ვანო მერაბიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

ვანო მერაბიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ის დაკავებულია, ჯერჯერობით ბრალის წარდგენა ოფიციალურად არ მომხდარა. რამდენიმე მუხლზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თავს დამნაშავედ არცერთში არც ცნობს. უფრო მეტიც ამ ბრალდებას სასაცილოდ მიიჩნევს. სრულიად აბსურდულია. მას ედავებიან სამუშაოს მაძიებელთა ბაზების შედგენასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, გამოძიებას ჰქონდა კითხვა, რატომ იყო 70 წელს მიღწეული ადამიანები იმ ბაზების შექმნაში დასაქმებული. მას ან დღეს ან ხვალ ბრალს წარუდგენენ. იქ დაზუსტებული იქნება მუხლები", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ბრალის დამტკიცების შემთხევევაში თავისუფლების 7-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილს უახლოეს მომავალში დამატებითი ბრალდება 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეების გამო წარედგინება.

ვანო მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. პროკურატურის ცნობით, ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.