გიორგი თევდორაძე:  მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს

გიორგი თევდორაძე: მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი შეთითხნილ და საფუძველმოკლებული ბრალდებებით დააკავეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თევდორაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, "ხელისუფლება აზრზე არ არის რა უნდა გააკეთოს".

"ეს აბსურდული ქმედებები ხელისუფლებას აუცილებლად დაუბრუნდება უკან, თან ძალიან ცუდად. სამართლებრივ განცხადებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მოსახლეობის კონცენტრაციის გადატანა სხვა თემატიკაზე და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გარეშე დატოვება", - აღნიშნა თევდორაძემ.

პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა.
საგანგებო ბრიფინგი ქუთაისის პროკურატურაში გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, დაპატიმრება დასაქმების სახელმწიფო პროგრამას და 26 მაისის მოვლენებს უკავშირდება.