"დავფიქრდეთ იმაზე, ვინ დაამთხვია 17 მაისის აქცია პატრიარქის ქვეყნიდან წასვლას"

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, ‘’სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ცხოვრება არის წამება და მისთვის ახალი არა არის რა.

ამის შესახებ ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" სტუმრობისას, კითხვის - "17 მაისი იყო თუ არა ძალის დემონსტრირება ეკლესიის მხრიდან?" – საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ვართ ერთ-ერთ იშვიათი ქვეყანათაგანი დედამიწაზე, სადაც მოქმედებს კონკორდატი, ანუ კონსტიტუციური შეთანხმებაა ორ თავნასწორუფლებიან სუბიექტს შორის – საერო სახელმწიფოსა და ეკლესის შორის. ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობის მთელი წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მის დაუღალავ მცდელობას, ყველა სახის, ყველა ჯურის მმართველობას შეუთანხმდეს, დაემორჩილოს და დაამშვიდოს, მაგრამ არის რაღაცა საზღვრები, რომლის იქითაც შეთანხმება შეუძლებელია. იერუსალიმში ან ვატიკანში გარყვნილების აღლუმს ვერ ჩაატარებთ, ფლეშმობს, საჯარო დემონტრაციას გარყვნილებისა წმინდა ადგილებში ვერ ჩაატარებ. ქართველებისთვის კი მცხეთა-თბილისი არის იერუსალიმი, ვატიკანი და რაც გნებავთ", - განაცხადა ვასაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე - "ჩავარდა თუ არა უხერხულ მდომარეობაში პატრიარქი" ვასაძემ აღნიშნა, რომ უწმინდესის ცხოვრება არის წამება და მისთვის ახალი არა არის რა.

"მოდით დავფიქრდეთ იმაზე, თუ ვინ მოაწყო ეს სპექტაკლი და ვინ დაამთხვია ასე პატრიარქის ქვეყნიდან წასვლას. ვის ინტერესებში შედიოდა, ასეთი შუბლით შეჯახება საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის. შემიძლია, ვივარაუდო, რომ ეს შედიოდა აწ განსვენებული პოლიტიკური რეჟიმის ინტერესებში, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებიც აქ აფინანსებენ უზნეობისა და გარყვნილების ქადაგებას. ეკლესიისა და ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ინტერესებში რომ არ შედიოდა, ჩემთვის ეს აბსოლუტურად ცხადია. ვიჯექი და ვგულშემატკივრობდი ყველა ჩვენს სახელმწიფო მოხელეს – პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული, პრემიერით დამთავრებული როგორ ცდილობდნენ ისინი, რომ არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური", - განაცხადა ვასაძემ.