თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე The Economist სტატიას აქვეყნებს

თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე The Economist სტატიას აქვეყნებს

თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე სტატიას აქვეყნებს ბრიტანული გამოცემა The Economist. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასეთი მტრული რეაქცია გასულ წელს საქართველოში გამართულ მწვავე არჩევნებსაც კი არ მოჰყოლია. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი აქტივისტები აქციის გამართვას გეგმავდნენ. ამის საპასუხოდ, რამდენიმე ათასი ქართველი, საეკლესიო პირებთან ერთად, კონტრდემონსტრაციის გასამართად შეიკრიბა. თუმცა აქცია, რომლიც ხელისუფლების აზრით, მშვიდობიანად ჩაივლიდა, ძალადობაში გადაიზარდა. გაშმაგებულმა ბრბომ აქციის დასარბევად პოლიციის კორდონი გაარღვია. პოლიციამ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები ავტობუსებში მოათავსა თავდასხმისგან დასაცავად. თუმცა, საბოლოო ჯამში, 28 ადამიანი დაშავდა, 14 მათგანი კი ჰოსპიტალში მოხვდა. 

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამას ვერც კი იფიქრებდა. "14 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც ჩვენ და საზოგადოება თანდათანობით შეეცვევა მათ. 2012 წელს გამართული მსგავსი აქცია ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა და მათ ორთოდოქს ოპონენტთა შორის შეხლა-შემოხლით დასრულდა. ასე რომ, ამჯერად პრემიერმა პირობა დადო, რომ პოლიცია უმცირესობების უფლებებს დაიცავდა", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

მაგრამ 16 მაისს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა ილია II-მ აქციის გაუმართაობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "ეს იქნებოდა უმრავლესობის უფლებების შეურაცხყოფა და დარტყმა მათ ტრადიციებზე, რელიგიასა და მრწამსზე". მისივე განცხადებით, "ჰომოსექსუალიზმი უდიდესი ცოდვაა".

"ამ სიტყვებით გამხნევებული ორთოდოქსი აქტივისტებისა და მღვდლების მცირე ჯგუფმა არმე პარლამენტის შენობის წინ გაათენა. დილით კი მათ ათასობით კონტრდემონსტრანტი შეუერთდა", - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლიციას და განაცხადა, რომ აქციის ძალადობრივი დარბევისას 20 პოლიციელი დაშავდა.

"თუმცა, რაც არ უნდა იყოს, პოლიცია მოუმზადებელი იყო. ქართველი არასამთავრობოები კი აცხადებდნენ, რომ პოლიციამ ბევრი ვერაფერი გააკეთა აქციის მონაწილეების დასაცავად", - წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართულ საზოგადოებაში ჰომოფობია ღრმად ფესვგადგმულია. 2011 წლის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 88%-მა განაცხადა, რომ ჰომოსექსუალიზმს ვერასდროს გაამართლებენ.

"ახლა მთავარი კითხვა ისაა, როგორ რეაგირებას მოახდნეს ხელისუფლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაგმო ძალადობა და პირობა დადო, რომ "კანონის შესაბამისად" გაუსწორდება დამნაშავეებს. ახლა სწორედ ამის დასაწყისია. შესაძლებელია კი მღვდელი წარდგეს სასამართლოს წინაშე? მაღალი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელია. ბოლოს და ბოლოს, ანაფორაში შემოსილი პირები ძალადობის ეპიცენტრში იყვნენ. თუმცა, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ", - ნათქვამია The Economist-ის სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკლესია ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუციაა, პატრიარქი კი - ყველაზე სანდო საჯარო პირი, ქართველი პოლიტიკოსები ერიდებიან მის გაკრიტიკებას. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს შორის ხანმოკლე ომის შემდეგ, საქართველოს წინა ხელისუფლებამ გაასამმაგა ეკლესიის ფინანსური დახმარება.

"17 მაისს მომხდარი ძალადობის შემდეგ, ჰომოსექსუალთა უფლებების დაუცველობა ხელისუფლების ევროპისკენ სწრაფვას შეაფერხებს. ბიძინა ივანიშვილმა უფრო მეტი ვალდებულება უნდა აიღოს მომავალ წელს მსგავსი აქციის უფრო ეფექტიანად დაცვაზე. სხვა შემთხვევაში, 2013 წლის 17 მაისი საქართველოში არა როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ მასზე გამარჯვების დღედ შევა", - ნათქვამია სტატიაში.