"ნაციონალური მოძრაობა" მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს

საპარლამენტო უმცირესობა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის და კახეთის გუბერნატორის დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. 

როგორც იმერეთის სამხარეო პროკურატურასთან, უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გადასაფარად აკეთებს.

"იმის მაგივრად, რომ დასაქმების პროგრამა გააგრძელონ და ამ პრობლემას სრულფასოვნად მიხედონ, ოპოზიციას დევნიან", - აღნიშნა გაბაშვილმა.

იმერეთის სამხარეო პროკურატურაში ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი, ზურაბ ჭიაბერაშვილი იკითხებიან.

ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად პროკურატურასთან შეკრებილები არიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები, იმერეთის გუბერნატორი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო პროკურატურაშია დაბარებული დღეს, 14:00 საათზე კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე დაკითხეს.