სამსახურის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნას გარკვეულ ვადებში შესაბამისი დებატების, კრებებისა და ყრილობების მოწვევის ორგანიზება და არჩევით თანამდებობებზე პირდაპირი და ფარული კენჭისყრები. ერთი ნაციონალური სატელევიზო არხის მთელი დრო უნდა გადანაწილდეს თანაბრად ამ პოლიტიკური პარტიების შექმნის პროცესისა და საქმიანობის გასაშუქებლად.

 

პარტიების საქმიანობის დარეგულირების ახალი წესის კიდევ ერთი დადებითი შედეგი იქნება ის, რომ პოლიტიკით დაინტერესებული ყველა ადამიანი ამ შიდაპარტიული დემოკრატიული მექანიზმების კონტროლისა და გაცხრილვის ქვეშ აღმოჩნდება და ასე ადვილი აღარ იქნება პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა, მედროვეებმა, ამორალურმა საეჭვო ადამიანებმა და დაჯგუფებებმა შეძლონ ჯერ მთელი პარტიის ხელში ჩაგდება და შემდგომ ხელისუფლების  სათავეში მოხვედრა. მაშასადამე,  პოლიტიკაში ამგვარი ბედის მაძიებლების  სააშკარაოზე გამოყვანასა და  პოლიტიკური კარიერის სურვილისა და შანსის  გაქრობას შეძლებს შიდაპარტიული მძაფრი კონკურენცია და ამასთან ერთად – თავისუფალი მედია, რომლის მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ მოუწევს პოლიტიკური საქმიანობა თითოეულ პიროვნებას.

 

არ არის გამორიცხული მომავალში საზოგადოების წინაშე ახალი იდეალები, ახალი ამოცანები და შესაბამისად სიცოცხლისუნარიანი ახალი იდეოლოგიები წარმოიშვას. ამიტომ მათი გავრცელება და დამკვიდრება ხელოვნურად რომ არ შეიზღუდოს, კანონმდებლობით ახალი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიის შექმნა დაშვებული შეიძლება იქნას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ახალი პარტიის საინიციატივო ჯგუფი  წინასწარ შეკრებს მის მხარდამჭერთა ხელმოწერებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მინიმუმი 20%–ის ოდენობით.

 

შესაძლებელია, ამჟამად  ბევრს უცხოდ და არაორდინალურად მოეჩვენოს პარტიული საქმიანობის რეგულირების შესახებ მოცემული წინადადებები, მაგრამ  მათი შემოღების შემთხვევაში, თანდათანობით, გარკვეული დროში ამ ახალი წესებით პარტიების საქმიანობა გახდება ტრადიციული და აქედან გამოდინარე, ყველასთვის მისაღები, რომელიც მთლიანად შეცვლის ქვეყანაში პოლიტიკურ  ატმოსფეროს და ბევრად ჯანსაღს, საინტერესოს და რაც მთავარია ქვეყნისთვის  მეტი სიკეთის მომტანს გახდის მას.

 

წერილის შემდგომ ნაწილში საუბარი გვექნება  უშუალოდ არჩევნების გზით ხელისუფლების რეალურად შეცვლისთვის ბრძოლის  კონკრეტულ პროექტზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ვფიქრობ, ბევრად გაიოლდება დასახული მიზნის მიღწევა.