დავით ბაქრაძე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს

დავით ბაქრაძე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს "უსუსურს" უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაპატიმრება "უსუსური ბრალდებებით მოხდა". 

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის, რომ მათი ლიდერების დაპატიმრება მოხდა 21 000 ადამიანისთვის ხელფასის გადახდის გამო, სამარცხვინოა. "თუ ეს მთავრობა 4 მილიონ ადამიანს გადაუხდის ხელფასს, ჩვენ ამაზე თანახმა ვართ და პირობას ვდებთ, რომ არ დავიჭერთ",-აღნიშნა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, ბრალის წარდგენისას ერთ-ერთი მომენტი იყო მიუღებელი, რადგან, 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილს ოფიციალურად ბრალი არ წარდგენია, თუმცა განაცხადეს, რომ ამ საქმეებში მისი ბრალეულობა იკვეთება. "პროკურატურას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ წარუდგინონ ბრალი მერაბიშვილს, თუ მართლა გამოკვეთილია მისი ბრალი ამ საქმეებში, მაგრამ ვფიქრობ, ამ საქმეების ხსენებით ხდება საზოგადოებაში ემოციური ფონის შექმნა. ნუ მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით!",-განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" სამომავლო გეგმები არ იცვლება, პარტია აგრძელებს მუშაობას იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება. "ჩვენ გავაგრძელებთ ოპოზიციურ ბრძოლას და შედეგი იქნება საქართველო, სადაც ადამიანებს ხელფასის დარიგებისთვის არ დააპტიმრებენ", - დასძინა ბაქრაძემ.