პარლამენტი იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევ კონკურსს იწყებს

პარლამენტი იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევ კონკურსს იწყებს

დღეიდან, პარლამენტი, მის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრისა და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ორი წევრის ასარჩევ კონკურსს იწყებს. 

შესაბამისი განცხადება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოაქვეყნა.

პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, "საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2013 წლის 31 მაისის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი და საერთო

სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

წარდგინების შეტანა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა მოხდეს.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკუთრივ მოსამართლე წევრებს, საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონში და მასთან ერთად, კიდევ სამ კანონში გახორციელებული ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმოწერით უკვე ძალაშია.