პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს, დააკონკრეტოს, რომელ ეპოქაში იყო სამართლიანობა, რომელიც

პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს, დააკონკრეტოს, რომელ ეპოქაში იყო სამართლიანობა, რომელიც "ვარდების რევოლუციამ" დაანგრია

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა კი არა "რაღაც სხვა" ხდება. "არის ტერმინი სამართლიანობის აღდგენა - რომელი სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ?! აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში იყო სამართლიანობა და "ვარდების რევოლუციამ" ეს სამართლიანობა დაანგრია. ამ ლოგიკით, სამართლიანობა ყოფილა 2003 წლამდე, როცა შსს-ის მე-6 სართულიდან ხალხი ცვიოდა, როცა კახა თარგამაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ძალიან ბევრი მაშინდელი მაღალჩინოსანი ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყანას, თუ სამართლიანობა იყო 90-იან წლებში, როცა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტა "მხედრიონმა" თბილისში, ზუგდიდში, საქართველოს სხვა ადგილებში, თუ სამართლიანობა იყო კომუნისტური საბჭოთა კავშირის დროს, როცა ადამიანებს ციხეში ალპობდნენ, თუ 30-იან წლებში, როცა მთელი ქართული ინტელიგენცია გაანადგურეს, იქნებ 1924 წელს იყო სამართლიანობა, მეფის რუსეთის დროს, თუ მაშინ, როცა ილია ჭავჭავაძე მოკლეს?!", - განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

აღნიშნულ კონტექსტში ქვეყნის პირველი პირი მოქმედ ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, დააკონკრეტოს, რომელ ეპოქაში იყო საქართველოში სამართლიანობა, რომელიც "ვარდების რევოლუციამ" დაანგრია და რომელიც ახლა უნდა აღდგეს.