"პრეზიდენტობის არანაირი სურვილი, არც ცოდნა, არც ინტერესი არ მაქვს"

ბიზნესმენ ლევან ვასაძის მტკიცებით, მას პრეზიდენტობის არანაირი სურვილი, ცოდნა და ინტერესი არ გააჩნია.

ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას განაცხადა. კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ფინანსური კავშირი 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით, მან უპასუხა, რომ ეს ისეთივე ცილისწამებაა, როგორც მისი პოლიტიკური ამბიციების ქონა.

"მე მრევლის წევრი ვარ - არც ისე ეკლესიური, ღრმად ცოდვილი. ჩემი მხარდაჭერა ეკლესიისადმი გამოიხატება იმ შეწირულობებში, რომლებსაც მრევლის ყველა წევრი თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეკლესიის დასახმარებლად გაიღებს. ეს ისეთივე ცილისწამებაა ჩემს მიმართ, როგორც ჩემი პოლიტიკური ამბიციების ქონა, პრეზიდენტობის ნდომა, რუსეთთან შეკვრა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. ეს ჩემი ჯვარია და საიდან გავეხვიე ამ შარში, არ ვიცი, მაგრამ ეტყობა უნდა შევეგუო ამას. მე ამას ვიტან, რამდენადაც ვაჟკაცობა მყოფნის უდრტვინველად და არ ვპასუხობ ამ ინტერნეტ-ანონიმებს, რომლებიც მლანძღავენ და მათთვის ვლოცულობ. ერთია შენდობა, მაგრამ როდესაც ერის ნორმებს და სიწმინდეებს შეურაცხყოფენ, არ გვაქვს უფლება იმის, რომ ჩუმად ვისხდეთ და ყურადღება არ მივაქციოთ, რადგან თუ ამას ვიზამთ, ეს გარყვნილება ჩვენს სახლებში შემოვა", - განაცხადა ვასაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტობის სურვილი არ გააჩნია და თუკი რამეს გადაწყვეტს, ამას საჯაროდ განაცხადებს.

"მთელი ეს წლები, "ვარდების რევოლუციიდან" მოყოლებული ვრცელდება ეს ჭორები, მიკითხავს და ჩემთვის უთქვამთ, რომ მიხეილ სააკაშვილს კონკურენტად მივაჩნდი. მას საერთოდ მემგონი ყველა კონკურენტად მიაჩნდა და ეს პრევენციული სახის პროფილაქტიკური ღონისძიებები იყო ჩემს მიმართ, მათ მიერ კონტროლირებადი პრესის მიერ. ახლა ეს უკვე ინერციაა, 9 წელი რომ ამბობენ, რომ პრეზიდენტობა გინდა და ამდენი წელი ვამბობ, რომ არ მინდა. სასაცილოა, რომ მაინც ვრცელდება ხმები. ახლაც იმავეს ვამბობ, მაგრამ ვიცი, რომ შედეგი არ იქნება, გავა ერთი თვე და ვინმე შტერი გაზეთი დაწერს, რომ მე პრეზიდენტობა მინდა. საჯარო პირობას ვდებ, რომ ამ საქმის არანაირი სურვილი, არც ცოდნა, არც ინტერესი არ მაქვს. ჭირივით მეზარება სტუდიაში მისვლა და გადაცემებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნია, მაგრამ თუკი მე გადავწყვიტე, რომ ამ საქმეზე წავიდე, ახლავე ვდებ პირობას, გამოვალ და ვიტყვი, არ დავიმალები", - განაცხადა ვასაძემ.