"ნინო ბურჯანაძე "ქართულ ოცნებასთან" კონფრონტაციაში არ შევა"

"ხალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" კონფრონტაციაში არ შევა.

როგორც გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული ოცნება" პირველ რიგში, არის ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ რეჟიმის დამარცხება, დასაფასებელი და პატივსაცემია.

"სახალხო კრება" უკვე დიდი ხანია, ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობს. მე თავიდანვე მახსოვს ხალხის უარყოფითი რეაქცია მის მიმართ, მაგრამ მალე აგრესიული სტვენა ტაშში გადაიზარდა. ბურჯანაძესთან კრიტიკული კითხვები ჩვენც გვქონდა, თუმცა მისგან პასუხები მივიღეთ. უშეცდომო ადამიანი, მით უმეტეს პოლიტიკოსი არ არსებობს. მთავარია, მან შეცდომა აღიაროს. ბურჯანაძეს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, განათლებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ ფუნქციას რაც საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა საერთაშორისო ასპარესზე უნდა განახორციელოს, ბურჯანაძე ყველაზე კარგად შეასრულებს. ის "ქართულ ოცნებასთან" კონფრონტაციაში არ შევა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, კარგად იცით, რომ ის თავიდან "დემოკრატიულ მოძრაობასთან" თანამშრომლობდა და ბურჯანაძესთან ახლაც კარგი ურთიერთობა აქვს", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერი ნელ-ნელა საკუთარ სახეს მიიღებს.

გაფრინდაშვილის თქმით, დამნაშავე მხარესთან კოჰაბიტაცია არ შეიძლება.

ამასთან, იგი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა, კანდიდატურა მოხსნას.

"აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რომ "დემოკრატიულ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის საპრეზიდენტო კანდიდატზე არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს, მაგრამ თუ კოალიცია კანდიდატურას მოხსნის, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ნინო ბურჯანაძეზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მან რეჟიმის დასამარცხებლად მთელი თავისი ოჯახი გაწირა და ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.