იუსტიციის სამინისტროში აქცია:

იუსტიციის სამინისტროში აქცია: "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში დღეს აქცია - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს შეეძლო, რომლებიც დონაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. 

სამინისტროს სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, დეპარტამენტებისა და სამმართველოების თანამშრომლებმა სისხლის ბანკისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქციაში - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე", იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც ჩაერთვნენ.

"ჩვენი დღევანდელი აქცია იმ ადამიანების გადარჩენას ისახავს მიზნად, რომელთათვისაც სისხლის დონაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. დაძაბული სამუშაო დღის რეჟიმის გამო, მე და ჩემი კოლეგების უმეტესობა, სურვილის მიუხედავად, ძნელად მოვახერხებდით, ასე ორგანიზებულად ვწვეოდით რომელიმე სამკურნალო დაწესებულებას და სისხლი გაგვეღო სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ მადლობელი ვარ სისხლის ბანკის, რომლის წარმომადგენლებიც თავად მოვიდნენ სამინისტროში და საშუალება მოგვცეს, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სისხლით ქველმოქმედებაში", - განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ აქციაში – "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" ჩაბმის სურვილი არაერთ დაწესებულებას გაუჩნდება.