"სამწუხაროა, თუ ასეთი პრეზიდენტი დავკარგეთ, მაგრამ კანონს უნდა დავემორჩილოთ"

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლომდე არაფერი უნდა ვამტკიცოთ. 

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს ექსპერტთა კლუბში გამართული შეხვედრის შემდეგ მერაბიშვილის დაკავების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა. 

"მერაბიშვილი დააკავეს თუ დაიბარეს? ჩემგან რას ელოდებით? მე ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ სასამართლოს. კითხვები არსებობს წინა ხელისუფლების მიმართ, მათ შორის, მერაბიშვილის მისამართით. სანამ სასამართლო არ იქნება, არაფერი უნდა ვამტკიცოთ", – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო, ივანიშვილის თქმით, "სამწუხაროა, თუ ასეთი პრეზიდენტი დავკარგეთ, მაგრამ კანონს უნდა დავემორჩილოთ".

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, ივანიშვილის თქმით, ეს იმდენად სუსტი ბრალდებაა, რომ ვეღარც იყენებენ.

მისივე განცხადებით, საქართველოში პოლიტკური დევნა არ ხორციელდება და ის ამას არც დაუშვებს.